მესმის ქალების სიეშმაკე და მშვიდად ვიღებ მას. 50 წლის შემდეგ უკვე შესაძლებელია, რომ მოდუნდე და ცხოვრებით დატკბე, მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება თავგადასავალია. ნებისმიერი მოვლენა თავისთავად ნეიტრალურია. მნიშვნელოვანია, რა ფერებში შეგვაქვს ჩვენ მასში, ან რა ფრად ვაფერადებთ.
50 წლის შემდეგ მიხვალ იმ აზრამდე, რომ ყველა ადამიანს სურს იყოს ბედნიერი და მას აქვს ამის უფლება. ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე კი შეცდომებს ყველა უშვებს. ყველა, გამონაკლისის გარეშე. ქალები ერთ რამეში უშვებენ შეცდომას, მამაკაცები სხვა რამეში. 50 წლის შემდეგ, ყველა ეს შეცდომები უკვე ცნობილია და შეგიძლიათ უბრალოდ დააკვირდეთ.
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის ერთი თვის მანძილზე, გაცნობის საიტზე ერთ ქალს ვესაუბრებოდი. უფრო სწორად, ჯერ გაცნობის საიტზე, შემდეგ კი მესენჯერში. ფოტოზე ქერათმიანი ქალი იყო, სასიამოვნო შესახედი, კარგი ფორმებით. დიახ, მე კაცი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალს მიმზიდველი ფიგურა და გარეგნობა ჰქონდეს.
პატარა აღარ ვარ და უკვე ვიცი, როგორ უნდა მივიღო სიამოვნება ქალებთან კომუნიკაციით: ფიზიკური, ინტელექტუალური, სულიერი ურთიერობით. სიახლოვე მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მინდა ვიპოვო ჩემი – ჩემთვის ახლობელი. ისე, რომ ადამიანს ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება და სიამოვნებს.
კარგი იქნებოდა, რომ მალევე დავქორწინებულიყავი, სტატუსი შემეცვალა. მაგრამ ყველაფერი ერთდროულად არ ხდება, ყოველ შემთხვევაში მე ჯერ ვერ შევხვდი.
თუ ქალი გარეგნულად არ მომწონს, მაგრამ მასთან ყოფნა სახალისოა და გონიერიც არის, მაშინ მისი გარეგნული მიმზიდველობა მეორე პლანზე გადადის, მესამეზე თუ არა. გეგმები მარტივია – ჯერ ურთიერთობით მიღებული სიხარული, შემდეგ კი – საით წაგვიყვანს ეს ყველაფერი.
ამიტომ, ქალებს გარეგნობით არ ვაფასებ. ყველა ადამიანი ადამიანია და ყველას სურს იყოს ბედნიერი. და ყველა იმსახურებს ამას. მიუხედავად სილამაზისა, ინტელექტისა და მდიდარი შინაგანი სამყაროს არსებობისა. ყურადღება მივაქციე იმ ფაქტს, რომ რაც უფრო მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს ადამიანს, მით უფრო უბედურია. ან ნევროზი აქვს!
არიან ქალები, რომლებთანაც ჩემს თავს ახლო ურთიერთობაში ვერ ვხედავ. სხვადასხვა მიზეზის გამო, არა მხოლოდ ქიმიის გამო. უმეტეს შემთხვევაში, აუცილებელია რომ პატივი ვცეთ ქალების გრძნობებს, რათა მოგვიანებით მორალურად ცუდად არ ვიგრძნოთ თავი. ცუდი შეგრძნებაა, დამეთანხმეთ.
მაშ ასე, ჩვენ ვურთიერთობდით და ის საბოლოოდ დამთანხმდა პაემანზე. პაემანის ამდენი ხნით გადადებამ მაშინვე მაფიქრებინა, რომ ის დროს ტყუილად არ ჭიმავდა. რაღაცისთვის მზად უნდა ყოფილიყო, ისევე, როგორც მე.
შეხვედრა ჩვეულებრივი იყო, როგორც ყოველთვის: კაფე, ვარდი. ვზივარ ველოდები.
მიახლოვდება ქალი და დარცხვენით მე მკითხულობს.
არაფერი საერთო ფოტოსთან. ფიგურა – მსხალი, განიერი თეძოები, პატარა მკერდი. სახე ფერმკრთალი, თმა მოთეთრო. ლამაზი არ არის. ეს ჩემი შეფასებაა? დიახ. ჩემი შეგრძნებები? არა. ამას მხოლოდ მკითხველისთვის აღვწერ.
ვხედავ, რომ თავს ძალიან უხერხულად გრძნობს, მორცხვად ლაპარაკობს. მე მას ვუღიმი, დასაჯდომად ვპატიჟებ და ვამშვიდებ სიტყვებით: “ყველაფერი კარგადაა“. მესმის, თავს როგორ გრძნობს. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე არ მაინტერესებს კონტრასტი იმას შორის, რაც მაჩვენეს და რაც არის. ადამიანი მოვიდა და კარგად ხვდება, რაც გააკეთა. არა უშავს, ჰქონდა ამის უფლება.
მშვენივრად მესმის, რომ თუ წავიდოდი ან მას გავაგდებდი, მაშინ ის ინერვიულებდა და დამშვიდდებოდა, მე კი მას თითქოს განვუმტკიცებდი შეხედულებას საკუთარ თვითშეფასებაზე. იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ შეიძლება მოსწონდეთ მამაკაცებს.
სამი ქალიშვილი მყავს (გოგონების მამა ვარ და ამიტომ სენტიმენტალური ვარ და მეშინია ვინმეს წყენინების) და მე ასე მესმის: ადამიანის გაუფასურება ადვილია, მით უმეტეს, ქალის, რომელსაც ისედაც დაბალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. მაგრამ როგორ მოვიქცეთ ისე, რომ ვისიამოვნოთ კომუნიკაციით, არ გავაგრძელოთ იგი და არ ვატკინოთ ადამიანს.
ვერ ავალაპარაკე, ეტყობოდა, რომ სხვა რამისთვის იყო მზად და დაბნეული ჩანდა. ყავა შევუკვეთე, ვკითხე, ყავასთან რა უნდოდა. ვარდზე უცნაური რეაქცია ჰქონდა, უბრალოდ აიღო და თავისთან გადადო.
საუბარი ვერ აეწყო. ვინაიდან ინსტიტუტში ფარმაკოლოგია და ბიოქიმია გვქონდა და მე სპორტდარბაზში ვვარჯიშობ, ჩემთვის საინტერესო იყო საუბარი სპორტულ კვებაზე, პრეპარატებზე და ა.შ. ასე გამოვნახეთ სალაპარაკო თემა. ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება რაღაცაზე საუბარი, მთავარია თემა გამონახო.
ჩემი შეგრძნებები? მისგან იგრძნობოდა სისუფთავე და კარგი აღზრდა, უხერხულობა და გაუბედაობა. მიმზიდველი თვისებებია, მაგრამ მე ძლიერი მამაკაცი ვარ, ცხოვრება მინახავს და ბევრჯერაც მოვტყუებულვარ ამ თვისებებით.
მან ბოდიში მოიხადა ფოტოთი მოტყების გამო.
მითხრა, რომ აფთიაქში მუშაობს, სადაც მხოლოდ გოგოები არიან. გათხოვილი არ ყოფილა, მაგრამ ჰყავს ვაჟი, 17 წლის. თავად 43 წლის არის. ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც სულ ავად არის.
ჩვეულებრივი ქალის ისტორია, რომელსაც სურს პირადი ბედნიერება და რომელმაც არ იცის როგორ მიაღწიოს მას. მას მშვენივრად ესმის, რომ არავის სჭირდება ის შვილთან და ავადმყოფ დედასთან ერთად და არც გარეგნულად არის მიმზიდველი.
კაფეს შემდეგ გასეირნება შევთავაზე. თურმე იქვე ახლოს ცხოვრობდა. მან ყვავილი სახლში შეიტანა და სანაპიროზე წავედით. ადრიანი შემოდგომა იყო, ირგვლივ სილამაზე, ნელ-ნელა დავიწყეთ საუბარი.
ბევრი გატაცება არ ჰქონდა, უფრო ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო ჩაძირული. დედაზე ზრუნვა, იმაზე ფიქრი, რომ შვილს სწავლა გაეგრძელებინა.
ჩემი აზრით, მსგავს სიტუაციაში უბრალოდ უნდა გაისეირნო და დაელაპარაკო ადამიანს. ის, რომ საუბარი მარტივად არ ეწყობა, იმაზე მეტყველებს, რომ მომავალში უფრო რთული იქნება. პირველ პაემანზე სიახლის ეფექტია, შემდეგ კი სირთულეები იქნება. ან იქნებ არც იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე მაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ურთიერთობის გაგრძელებას არ ვაპირებ, მაგრამ არც მინდა, რომ სიმართლით ვაწყენინო ადამიანს. რადგან რაც არ უნდა ვუთხრა, ის ამას იმ რწმენის დასადასტურებლად გამოიყენებს, რომ ის ქალური ბედნიერების ღირსი არ არის.
სახლამდე მივაცილე და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
გრძნობებსა და ურთიერთობებში ხან რბილი უნდა იყო, ხან კი მკაცრი. უსინდისობაა უბედური ადამიანისთვის იმედის მიცემა.
შემდეგ ეს სიტუაცია მესენჯერში განვიხილეთ. დაახლოებით ერთთვიანი კომუნიკაციის შემდეგ ვუთხარი, რომ ქალი გავიცანი (სინამდვილეში არა), მაგრამ ჩვენ ისევ გვაქვს ურთიერთობა.
ხანდახან ერთმანეთს სასაცილო სურათებს ვუგზავნით. იგი გაიხსნა ურთიერთობაში, რადგან მას ვაქებდი. მე მიყვარს ქება, ეს ცხოვრებაში ყველას სჭირდება.
გულში გარკვეული უკმაყოფილება მაქვს საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერში დავადანაშაულებ. საჩემო ქალი არ არის.
ის უბრალოდ კარგი ადამიანია. ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ თუ ის საკუთარ თავზე იმუშავებდა, არ შეიცოდებდა საკუთარ თავს და ყველა ძალისხმევას გამოიყენებდა საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად, მაშინ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
ის, რომ მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლებოდა – ფაქტია. ჩემთან ერთად არა, მაგრამ აუცილებლად შეიცვლებოდა. მაგრამ, მას არ სურს არაფრის შეცვლა. ამიტომაც არ მოხდა ჩვენს შორის ქიმია. მის გარეგნობას კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.