რისგან შედგება ოჯახის ქონება? ერთად ნაყიდი მანქანა ან ნებისმიერი უძრავი ქონება, ძვირფასი ნივთები. ამ ყველაფერს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მომავალი უსაფრთხოების ბალიში შვილებისა და შვილიშვილებისთვის. მისი მეშვეობით ახალგაზრდა თაობა ცხოვრებაში თავს უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობს. ასე რომ, როდესაც განქორწინებისას ამ ყველაფრის გაყოფა ხდება საჭირო, ეს ყოველთვის ნეგატიურად აისახება ნათესავების ურთიერთობებზე.
ოჯახის თითოეულ წევს სურს, რომ მისი წილი ოდნავ მაინც უფრო მეტი იყოს ან ნაკლები მაინც არ იყოს სხვის წილზე. უცნაურია, მაგრამ ისე არაფერი აუცხოებს ახლობელ ადამიანებს, როგორც ქონების გაყოფა განქორწინების შემდეგ, ან ანდერძის გახმოვანება.
ადრე, მე და ჩემი და განუყრელი მეგობრები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე 6 წლით უფროსია. ირმას ჩემთვის ზურგი არასოდეს შეუქცევია, პირიქით, ყოველთვის მეხმარებოდა და მიცავდა ჩემს თანატოლებთან. მე კი, ჩემს მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი მის გამართლებას დედაჩემის წინაშე. ვიტყუებოდი, რომ ჩემი და ცეკვიდან უფრო ადრე მოვიდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ვამბობდი, რომ სკოლაში ის არავითარ ბიჭთან არ მეგობრობდა და ასე შემდეგ.
გათხოვების შემდეგ ჩემი და თავის ქმრის სახლში ცხოვრობდა, მის მშობლებთან ერთად. ჩვენ ისე ხშირად აღარ ვურთიერთობდით, თუმცა ერთმანეთთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებდით. მე დროდადრო ჩემს დას ვსტუმრობდი, მისი ქმარი ამის წინააღმდეგი არ იყო. მე მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დროის გატარება ჩემს დასთან ერთად, რადგან მომავალში ქალაქში გადასვლას ვგეგმავდი. გათხოვებაზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ მშობლიური სოფლიდან წასვლის ძალიან დიდი სურვილი მქონდა.
წვრილმანებით თავს არ მოგაბეზრებთ, თუ როგორ ვცდილობდი ინსტიტუტში მოხვედრას. მხოლოდ ერთს გეტყვით, ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. ამ დროს ერთი იდეა გამიჩნდა: სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა. სოფლის ფოსტის განყოფილებაში მუშაობა და დროის მოკვლა, უპერსპექტივო საქმედ მეჩვენებოდა, ამიტომ დედას საჭირო თანხა გამოვთხოვე და დავიწყე მზადება.
ცხოვრება საზღვარგარეთ
როგორმე 100 ყველაზე საჭირო სიტყვა და ფრაზა შევისწავლე, უნივერსალური სასაუბრო შევიძინე, მთელი ოჯახი შევკრიბე და ყველამ ერთად აღვნიშნეთ ჩემი გამგზავრება. რა გითხრათ, ეს ხალხური ჩვეულებაა, მაგრამ ასე მორალურად თავი უკეთ ვიგრძენი. ჩვენ ხომ ახლობელი ადამიანები ვართ. გზა ძალიან უჩვეულო იყო, სულ მეგონა, რომ სადღაც მაგვიანდებოდა. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მივაღწიე დანიშნულების ადგილს.
5 წლის მანძილზე ერთ კარგ ოჯახში ვიმუშავე მომვლელად. მომიგროვდა საკმარისი თანხა, რომლითაც ჩვენი სოფლის მეზობლად მდებარე ქალაქში ბინის შეძენას შევძლებდი. ამ დროს ირმა მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ. მე სოციალურ ქსელებში ვხედავდი მისი შვილების ფოტოებს და ასევე სოციალური ქსელებით ვურთიერთობდით. საზღვარგარეთ სამუდამოდ დარჩენა ჩემს გეგმებში არ შედიოდა, ასე რომ, გამგზავრების დრო დადგა.
ის ოჯახი ძალიან მომეჯაჭვა და მთელი ძალებით ცდილობდა ჩემს შეჩერებას. მათ ხელფასიც კი მომიმატეს, რომელიც ისედაც საშუალოზე მაღალი იყო იმ ქალაქისთვის, სადაც ვმუშაობდი. ასე რომ, დიახ, მე მათთან კიდევ 6 თვის მანძილზე ვიმუშავე, მატერიალური სარგებლის გამო: ბინაში კარგი რემონტის გაკეთებასაც ბევრი ფული სჭირდება. და კიდევ, ისინი დამპირდნენ, რომ ყოველთვის დამელოდებოდნენ, თუ დაბრუნებას მოვინდომებდი. მაშინ 30 წლისაც არ ვიყავი, ამიტომ ეს კარგი ვარიანტი იყო, რომელიც შეიძლებოდა სათადარიგოდ მქონოდა.
სახლში დაბრუნება
სახლში ძალიან თბილად დამხვდნენ. მე, რა თქმა უნდა, ყველას საჩუქრები და ტკბილეული ჩამოვუტანე. ჩემი დისშვილებიც არ დამვიწყებია. ძალიან მიხაროდა ჩემი ახლობლების ნახვა. ბოლოს დედამ გვითხრა, რომ ჩვენ ერთი საკითხი უნდა განგვეხილა. ირმამ იცოდა, რაზეც იყო საუბარი, მე კი არაფერი ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ დედას უძრავი ქონება გაეყიდა. ძველი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც მას ბებიამისისგან ერგო მემკვიდრეობით. იქ არავინ ცხოვრობდა, მაგრამ მიწა რაღაცას ფასობდა. მოკლედ, დედაჩემმა მიღებული თანხა მე და ჩემს დას თანაბრად გაგვიყო. თავისთვის კი მცირედი ნაწილი დაიტოვა, თქვა, რომ სიბერისთვის.
მახსოვს, როგორ დაემანჭა მაშინ ირმას სახე. მან მკაცრად შეხედა ჯერ დედას, მერე – მე. მას ერთი სიტყვაც არ დასცდენია, თუმცა ეტყობოდა, რომ ეს დუმილი მისთვის მძიმედ ასატანი იყო. მეორე დღეს ჩემს დას შევხვდი, რათა გამეგო, რა არ აწყობდა ასე ძალიან. ეს მძიმე საუბარი იყო. ის იმაზე საუბრობდა, თუ რისგან შეგდება ოჯახის ქონება და როგორ უნდა გაიყოს ის სწორად, მისი აზრით.
ჩემი და პატარა ბავშვთან ერთად მოვიდა და ძალიან ცუდ განწყობაზე იყო. მან ყველა შეცდომა გამახსენა, ღრმა ბავშვობიდან დაწყებული. დამადანაშაულა იმაში, რომ არ ვაცნობიერებდი, რა ადვილი იყო უმცროსი დის ცხოვრება. მაგრამ მისი ყველაზე დიდი პრეტენზია ფულს ეხებოდა. როგორ შეიძლებოდა ფულის თანაბრად გაყოფა, როდესაც მე შვილები არ მყავს, მას კი სამი შვილი ჰყავს?
თანაც მე მალე საკუთარ სახლს ვიყიდი ქალაქში, ის კი შვილებთან ერთად ქმრის მშობლების სახლში ცხოვრობს! ეს უსამართლობაა. ალბათ მე მოველაპარაკე წინასწარ დედას, თუ როგორ გაეყო ფული. წესით, დიდი ნაწილი უნდა შეხვედროდა უფროს დას, რომელიც უკვე ზრდის მემკვიდრეებს. მე კი მხოლოდ მხიარულად ვატარებ დროს, როგორც ის ჭრიჭინა იგავ-არაკიდან.
ექვსი თვის შემდეგ, მართლაც, ქალაქში გადმოვედი საცხოვრებლად. ახლა აქ ვმუშაობ და ყველაფერი მომწონს. ბინა კარგია და უბანიც, აგენტმა არ მომატყუა. მაგრამ ბინას ფანჯრები მზიან მხარეს აქვს. დიდხან ვფიქრობდი, როგორ მომეგვარებინა ეს პრობლემა. ლამაზი სქელი ფარდების და კონდიციონერის ყიდვა მირჩიეს. მადლობა დედას. ფული, რომელიც მან მომცა, სრულად მეყო ამ შენაძენისთვის. მე და ირმამ რაღაცნაირად ურთიერთობა შევწყვიტეთ. მე ახლა ქალაქში ვცხოვრობ, ის კი – სოფელში. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. დაე, განაგრძოს ფიქრი, რომ მე ყველაფერი ძალიან ადვილად მომეცა.