გუშინ სამსახურიდან სახლში დავბრუნდი და თავი ქაფიანი აბაზანით, არომატული სანთლებითა და ჭიქა ღვინით გავინებივრე. ასეთი რამ მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი. ჩავწექი ქაფის ბუშტუკებში და ცოტა მოვდუნდი. ეს საკმარისად არ მომეჩვენა (როგორც ჩანს ღვინომ ძალები შემმატა) და მანიკიურის გაკეთება დავიწყე. გულმოდგინედ, აუჩქარებლად, ყველა წესის დაცვით. მანიკურის გაკეთებას რომ მოვრჩი, შუაღამეს გადაცილებული იყო. შედეგით კმაყოფილი, დასაძინებლად დავწექი. ბოლო სამი კვრის მანძილზე, პირველად მოვახერხე სწრაფად ჩაძინება.
მანიკიურის გაკეთება, ლაქის წასმით
ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო. სამსახურში პატარა უსიამოვნებები გვქონდა. კადრების განყოფილებაში მიგვანიშნეს, რომ მალე შემცირებები იყო მოსალოდნელი და ყველა დაიძაბა. ორი კვირის შემდეგ კი, მეუღლესთან მომივიდა უთანხმოება. გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე გვეცხოვრა, დავმშვიდებულიყავით და საკუთარ გრძნობებში გავრკვეულიყავით. ამ მოვლენამ კიდევ უფრო მეტად ამომაგდო კალაპოტიდან და დამეწყო მძიმე დეპრესია.
ცოტა რომ განვტვირთულიყავი, შვებულება ავიღე და ჩემს ბიძაშვილთან გავემგზავრე სტუმრად. ნათია ყოველთვის მეპატიჟებოდა თავისთან სტუმრად, რადგან ძალიან ენატრებოდა ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა. ის მეზობელ ქალაქში ცხოვრობს თავის ზრდასრულ ქალიშვილთან ერთად. გოგონას ახლა უკვე საკუთარი პირადი ცხოვრება აქვს, ის საცხოვრებლად თავის შეყვარებულთან გადავიდა, დედა კი მარტო მოწყენილია.
ნახევარი საათი გზაში და უკვე ჩემი ბიძაშვილის სახლში ვიყავი. ჩემდა გასაკვირად, კარი ნანამ გამიღო. ის მაშინვე ჩამეხუტა:
-როგორც იქნა, რამდენი ხანია გელოდებით!
-ნათიას მოსანახულებლად ჩამოხვედი? – დავინტერესდი შესასვლელშივე.
-შეიძლება ასეც ითქვას! – ამოიოხრა ნანამ.
მოგვიანებით ნათიამ საიდუმლოდ მიამბო, რომ ნანა შეყვარებულს დაშორდა და სახლში დაბრუნდა. რა თქმა უნდა, დედას ქალიშვილის ნახვა ძალიან გაუხარდა, მაგრამ მის გამო ნერვიულობს, როდესაც მის განცდებსა და ცრემლებს ხედავს. ნანას ვურჩიეთ, რომ მეტი დრო გაეტარებინა მეგობრებთან ერთად და მოწყენილი არ ყოფილიყო. ასეც მოიქცა.
ქალის ბუნება
მეორე დღეს ნანამ მეგობარს დაურეკა და მზადება დაიწყო. შხაპი მიიღო, მანიკიური გაიკეთა და შემდეგ მაკიაჟზე გადავიდა.
-სად მიდიხარ? – დაინტერესდა დედამისი.
-ლაშქრობაში! – მხიარულად უპასუხა ნანამ.
-სად? – ერთად გავიმეორეთ კითხვა მე და ნათიამ.
-ტყეში! ღამისთევით!
-ტყეში წასასვლელად მაკიაჟს ვინ იკეთებს?
-მე! – თავდაჯერებით გვიპასუხა ნანამ და ორი დღით დაგვემშვიდობა.
ჩვენი ლამაზმანი ამაღლებული განწყობით დაგვიბრუნდა. იმ საღამოს სიტუაცია ისევ განმეორდა. ნანამ შხაპი მიიღო, თმა დაივარცხნა და სარკესთან დადგა მაკიაჟის გასაკეთებლად. ჩვენ მას დაუფარავი ინტერესით ვაკვირდებოდით. მე გავეხუმრე:
-ისევ ლაშქრობაში მიდიხარ?
-არა, საუნაში, დაქალებთან ერთად!
-ასეთ დროს მაკიაჟი აუცილებელია?
-ჩემთვის აუცილებელია! – ოპტიმიზმით მიპასუხა ნანამ და სახლიდან გავიდა.
-მე ვასწავლე ჩემს ქალიშვილს, რომ როდესაც ცუდად იქნება, საკუთარ თავზე იზრუნოს. ვარცხნილობა გაიკეთოს, ფრჩხილებზე ლაქი წაისვას, მაკიაჟი გაიკეთოს. უკეთ გახდება! – ამიხსნა ნათიამ. – სხვათა შორის, ეს არც შენთვის იქნება ზედმეტი! დაიმახსოვრე: ქალი საუკეთესოს იმსახურებს!
სწორი გადაწყვეტილება
–დავფიქრდები! – და უნებურად დავფიქრდი, რადგან ნანას მაგალითზე ეს ნამდვილად შველოდა.
მეორე დღეს სახლში დავბრუნდი. გზაში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას დავიწყებდი და საკუთარ თავზე ფულს აღარ დავზოგავდი. პარფიუმერიის სალონში შევედი და ძვირფასი სუნამო შევიძინე, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
დილით ჩემმა ქმარმა დამირეკა და შეხვედრა შემომთავაზა. ამ შეხვედრისთვის მთელი პასუხისმგებლობით მოვემზადე: გავიკეთე ვარცხნილობა და მაკიაჟი, ახალი კაბა ჩავიცვი. ბოლო შტრიხი იყო სუნამო განსაცვიფრებელი არომატით. მანიკიური წინა საღამოს გავიკეთე.
-ოჰ! – ძლივს წარმოთქვა ჩემმა ქმარმა, როდესაც დამინახა.
-ამის თქმა გინდოდა?
-რა თქმა უნდა, არა. მოდი შევრიგდეთ!
ჩვენ კვლავ ერთად ვართ და კვლავ ბედნიერები! სამსახური არ დამიკარგავს, ახალი თანამდებობა შემომთავაზეს. მოვალეობები ანალოგიურია, მაგრამ ხელფასი – უფრო მაღალი. მე დავთანხმდი, რადგან მე საუკეთესოს ვიმსახურებ!