ბევრი ქალი მზად არის მთელი ცხოვრება დიასახლისობას დაუთმოს. სამსახური და დაფინანსება მეუღლის მოვალეობად რჩება. ქალს ევალება ოჯახის კერის შენარჩუნება და შვილების აღზრდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი სამართლიანია, მით უმეტეს, რომ ქორწინებაში როლები შეგნებულად არის შეთანხმებული.
თუმცა, რეალური ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თამაშის წესები იცვლება. შესაძლოა, ერთად ცხოვრების შესახებაც შეიცვალოს შეხედულებები, წარსულმა იქონიოს რაიმე გავლენა, ან ჰორიზონტზე გამოჩნდეს ახალი ადამიანი და მიიპყროს ერთ-ერთი მეუღლის ყურადღება. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? როგორ მოვიკრიბოთ ძალა გარემოებებთან საბრძოლველად და ბედნიერი ოჯახის შესანარჩუნებლად?
სახლში ქმართან და შვილებთან ერთად
ქორწილამდე მშობლებთან დიდი ჩხუბი მქონდა. ისინი ჯერ მკაცრად მოითხოვდნენ, შემდეგ კი აცრემლებულები მთხოვდნენ, რომ არ გავყოლოდი ცოლად კაცს, რომელსაც შვილები ჰყავდა. მაგრამ მე, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და ყველაფერი ჩემებურად გავაკეთე. რა გამოვიდა ამ ყველაფრიდან, ახლა გიამბობთ.
მიხეილი მეუღლეს იქამდე გაშორდა, სანამ მე გამიცნობდა. მისი ორი შვილი დედასთან დარჩა, მიხეილი კი მხოლოდ ალიმენტს იხდიდა და დროდადრო თავისი შვილები თავისთან მიჰყავდა. როგორც ვიცოდი, დაშორება მისი ყოფილი მეუღლის ინიციატივა იყო. მას შთაბეჭდილებები აკლდა, გამუდმებით უსახსრობას და მსგავს რაღაცებს უჩიოდა. გასაკვირი არ არის: როდესაც შვილები გყავს, წვეულებების დრო აღარ არის.
მერე მე გამოვჩნდი და მიხეილი ისევ „გაცოცხლდა“. ეს მისი სიტყვებია და არა ჩემი. დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ვხვდებოდით ერთმანეთს. მე იმ დროს მე უკვე 29 წლის ვიყავი, ის კი ჩემზე უფროსი იყო. ასე რომ, დიდი ხნის მანძილზე შეხვედრებს აზრი აღარ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს და მამაჩემს ვუთხარი, რომ მისი შვილები მთელი ამ დროის მანძილზე მხლოდ ორჯერ ან სამჯერ ვნახე, ისინი მაინც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ.
ქორწილი შედგა. მადლობა ღმერთს, ჩემს მშობლებს სცენები არ მოუწყვიათ და უბრალოდ შეეგუვნენ. ამიტომ იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი. ქორწილიდან რამდენიმე თვის შემდეგ დამეწყო გულისრევა. მიზეზი ჩემთვის ბანალური და ამავდროულად მოულოდნელი აღმოჩნდა: ორსულობა.
მიხეილი უკვე გამოცდილი იყო, ყველანაირად მეხმარებოდა. არ მშორდებოდა, გამუდმებით ყვავილებით და რაღაც პატარა სიურპრიზებით მანებივრებდა. ასე რომ, ორსულობამ კარგად ჩაიარა. ჩემი ქმარი ბავშვის დაბადების შემდეგაც მეხმარებოდა. სამსახურის შემდეგ გამუდმებით საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. ხანდახან რაღაცნაირად მშურდა კიდეც: ჩემზე უფროსია და ყველაფერს ინსტიქტურად აკეთებს. მე კი საერთოდ არაფერი მეხერხება, რანაირი ახალგაზრდა დედა ვარ.
ოღონდ არ იფიქროთ, რომ მე უსაქმოდ ვიყავი. მეც ვცდილობდი დახმარებას, შეძლებისდაგვარად. ასე რომ, ჩვენი პატარა ოჯახი დღითიდღე ძლიერდებოდა, ყველა გაგებით. ერთ დღესაც მიხეილის ყოფილმა დაგვირეკა.
საქმე ის იყო, რომ ჩემი ქმარი აშკარა მიზეზების გამო სამსახურს ხშირად აცდენდა. ის ალიმენტს იხდიდა, მაგრამ მისი ყოფილისათვის ეს საკმარისი არ იყო. მესმის, რომ ორი შვილი ჰყავს, მაგრამ მან თავად მოინდომა საკუთარი ცხოვრების შეცვლა. და რა მიიღო შედეგად? ერთი სიტყვით, მან დარეკა იმის სათქმელად, რომ საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა. თავის დასთან.
იქ მას ექნება საშუალება გამოიმუშაოს ფული ბავშვებისთვის, “რომელთა მამაც, განქორწინების შემდეგაც ვერ უმკლავდება თავის მოვალეობას”. დიახ, სწორად გაიგეთ, ეს ციტატაა. ასე რომ, მათი საერთო შვილები ახლა ჩვენთან იცხოვრებენ. იმიტომ, რომ სხვა ვერავინ ვერ დაიტოვებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მის შეცვლას არავინ არ აპირებს. მას ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს.
მიხეილი მამშვიდებდა, რომ თავის ყოფილს კარგად იცნობდა. მას არასოდეს უმუშავია და არც სურვილი ჰქონია. ასე რომ, მთელი ეს საუბარი სხვა არაფერია, თუ არა სპექტაკლი. ის ექვს თვეში დაბრუნდება. ასე რომ სანერვიულო არაფერია. რა განსხვავებაა, ერთი ბავშვისთვის მოხარშავ ფაფას, თუ სამისთვის. არაფერი შეიცვლება.
ჩემთვის ეს ამბავი ნამდვილი შოკი იყო. ჩემი შვილს მოვლას ვერ ვახერხებ ნორმალურად და ახლა კიდევ ორი უნდა დაემატოს. თანაც, ისინი უკვე სკოლაში დადიან, დიდები არიან. ჩვენ კი ჯერ სიარულიც არ გვისწავლია. რა ფაფა?!
ქმარს ჩემს სიტყვებზე განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია. მისი აზრით ყველაფერი ისე კარგად იქნება, რომ ბავშვები მომენატრებიან კიდეც, როდესაც მათი დედა დაბრუნდება. ეს რომ არ მოხდებოდა, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი. ძმისშვილი მყავს და არც კი ვიცი რამდენი წლისაა. ჩემდა სასირცხვილოდ, რა თქმა უნდა. მაგრამ რა ვქნა ახლა, თუ არ სხვისი შვილები არ მადარდებს? მე ჩემი მყავს და ბედნიერი ვარ.
პირველ დღეს, როცა ბავშვები ჩვენს სახლში მოვიდნენ, მუხლები მიკანკალებდა. არ ვიცოდი, რაზე მესაუბრა მათთან. რა აინტერესებთ ამ ასაკში ბავშვებს. შედეგად, პირველ საღამოს კლოუნივით ვიქცეოდი. მუდმივად საჭმელს ვთავაზობდი, ტელევიზორის ყურებას ვაძალებდი, ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე ვუყვებოდი და იმაზე, თუ როგორ ვმღეროდი სკოლის ანსამბლში.
შემდეგ კი, როცა მივხვდი, რომ მათ საერთოდ არ ვაინტერესებდი და რომ მათთვის ნებისმიერ შემთხვევაში ჯადოქარი ვიქნებოდი, დავმშვიდდი და შევეშვი. შედეგად, ვახშამი გამომრჩა და ბავშვები ორი საათის განმავლობაში მშივრები იყვნენ და ვერ მეუბნებოდნენ.
ერთი კვირის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა. ერთი თვის შემდეგ მივხვდი, რომ ამას ვეღარ გაუძლებდი. ნივთები ჩავალაგე, ბავშვი ავიყვანე და მშობლებთან წავედი. მათ მიმიღეს, მაგრამ განმსჯელი მზერა ზოგჯერ უფრო მჭევრმეტყველია, ვიდრე რაიმე საუბარი. საღამოს მიხეილმა დარეკა. გაბრაზებული იყო. მე ვუთხარი, რომ რომც დავშორდეთ, ჩემთვის უკეთესი იქნება, ვიდრე ხუთი ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ჩემი ფსიქიკა, რა თქმა უნდა, მადლობელი იქნება.
მისთვის ეს მოულოდნელი იყო, ამიტომ ტონს დაუწია და დაბრუნება მთხოვა. მან პირობა დადო, რომ ბავშვებს თვითონ მიხედავდა. მაგრამ ვიცი, რომ ამ შემთხვევაში ან დააქვეითებენ, ან სამსახურიდან გაათავისუფლებენ..
დიასახლისობა კარგია, როდესაც გყავს შემომტანი, რომელიც ყველაფრისგან გიცავს. მაგრამ მოვემსახურო კიდევ ორ ბავშვს, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ და არც მინდა, რომ ვიცნობდე?! წარმოდგენაც არ მინდა, ზურგს უკან რას მეძახიან. და მე მათთვის საჭმელი უნდა მოვამზადო, დავალაგო, გავრეცხო. რატომ? მაგათი დედა ხელფასს გადამიხდის?
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რა სულელი ვიყავი, ამ გაუგებრობაში რომ მოვხვდი. ახლა რა ვქნა, ვერ მომიფიქრებია. როგორ დაუბრუნდე ქმარს, მაგრამ მხოლოდ მისი აუტანელი შვილების გარეშე? სკოლა-ინტერნატზეც კი გავიფიქრე. ნუთუ ეს ნორმალურია? უბრალოდ საკუთარი თავის მეშინია. აი, სადამდე მივყავართ სტრესს.