მე ხომ შენი თავი საკუთარი ხელით გადავეცი მას, მან კი – არ ითაკილა, მიიღო

1420

-ლიკა, გამარჯობა. ასე სასწრაფოდ რაში დაგჭირდი? ტელეფონით ვერ მეტყოდი? – იკითხა სახლში შემოსულმა კატომ და თან პიჯაკს იხდიდა.

-სატელეფონო საუბარი არ რის. სამზარეულოში გავიდეთ, – ლიკამ შემოსასვლელში შუქი ჩააქრო და მეგობარს გაჰყვა.

-დამაინტრიგე, მოყევი. – კატო მაგიდას მიუჯდა და ბეჯითი მოსწავლის მსგავსად ხელები წინ დაილაგა.

ლიკამ მაგიდაზე ღვინის ბოთლი დადგა და ორი ბოკალი.

-ოჰო?! ამდენად სერიოზული საუბარია? ყურადღებით გისმენ, – თქვა კატომ.

ლიკამ ღვინო დაასხა და მეგობრის მოპირდაპირედ დაჯდა.

-მოდუნებისა და ურთიერთგაგებისთვის, – პათეტიკურად წარმოსთქვა, ჭიქა ასწია და მოსვა.

ჭიქა კატომაც აიღო, მაგრამ დალევას არ ჩქარობდა, იცდიდა, სანამ მეგობარი მოყოლას დაიწყებდა.

-დავიღუპე. ისეთი შეყვარებული ვარ, რომ თავი დავკარგე. თითქოს სიზმარში ვარ, მასზე ვგიჟდები. რომ ვიძინებ, მეჩქარება, რომ მალე გათენდეს. არ ვიცოდი, რომ ასეც ხდებოდა. მამუკაც მიყვარდა, მაგრამ არა ასე… ლიკამ ჭიქა ერთბაშად გამოცალა.

-გითანაგრძნობ. ამისთვის დამიძახე? ეს უნდა გეთქვა? – კატომ ჭიქა დადო და წამოდგა.

-დაჯექი. – ხელი მოჰკიდა ლიკამ და ისევ სკამზე დასვა.

-მამუკა? – იკითხა კატომ.

-მამუკა, რა? ჩვენ უკვე 7 წელია ერთად ვართ. ყველაფერი კარგად იყო. ახლა კი ლექსოს შევხვდი და დავიღუპე, – ამოიოხრა ლიკამ. – განმსჯი? შენ ოდესმე ასე გყვარებია? არა? მაშინ, ნუ განმსჯი, – წარმოთქვა მან უცებ. – შენ იმიტომ დაგიძახე, რომ მამუკაზე უნდა დაგელაპარაკო.

-ცოტას დავლევ, – ლიკამ ღვინო მოსვა, ჭიქას შეხედა და თავი კმაყოფილებით დაიქნია.

-შენ ხომ ჩემი ქმარი გიყვარს. გგონია, ვერ ვხვდებოდი, როგორ უყურებდი? – თითებით მაგიდაზე დააკაკუნა ლიკამ.

ის პირდაპირ მთავარ თემაზე ვერ ბედავდა გადასვლას.

-სისულელეებს ნუ ამბობ, – იუარა კატომ.

ლიკამ მხები აიჩეჩა.

-არ ვეჭვიანობ, არ გეგონოს. ეს უკეთესიც არის. მე მამუკას მიტოვება გადავწყვიტე, მაგრამ მისთვის სიმართლის თქმას ვერ ვბედავ. მეცოდება.

-როდესაც ღალატობდი, არ გეცოდებოდა? რაღაც არალოგიკურია, – ღვინო მოსვა კატომ.

-შენ რა გესმის? ის კარგია. მე მას ვუყვირი, ვეჩხუბები, მთელი ნერვები გავუფუჭე, ის კი ჩუმად არის. ყველაფერს ხვდება და მაინც ჩუმად არის. ის არ იმსახურებს ასე მოქცევას, გესმის?

-არა, ამიხსენი, – სთხოვა კატომ.

ლიკამ ღვინო კიდევ დაისხა.

-პირდაპირ ვერ ვეტყვი, რომ არ მიყვარს და მივდივარ… ის გამიშვებს, მაგრამ მას რა დაემართება? მამაკაცებს ძნელად გადააქვთ, როდესაც მათ ტოვებენ. მათი თვითშეფასება ძალიან ეცემა. სმას დაიწყებს, დაეცემა. იქნებ, უარესიც ჩაიდინოს. მე მას ასე ვერ მოვექცევი, გასაგებია?

-მე რა შუაში ვარ?

ლიკა გაბრაზდა მეგობრის მიუხვედრელობის გამო.

-შენ ის მოგწონს. იქნებ, გიყვარს კიდეც ცალმხრივად, – ლიკამ ყურადღებით შეხედა კატოს. მან მზერა აარიდა. მე მშვიდად ვიქნები, თუ მის გვერდით შენ იქნები და არა ვიღაც სხვა…

-ა, მგონი მივხვდი, შენ გინდა, რომ მე მამუკაზე ვიზრუნო, სანამ შენ შენს საყვარელთან ერთად გაერთობი? ნამდვილად გიჟი ხარ. ის რა, ნივთია? იცხოვრე, მოგწყინდა, მეგობარს მიეცი… – კატომ ჭიქა ერთბაშად გამოსცალა და პირი ხელისგულით მოიწმინდა.

-გმადლობ, მეგობარო, კომპლიმენტისთვის. არ ვიცოდი, რომ ვიღაც გარყვნილ ქალზე უკეთესი ვიყავი. არა, ეს ბოდვაა. ვინმე სხვა იპოვე შენი ქმრისთვის. მისთვის გიკითხავს? მას უნდა ჩემთან ყოფნა? – კატო ნერვიულად ატრიალებდა ჭიქას ხელში.

-ეს შენზეა დამოკიდებული, – ლიკა მეგობრისკენ გადაიხარა.

-არა, ნამდვილად გაგიჟდი, მკურნალობა გჭირდება, – გაწითლდა კატო.

-სამწუხაროდ, სიყვარულის წამალი არ არსებობს. თავი კი, ნამდვილად დავკარგე, – თქვა ლიკამ.

-მასთან რომ არ გაგიმართლოს? მამუკას დაბრუნებას მოისურვებ? – სულ უფრო გაღიზიანდა კატო.

-ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, მხოლოდ ერთი რამ ვიცი, მის გარეშე მოვკვდები… – თქვა ლიკამ და სკამის საზურგეზე გადაწვა. მას აშკარად არ მოსწონდა, თუ როგორ გაგრძელდა საუბარი.

კატო დუმდა. რა უნდა ეთქვა? მას ლიკასი არ ესმოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, სხვას რატომ უნდა შეხვდეს მამუკა? ის ხომ მას მართლაც მოსწონს.

-დამეხმარე, უბრალოდ მხარში ამომიდექი, გაართე, თუ გინდა, ლოგინში ჩაიწვინე. მე უნდა გასწავლო? – ამბობდა ლიკა და სადღაც შორს იხედებოდა.

-სისულელეა. ვზივართ, ვსვამთ და მეგობარი მთავაზობს, რომ მის ქმართან დავწვე. სერიალებს უყურე?

-ნუ ყვირი, – მე უბრალოდ შემოგთავაზე. არ გინდა და ნუ გინდა. დაე, გალოთდეს… – პირთან ჭიქა მიიტანა ლიკამ.

კატო მოჯადოებულივით უყურებდა, როგორ სვამდა ის ღვინოს და თვალს ვერ აშორებდა.

-უბრალოდ მინდა, რომ ის ცუდად არ იყოს. მინდა, რომ ჩემსავით ბედნიერი იყოს. მინდა, რომ სანდო ხელში იყოს. შენს ხელში, – თქვა ლიკამ  და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა.

-რაზე კამათობთ, გოგოებო? – გაისმა მამუკას ხმა. გოგოებმა მიიხედეს. სამზარეულოს კართან მამუკა იდგა და იღიმებოდა.

-როგორც იქნა, გაიხადე და ხელები დაიბანე. ფილმზე ვსაუბრობდით, – თქვა ლიკამ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ადგა, გაზქურასთან მივიდა და ტაფის ქვეშ ცეცხლი აანთო.

ცოტა ხანში აბაზანიდან მამუკა გამოვიდა.

-ჩემი ჭიქა? – იკითხა მან და დაჯდა.

-მერე დალევ. კატოს სახლში წაიყვან? უკვე გვიანია.

-ტაქს გამოვიძახებ, – ნაჩქარევად თქვა კატომ.

-არ გინდა ტაქსი, მე წაგიყვან, – თქვა მამუკამ და თვალი არ მოუშორებია ხორცისა და კარტოფილისთვის, რომელიც ლიკამ წინ დაუდგა.

-გავიდეთ, რაღაც უნდა გითხრა, – ოთახში შეიყვანა ლიკამ კატო.

მარტონი რომ დარჩნენ, მეგობარმა კატოს ხელი ჩასჭიდა და ყურში ჩასჩურჩულა:

-ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. სახლში რომ წაგიყვანს, სახლში შეიპატიჟე. უთხარი, რომ რაღაც გაგიფუჭდა, სთხოვე ნახოს… თვითონ მოიფიქრე. შემდეგ კი, არ დაიბნე. თვითონ პირველი თუ მიღალატებს, ჩემი ღალატი ასეთ საშინელებად აღარ მოეჩვენება.

კატო მეგობარს გაოცებული თვალებით უყურებდა.

-გინდა, რომ შენი ღალატის თანამონაწილე გავხდე? მამუკა მოვატყუო? მე ამას არ გავაკეთებ. ეს უსამართლობაა, – აიჩემა კატომ.

-კარგი. თუ არ გინდა, ნუ დაწვები მასთან, ჩემო პატიოსანო, – ხელი გაუშვა ლიკამ მეგობარს.

-მაპატიე, დასვენების ნაცვლად ჩემი წამოყვანა, რომ მოგიწია, – უხერხული სიჩუმე დაარღვია კატომ.

-არაუშავს. დასვენებას მოვასწრებ. რატომ დალიეთ? ლიკა აღარაფერს მიყვება, პრობლემები აქვს? ხან უმიზეზოდ ჩხუბობს, ხან იცინის. ვერ დავიჯერებ, რომ შენ არ იცი, – შეხედა მამუკამ კატოს.

-უბრალოდ, ქალურ ამბებზე ვჭორაობდით, – უპასუხა მან.

-ოჰ, ეს ქალური ამბები. შენ ტყუილის თქმა არ გეხერხება. მე კი არც ბრმა ვარ და არც ყრუ.

კატო სავარძელში აწრიალდა.

-რაღაც მინდა გთხოვო, სამზარეულოში ონკანს შემიმოწმებ? წვეთავს, მეშინია, მეზობლები არ დავტბორო, – უთხრა კატომ.

-ახლა? – მამუკა გაჩუმდა. – კარგი, ვნახავ, – თავი დაუქნია და ჩაფიქრდა.

სახლთან მივიდნენ. კატოს სართულზე ლიფტით ავიდნენ. ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის არ შეეხედათ.

-აბა, მაჩვენე, რა გაფუჭდა, – უთხრა მამუკამ და თან შემოსასვლელში ფეხსაცმელს იხდიდა.

-სამზარეულოში, ქვემოდან წვეთავს, – ნიჟარის ქვეშ კარი გამოაღო კატომ.

მამუკამ ნიჟარის ქვეშ შეიხედა.

-აქ სიმშრალეა.

-ხო? გუშინ თასიც კი შევუდგი.

-კატოს სახე სირცხვილით გაუწითლდა.

-რაიმე ინსტრუმენტი გააქვს? – ჰკითხა მამუკამ.

კატო გავიდა და პატარა ჩემოდნით დაბრუნდა.

-აი, მამაჩემისგან დამრჩა.

-შესანიშნავია. – მამუკამ ჩემოდანი გახსნა და შიგნით დაიწყო ქექვა.

კატო ოთახში გავიდა. მამუკა ცოტა ხანში სამზარეულოდან გამოვიდა და უთხრა, რომ ონკანი შესაცვლელი იყო.

-ონკანი ძველია. ახლის ყიდვაა საჭირო. მას ახალი არაფერი უთქვამს. ეს კატომ ისედაც იცოდა. ხელოსანი ადრეც გამოიძახა.

-ხვალ მოვალ, ყველაფერს თვითონ ვიყიდი, ხელსაწყოებსაც მოვიტან და ონკანს თვითონ გამოვცვლი.

-ჩაის არ დალევ? – გახარებულმა უთხრა კატომ, რადგან მიხვდა, რომ მამუკამ ის ტყუილში ვერ გამოიჭირა.

-არა, წავალ, უკვე გვიანია.

ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. “საერთოდ რატომ გაჰყვა მას ცოლად? – ფიქრობდა კატო ლიკაზე. – მე მას ვერასოდეს ვუღალატებდი. გული როგორ მიცემს… – მან უნებლიედ ხელი თავის მკერდთან მიიტანა, თითქოს აფორიაქებული გულის დამშვიდება უნდოდა. – როგორ მომწონს… ჩვენ არასოდეს დავრჩენილვართ მარტო. ნუთუ არაფერს არ გრძნობს, ვერ ხვდება?”

მამუკამ კატოს ეს მღელვარება შენიშნა. “ძალიან ლამაზია და სასაცილო. ღელავს. და როგორ მიყურებს… ნუთუ ლიკა სიმართლეს ამბობს, რომ მას ვუყვარვარ?”

რაღაც უხილავმა ძალამ ორივეს უბიძგა. მათ ერთდროულად გადადგეს ნაბიჯი ერთმანეთისკენ და მათი ტუჩები შეერთდნენ. შემდეგ კი ორივემ უკან დაიხია, უხერხულობა იგრძნეს.

-შენ ჩაის მთავაზობდი… – უთხრა მამუკამ.

კატო მაშინვე სამზარეულოში შევარდა, აკანკალებული თითებით გაზქურა აანთო და ზედ ჩაიდანი შემოდგა. მაგიდაზე აწყობდა ჭიქებს, საშაქრეს და მის მზერას გრძნობდა. რაღაც გაახსენდა, კარადა გამოაღო და თეფში გამოიღო, რომელზედაც ღვეზლები ელაგა. მამუკა სამზარეულოს კართან იდგა და აკვირდებოდა, შემდეგ კი მაგიდას მიუჯდა და ღვეზელი აიღო.

-საკონდიტროში იყიდე? – ჰკითხა მან და ჩაკბიჩა.

-თავად გამოვაცხვე, – ნაწყენმა უპასუხა კატომ.

მამუკამ კი მეორე ღვეზელი აიღო.

-მართლა? ვისთვის? შენ ხომ მარტო ცხოვრობ. – მან ნახა, როგორ აუწითლდა კატოს სახე. – მაპატიე, სისულელე წამომცდა.

-სამსახურში თანამშრომლის დაბადების დღეს აღვნიშნავდით და ყველამ რაღაც მივიტანეთ. მე ღვეზლები გამოვაცხვე, ცოტა ჩემთვის დავიტოვე. გემრიელია?

-ძალიან. დედაჩემი აცხობდა ასეთს. ლიკამ კი არ იცის. საკონდიტროში ყიდულობს. შეიძლება ერთიც ავიღო? – მამუკა კიდევ ერთი ღვეზლის ასაღებად გაიწია.

-სულ შეჭამე. – კმაყოფილმა კატომ ჩაი დაასხა და ჭიქა მამუკას წინ დაუდგა.

-შენ რატომ არ ჭამ? – ჰკითხა მამუკამ.

-მე არ მინდა. – თქვა კატომ და მის მოპირდაპირედ დაჯდა.

ფანჯრის გარეთ ივნისის მოკლე ღამე იდგა. ისინი დივანზე იწვენენ.

-შვილები რატომ არ გყავთ? -ჰკითხა კატომ.

-თავიდან არ გვინდოდა, მერე კი… ლიკამ ჯერ კიდევ ჩემთან შეხვედრამდე გაიკეთა აბორტი. მას შვილის გაჩენა არ შეუძლია.

-შეგეძლოთ ბავშვთა სახლიდან გეშვილათ. – კატომ თავი წამოსწია, რათა მამუკას სახე უკეთ დაენახა.

-ლიკას არ უნდა. ამბობს, რომ სხვისი შვილის შეყვარებას ვერ შესძლებს. მე კი მგონია, რომ უბრალოდ ეშინია.

-გინდა, მე გაგიჩენ, ბიჭს ან გოგოს? ან ორივეს ერთდროულად? – ფრთხილად ჰკითხა კატომ. თავი ბალიშზე დადო და სუნთქვა შეიკრა.

მამუკამ გაოცებულმა შეხედა და ყურზე აკოცა.

-მინდა, – ჩასჩურჩულა ჩუმად.

-ლიკას საყვარელი ჰყავს, – რატომღაც ასევე ჩურჩულით უთხრა კატომ.

-ვხვდებოდი. ახლა ვიცი, – ჩურჩულით უპასუხა მამუკამ.

მან დაიძინა, კატოს კი თვალი არ მოუხუჭავს. როდესაც გათენდა, ადგა და სამზარეულოში გავიდა საუზმის მოსამზადებლად.

სუფრა უკვე გაშლილი იყო, როდესაც მამუკა სამზარეულოში შევიდა. თბილი ბლინები, ცხელი ყავა… მან კატოს მადლიერი ღიმილით შეხედა.

-დედა ყოველთვის ასე შლიდა სუფრა…

-სახლში წახვალ? – რაც შეიძლება გულგრილად იკითხა კატომ, როდესაც მამუკამ სამსახურში მიიყვანა.

-ვერ მოვასწრებ. კატო მე…

-არ გინდა, მე თვითონ… -შეაწყვეტინა კატომ.

-არა. სამსახურის შემდეგ ონკანს ვიყიდი, ჩემს ხელსაწყოებს წამოვიღებ და მოვალ. შენთან. – დაამატა მან.

-დაგელოდები, – თავი დაუქნია კატომ და გული სიხარულით აუძგერდა.

ერთი თვის შემდეგ მან მამუკას უთხრა, რომ ორსულად იყო. მან ის ხელში აიტაცა, კოცნიდა, ის კი ბედნიერებისაგან ტიროდა და არც კი ახსოვდა, რომ მამუკა ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა.

-განქორწინების საბუთები უკვე შევიტანე. სასამართლო ორი კვირის შემდეგ იქნება. ვინ გვეყოლება, ბიჭი თუ გოგო? – იკითხა მან და კატოს თვალებში ჩახედა.

-ჯერ არ ვიცი, ჯერ ადრეა, – გაიცინა კატომ.

ორი თვის შემდეგ დაქორწინდნენ. უბრალოდ, ხელი მოაწერეს და კაფეში აღნიშნეს.

კატო ცხრა თვის ორსული იყო, როდესაც მათ ლიკა ესტუმრათ.

-მან მიმატოვა. არ ვიცი, რა ვქნა, – კარებთანვე თქვა მან. თქვენ კი, ყოჩაღ, უკვე მოგისწრიათ… – მან მეგობრის მრგვალ მუცელს შეხედა, – მამუკას უხარია?

-უზომოდ, – გაუღიმა კატომ. ის მალე მოვა.

-მან უცებ შეშინებულმა შეხედა ლიკას.

-ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მოხვიდოდი…

-ნუ გეშინია, – გაიცინა ლიკამ. – სულელურად მოვიქეცი. ქმარი მყავდა, ოჯახი, ყველაფერი გავანადგურე. მოჩვენებით ბედნიერებას გავეკიდე.

-გამაგრდი, ჩვენ არ მიგატოვებთ. – ჩაეხუტა მეგობარს კატო.

კლიტეში გასაღების ხმა გაისმა და ლიკამ მეგობრის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა.

მამუკა შემოვიდა. ლიკას გაბრაზებულმა შეხედა, კატოს კი – გაუღიმა, მიუახლოვდა და აკოცა. მან თვალები დახუჭა.

ლიკამ თვალი აარიდა სხვის ბედნიერებას.

-როგორ ხარ? – ჰკითხა მამუკამ.

ლიკა შეცვლილი იყო, ფერმკრთალი და გამხდარი.

-ოღონდ, არ შემიცოდო, – ხელი ჩაიქნია ლიკამ.

-წავიდეთ, ვივახშმოთ. ყველაფერი მზად არის, – თქვა კატომ სიტუაციის განსამუხტავად.

-მე წავალ. – სახე შეიჭმუხნა ლიკამ.

-მოდი, ვივახშმოთ. მერე კი სახლში მამუკა წაგიყვანს, – შეაჩერა კატომ.

ლიკამ ჯერ მამუკას შეხედა, მერე კატოს.

-არ გეშინია?

-არა, არ მეშინია, – უთხრა კატომ თავდაჯერებულად.

-მე წავედი, – ლიკამ კარი გააღო…

კატო სუფრაზე თეფშებს აწყობდა, როდესაც ტკივილისგან სუნთქვა შეეკრა. ის დაიხარა და ხელები მუცელზე მიიდო.

-სასწრაფო? – აღელვებულმა იკითხა მამუკამ.

-არა, ადრეა. მომეშვა, – თქმა კატომ და გასწორდა.

მაგრამ შემდეგმა შეტევამ ააკვნესა.

როდესაც სასწრაფოს ისინი სამშობიაროში მიჰყავდა, ლიკა მათ სადარბაზოსთან იდგა და მანქანას გაჰყურებდა.

შუაღამისას მამუკამ დაურეკა და შეატყობინა, რომ კატომ ბიჭი გააჩინა.

-წარმოგიდგენია? ბიჭია!

-არა, – ცივად უპასუხა ლიკამ.

-ხვალ ეტლის საყიდლად მივდივარ. იმდენი რამ არის საჭირო… არ დამეხმარები? – ჰკითხა მამუკამ უკვე დამშვიდებულმა.

-რა თქმა უნდა, – უპასუხა ლიკამ.

იმდენი რამ იყიდეს, რომ მანქანის საბარგული ძლივს ჩაკეტეს. ლიკა მხიარულად ამბობდა, კიდევ რის ყიდვა იყო საჭირო, მაგრამ ეს უკვე ხვალ, დღეს დაიღალნენ.

-შემოხვალ? – ჰკითხა ლიკამ, როდესაც მის სახლთან მივიდნენ. მე ხომ შენი თავი საკუთარი ხელით გადავეცი მას, მან კი – არ ითაკილა, მიიღო.

-მე ვიცი. მან მაშინვე მიამბო. მე ძალიან ბედნიერი ვარ…

ის წავიდა, ლიკა კი დიდხანს იდგა სადარბაზოსთან, ჩაბნელებულ ცას გაჰყურებდა და შიგნით ასეთივე უძირო სიცარიელეს გრძნობდა.

“ორი შეყვარებული ადამიანის ბედნიერება მესამის დაბადებაა, რომელიც ორივეს უყვარს,
ორის მიერ ბედნიერების დაკარგვა – მესამის გამოჩენაა, რომელიც ერთ-ერთს უყვარს … ”

ევგენი ხანკინი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ტალღა და უყვარდა კლდე. ის მას ქაფისა და შხეფების კორიანტელში ახვევდა, დღე და ღამე კოცნიდა, ნელ-ნელა თლიდა. და აი, ერთ მშვენიერ დღეს კლდე შეირხა, წაიქცა და ტალღის მკლავებში გადაეშვა. უეცრად კლდე გაქრა, ტალღა კი ვეღარავის გაეთამაშა, ვეღარავინ შეიყვარა, ვერავისთვის იდარდა. კლდე ტალღაში ჩაიძირა. ახლა ის მხოლოდ ზღვის ფსკერზე მდებარე ლოდი იყო. ტალღას იმედი გადაეწურა, ეგონა, რომ მოატყუეს და მოკლე ხანში სხვა კლდე მონახა…

ერიხ მარია რემამარკი “ტრიუმფალური თაღი”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს