საბჭოთა პერიოდში ქალები ყოველდღიურად აკეთებდნენ ამ საყოფაცხოვრებო საქმეებს, ახლა კი ეს ყველაფერი უცხოა

0
689

საბჭოთა ეპოქის ქალები წარმოუდგენელი გამძლეობით გამოირჩეოდნენ და ყველანაირი ნიჭი გააჩნდათ. ისინი მოხერხებული დიასახლისები და სამაგალითო მეუღლეები იყვნენ, არა იმიტომ, რომ მათ ეს ნამდვილად სურდათ, არამედ იმ მიზეზით, რომ სსრკ-ს მოქალაქეების დიდ ნაწილს სხვა არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდა.

გარდა ამისა, მათ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ: ცოლი ვალდებულია იზრუნოს ქმარზე და შვილებზე. ბევრი ოჯახი არ იყო საკმარისად უზრუნველყოფილი. ამიტომ თითოეული ქალი ძალისხმევის მაქსიმუმს ხარჯავდა იმისთვის, რომ მათ ოჯახში ყველაფერი ნორმალურად ყოფილიყო.

საბჭოთა პერიოდის ქალები

საბჭოთა ქალს აუცილებლად უნდა ემუშავა. პარაზიტიზმისთვის ყველა ისჯებოდა, გამონაკლისის გარეშე. შესვენებაზე ან სამუშაო დღის ბოლოს ქალი მაღაზიის გრძელ რიგში დგებოდა, რათა სახლისთვის პროდუქტები შეეძინა. ისიც მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებსაც მაღაზიაში მიუსწრებდა.

ზოგჯერ მას შეეძლო საუკეთესო პროდუქტის შეძენა, რომლის მცირე პარტია იყო გაყიდვაში. ბევრი რამ მაშინ ნაცნობობით იყიდებოდა. ასეთ დღეებში მყიდველებს შორის ხშირად ხდებოდა ჩხუბი და კამათი, დეფიციტური პროდუქტის ბედნიერი მფლობელი კი – შეფუთვით ხელში, ამაყად ტოვებდა მაღაზიას.

მძიმე ცვლის შემდეგ დაღლილი მუშა ქალი სახლისკენ მიიჩქაროდა, რათა საღამო გაზქურასთან გაეტარებინა. მის ნაცვლად არავინ მოამზადებდა ვახშამს მთელი ოჯახისთვის. მაშინ ნახევარფაბრიკატები ასეთი დიდი რაოდენობით არ იყიდებოდა, ამიტომ რაიმე კერძის სწრაფად მომზადების შესაძლებლობა არ არსებობდა.

მაშინ საკვებს სახლში არავინ მიუტანდათ, რესტორანში ვახშმობის შესაძლებლობა კი – მხოლოდ ელიტას გააჩნდა. გარდა ამისა, თანამედროვე სამზარეულოს მოწყობილობები ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი, რათა დიასახლისისთვის საჭმლის მომზადების პროცესი გაეადვილებინა.

საბჭოთა პერიოდის ქალის ყოველდღიურობა

ვინაიდან საბჭოთა კავშირში მაღაზიებში ერთი ტიპის ტანსაცმელი იყიდებოდა და ყოველთვის არ იყო ზომის შესაბამისი, ამიტომ ყველა სახლში იყო საკერავი მანქანა. მასზე დიასახლისი თითქმის დილამდე კერავდა ახალ ტანსაცმელს ოჯახის ყველა წევრისთვის. ჭრისა და კერვის კურსები სპეციალურად არავის გაუვლია, ამიტომ ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა ესწავლა მოდის ჟურნალების დახმარებით და გამოცდილი მეგობრების რჩევებით.

თუ მაღაზიაში ახალი ქსოვილის შეძენა ვერ მოხერხდებოდა, გამოცდილი დიასახლისი ძველ ტანსაცმელს მოდურ კაბად ან კოსტიუმად აქცევდა. გაცვეთილ შალის ტანსაცმელს არ ყრიდნენ: გოგონები შლიდნენ და ძაფს გორგლებად ახვევდნენ. შემდეგ ამ ძაფით უფროსებისთვის და ბავშვებისთვის ახალ ქუდებს, შარფებს და წინდებს ქსოვენ.

ქალს დასვენების დრო უქმეებზეც არ ჰქონდა: სახლი უნდა დაელაგებინა. მას ხელით უნდა გაერეცხა მთელი ტანსაცმელი და თეთრეული, რომელიც მთელი კვირის მანძილზე დაგროვდა. ამას ჩვეულებრივ შაბათობით აკეთებდნენ. სარეცხი მანქანები ყველა ოჯახში გაცილებით გვიან გამოჩნდა, მაშინ დიასახლისს მხოლოდ სარეცხი დაფა ჰქონდა. სარეცხს ალბობდნენ, გამოხარშავდნენ, სარეცხის დაბაზე რეცხავდნენ, შემდეგ ავლებდნენ და წურავდნენ.

საბჭოთა პერიოდის მრავალი ქალი აგარაკზე ოცნებობდა. მათ იქ „დასვენება“ მოსწონდათ: ბოსტანში მუშაობა და ბაღის მოვლა. დიასახლისებს არ ეზარებოდათ მოსავლის აღება და ზამთრისთვის კონსერვების მომზადება, რათა შემდგომ ოჯახის წევრები და სტუმრები შინ მომზადებული კონსერვებით გაენებივრებინათ. ისინი რვეულებში აკურატულად იწერდნენ ახალ რეცეპტებს და სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს.

ქალები ამავდროულად თავის მოვლასაც ახერხებდნენ და ლამაზადაც გამოიყურებოდნენ. თმას გაზქურასთან იშრობდნენ და მავთულზე ან თმის სახვევზე იხვევდნენ. ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების ნაცვლად ხელთ არსებულ საშუალებებს იყენებდნენ: კეფირს, კვერცხს, თაფლს, სიმინდის ფქვილს, ლუდს და ასე შემდეგ.

დედები შვილებს სიყვარულსა და სინაზეც ჩუქნიდნენ, მათზე ზრუნავდნენ და პასუხისმგებელნი იყვნენ მათ აღზრდაზე.

დღემდე საიდუმლოს წარმოადგენს ის, თუ როგორ ასწრებდნენ საბჭოთა პერიოდის ქალები ამ ყველაფერს.