ჩვენი შვილი უკვე ერთი წელია ნორვეგიაში დადის სკოლაში და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს განათლებას ასეთ დონემდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია

386

ნებისმიერი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ღირსეული მემკვიდრეების გაზრდა. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ბავშვების სწორად აღზრდასა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემაზე დიდ ძალისხმევას ხარჯავენ. ამასთანავე, თითოეულ მიდგომას საკუთარი თავისებურებები აქვს.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საუბარია ნორვეგიაზე და ადგილობრივ სასკოლო განათლებაზე. აქ ბევრი განსხვავებაა იმისგან, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეული. თუმცა, ყველა ეს “უცნაურობა“ ხელს არ უშლის ნორვეგიის განათლების სისტემას, რომ ეფექტურობით მსოფლიოში მაღალი ადგილები დაიკავოს.

ნორვეგიის შესახებ

“მოხდა ის, რომ ნორვეგიაში გადავედით საცხოვრებლად და ბავშვი სკოლაში აქ მივიდა. სწორედ საშუალო კლასები (მეხუთედან მეათემდე) მეჩვენება განსაკუთრებით საინტერესოდ. იმდენად საინტერესოა, რომ მინდა მათზე ვისაუბრო. ”- წერს ირინა.

მიჩნეულია, რომ მომავალი ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან როგორ იმუშაონ გუნდში. ამიტომ, აქ ყველა ბავშვს ასწავლიან იყოს გუნდის წევრი, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თანატოლებთან (და არა მარტო თანატოლებთან), ასწავლიან მუშაობას საერთო შედეგისთვის.

ყველას ისე ზრდიან, რომ თავი ლიდერად იგრძნოს. თავი ლიდერად იგრძნოს იმ საქმეში, რომელიც მას ყველაზე მეტად მოსწონს და რომლის მიმართაც ყველაზე მეტად არის განწყობილი.

ამ საგანმანათლებლო სამყაროში არ არსებობს რეიტინგები და საპატიო დაფები, რადგან აქ ყველა კარგია, მაგრამ თითოეული თავისებურად. ბავშვმა იცის, რომ მის წინაშე ნებისმიერი კარი ღიაა და მას შეუძლია გაჰყვეს ნებისმიერ გზას, თუ მზად არის მასზე იმუშაოს როგორც მასწავლებელთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.

სწავლა შეფასების გარეშე

მოსწავლეებს ნიშნებს მერვე კლასამდე არ უწერენ. მასწავლებელი თავად განსაზღვრავს კონკრეტული ბავშვის ცოდნის დონეს და ის თავად შეუსაბამებს სასწავლო გეგმას მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებების შესაბამისად. აქ მთავარია არა სკოლა, არა პერსონალი, არა ნიშნები, არამედ თავად ბავშვი.

მე-5-დან მე-8 კლასამდე ბავშვები მხოლოდ ცხრა საგანს შეისწავლიან: ინგლისურ ენას, ნორვეგიულ ენას, მათემატიკას, ტექნოლოგიას, ხელოვნებას, ბიოლოგიას, სოციოლოგიას, ფიზკულტურას, კვება და ჯანმრთელობას. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მერვე კლასელს ერთდროულად ორი ათეული საგნის შესწავლა უწევს. ორჯერ მეტი! კოლოსალური განსხვავებაა.

საშინაო დავალება, რომელიც ჩვენი მშობლებისათვის ასე მოსაბეზრებელია, ნორვეგიაში პრაქტიკულად არ არსებობს. მხოლოდ ხანდახან ბავშვს შეიძლება მისცენ ტექსტი, რომელიც ერთ კვირაში უნდა ითარგმნოს. ხანდახან ამოცანას აძლევენ ამოსახსნელად, რომლისთვისაც ასევე რამდენიმე დღეს აძლევენ.

რა თქმა უნდა, ჩვენს მშობლებს ასეთი მიდგომა მოეწონებოდათ, მაგრამ რას იტყვიან ჩვენი მასწავლებლები და სხვა საგანმანათლებლო მუშაკები? შეშფოთდებიან? იყვირებენ, რომ ასეთი სწავლით ბავშვს საერთოდ არაფერი ეცოდინება? ამდენი ნერვიულობა არ არის საჭირო, რადგან საერთაშორისო რეიტინგებში ნორვეგიის განათლება წლიდან წლამდე უმაღლეს ადგილებს იკავებს.

მთავარი თავისებურება

საგანმანათლებლო პროცესის მთავარი თავისებურებაა ის, რომ პროგრამაში ყველა საგანი ურთიერთდაკავშირებულია. ბავშვი სწავლობს არა ცალკეულ საგანს, არამედ მთელ ქეისს, რაც საშუალებას აძლევს მას ბევრი რამ გაიგოს ფიზიკაზე, ქიმიაზე, ალგებრაზე, გეომეტრიაზე, ასევე ამ საგნების ურთიერთკავშირზე.

მასალა წარმოდგენილია მარტივი და ხშირად მხიარული ფორმით. მოსწავლე არ არის გადატვირთული მასალით, მას არ აიძულებენ პარაგრაფების დაზუთხვას და რვეულების შევსებას. რადგან, რა აზრი ექნება იმას, თუ ბავშვი ათეულობით კონტურულ რუკას დახატავს, მაგრამ არასოდეს აითვისებს ისტორიასა და გეოგრაფიას შორის კავშირს?

მაგალითად, ნორვეგიის სკოლაში, სოციოლოგიის სწავლისას, მოსწავლე თავისთვის “შეუმჩნევლად“ სწავლობს პოლიტიკური პროცესების დინებას, გეოგრაფიას, მსოფლიო ისტორიას, პატრიოტულ განათლებასა და სამოქალაქო განათლების კურსს. ყოველი ასეთი ქეისი აყალიბებს ცოდნის მთელ ფენას, რომელიც ბავშვმა გაიაზრა და გააანალიზა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ვერ შეძლებს ამის დავიწყებას.

საინტერესოა ისიც, რომ ნორვეგიის მთელი ტექნოლოგიური ეფექტურობის მიუხედავად, აქ არ არსებობს საგანი, რომელიც იქნებოდა ჩვენი ინფორმატიკის ანალოგი. სამაგიეროდ სწავლის პროცესში ტექნოლოგიას მუდმივად გამოიყენებენ. მაგალითად, ბავშვებს შეუძლიათ ამოხსნან ამოცანა მათემატიკაში, შემდეგ კი ეს მონაცემები გადაიტანონ Excel-სა და PowerPoint-ში, შექმნან დიაგრამები და გრაფიკები და გააკეთონ პრეზენტაციები. და ეს ყველაფერი ერთი მასწავლებლის ხელმძღვანელობით.

საგანი „კვება და ჯანმრთელობა“ – ასევე არც ისე მარტივია. ამ დღეებში ჩემმა შვილმა შოკოლადის ნამცხვარი გამოაცხო. მასწავლებელმა ზედიზედ სამი გაკვეთილი შოკოლადს და კაკაოს დაუთმო: სად და როგორ იზრდება, როგორ გამოიყურება, როგორ კრეფენ, როგორ და სად გადის ექსპორტზე, რა იწარმოება მისგან, რა მიკროელემენტებს შეიცავს და რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ორგანიზმზე…

როგორც ხედავთ, ისწავლება გეოგრაფია, ქიმია, ეკონომიკა, ბიოლოგია და ანატომია. ამრიგად, ბავშვები თამაშით და სიამოვნების მიღებით სწავლობენ საჭმლის მომზადებას და იძენენ ცოდნას სხვადასხვა საგნებში. რომ იცოდეთ, როგორი სიამოვნებით აღწერდა ჩემი შვილი მთელ პროცესს – სასიამოვნო იყო მისი ყურება და მოსმენა, – აღფთოვანებით გაგვიზიარა ირინამ.

სწავლის ასეთი კომპლექსური მეთოდი საშინაო დავალების გარეშე – საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ ნორვეგიელი მოსწავლეები სკოლაში დიდი სიამოვნებით მიიჩქარიან. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სწავლისგან სიამოვნებას ღებულობდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს