თუ ფიქრობთ, საბჭოთა ეპოქაში ყველა ზრდილობიანი და თავაზიანი იყო, უბრალოდ ამ ადგილებში არ ყოფილხართ

0
1044

ხშირად ნოსტალგიით ვიხსენებთ ჩვენი ახალგაზრდობის შესანიშნავ პერიოდს სსრკ–ში. მეხსიერება საოცარი რამაა. ივიწყებს ცუდ მოგონებებს და ტოვებს მხოლოდ კეთილს და ნათელს. მაგალითად, ბევრი თვლის, რომ საბჭოთა ეპოქაში ადამიანის თავაზიანობა ეტალონი იყო. უმცროსი უფროსს არასდროს ეუზრდელებოდა, კაცი ყოველთვის კარს უღებდა ქალბატონს და ტრანსპორტიდან გასვლისას ხელს უწვდენდა.

მართლაც, იმ დროს ბავშვებს კომუნიზმის მცნებების მიხედვით მკაცრად ზრდიდნენ. მაგრამ იყო სხვა რამ, რაც საბჭოთა მოქალაქეების ხასიათზე გავლენას ახდენდა. საქონლის დეფიციტი, მუდმივი რიგები და კომუნალურ ბინებში ცხოვრება ჩხუბს და სკანდალს იწვევდა. პაპარაცი გიამბობთ სსრკ–ში ცხოვრების 6 ეპიზოდზე, სადაც თავხედობა და უხეშობა ნორმა იყო.

ადამიანის თავაზიანობა

მაღაზიები

სსრკ–ში გამყიდველობა განსაკუთრებით პატივსაცემი პროფესია იყო, მაგრამ არავინ იცოდა დასავლური სლოგანის შესახებ „კლიენტი ყოველთვის მართალია“. მათ წვდომა ჰქონდათ დეფიციტურ საქონელზე და ხშირად მალავდნენ კარგ საქონელს თავისთვის და ნაცნობებისთვის.

რიგითი მყიდველი მისალმების ნაცვლად ხშირად იღებდა გესლიან სიტყვებს. გამყიდველს მჟავე სახით შეეძლოთ ეთქვა, რომ სასურველი პროდუქტი ამოიწურა და ჯიუტად ეცდებოდა ვადაგასული საქონლის „შემოსაღებას“. აი, ვინც იცოდა კოდური სიტყვა (მაგალითად, „მე ბატონი შალვასგან ვარ“) სახლში ახალი გემრიელობით დატვირთული ჩანთით მიდიოდა.

უტიფრობა რიგებშიც ყვაოდა. საკმაოდ ხშირად მოქალაქეები ჩხუბობდნენ, არკვევდნენ, ვინ გაბედა რიგში გაძვრომა. იყო შემთხვევები, როცა ადამიანი მაღაზიის წინ რიგში ნახევარი დღე იდგა და მის წინ საქონელი იწურებოდა. როგორ შეიძლება არ აღშფოთდე და არ იჩხუბო?

სახელმწიფო დაწესებულებები

ნებისმიერი საბჭოთა მოქალაქე ფითრდებოდა და კრთოდა ბიუროკრატიის ბუნაგში მოხვედრამდე. აქ არავის ინდობდნენ. საპასპორტო მაგიდის თანამშრომლებს ვიზიტორები სლოკინამდე მიჰყავდათ, ამა თუ იმ საბუთისთვის ერთი ადგილიდან მეორემდე სირბილს აიძულებდნენ. ზოგჯერ ადამიანი მთელ დღეს სამთავრობო სახლში ატარებდა და საკითხი მაინც მოუგვარებელი რჩებოდა.

პოლიკლინიკაში ვიზიტი საბჭოთა მოქალაქეს მთელი ბოთლი კატაბალახი უჯდებოდა. ტალონის ასაღებად გახსნამდე დიდი ხნით ადრე უნდა მისულიყავი, სარეგისტრაციო მაგიდასთან რიგი დაგეკავებინა და გელოცა წარმატებისთვის, რომ თანამშრომელს თქვენი ბარათი ეპოვა. ექიმებიც პაციენტებთან თავაზიანობას არ იჩენდნენ. უმეტესობა მათგანმა ავადმყოფთან ურთიერთობის ეთიკის შესახებ არაფერი იცოდა. პაციენტს უხეშად ეპყრობოდნენ და საფუძვლიანი გამოკვლევის გარეშე სწრაფად უშვებდნენ.

საბჭოთა მოსწავლეებიც „განათლების“ თავიანთ წილს იღებდნენ არა მხოლოდ მკაცრი მასწავლებლების, არამედ სკოლის დამლაგებლისგანაც. დამლაგებელი ჯოხით ხელში დასდევდა ბიჭებს, რომლებმაც ახალმოწმენდილ იატაკზე გაიარეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ქალაქის ავტობუსი, ტროლეიბუსი და ტრამვაი ხშირად ხდებოდა ადგილები, სადაც ახალგაზრდა პიონერები პირველ გინებას სწავლობდნენ. ყველაფერი იმიტომ, რომ იმ წლებში პირადი მანქანის შეძენა ცოტას თუ შეეძლო. საბჭოთა ადამიანი იწყებდა დილას გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ათეულობით მუშაკთან ერთად, რომლებიც სამსახურში მიიჩქაროდნენ. ავტობუსები ყოველ 2–3 წუთში დადიოდნენ, მაგრამ ადგილი თითქმის არასდროს იყო.

ასეთ ჭედვაში შეტაკებები გარდაუვალი იყო. ერთმანეთს ჩანთებით ედებოდნენ, ქოლგებით უკანასკნელ კოლგოტებს ხევდნენ, ფეხზე აბიჯებდნენ და მთელი ავტობუსი უკვე ხელჩართულ შეტაკებაში ერთვებოდა. ასეთი მოგზაურობა ადამიანს სერიოზულად ღლიდა.

ბევრი ვერ უძლებდა, ავტობუსიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე ჩამოდიოდა და ფეხით მიდიოდა. მსგავსი ატრაქციონის შემდეგ სამსახურში ანერვიულებული მიდიოდნენ და ბრაზს სხვებზე ანთხევდნენ. ასე ვთქვათ, მიიღე სიძულვილის წილი და გადაეცი სხვას.

საერთო საცხოვრებელი და კომუნალური ბინები

წლების განმავლობაში სხვების გვერდიგვერდ ცხოვრება რთული გამოცდილებაა. მეზობლები კომუნალურ ბინებში იძულებულნი იყვნენ შორეული და საძულველი ნათესავების დიდ ოჯახად ქცეულიყვნენ. იშვიათი იყო, როცა საერთო საცხოვრებელში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდად ცხოვრობდნენ. დღე ისე არ გავიდოდა, სკანდალი არ ატეხილიყო სველ წერტილში რიგის, ჭუჭყიანი გაზქურის ან ღამით წვეულების გამო.

სამწუხაროდ, საერთო საცხოვრებელში მეზობლებს ბედი ირჩევდა. ერთ შენობაში შეიძლება ეცხოვრათ ქარხნის მუშებს, მეცნიერების დოქტორებს, მრავალშვილიან დედებს და ყოფილ პატიმრებსაც. ჭრელი საზოგადოება საერთო ენას ძლივს პოულობდა, სამაგიეროდ, მოგონებები მთელი ცხოვრება რჩებოდა!

მაგისტრალები

საგზაო მოძრაობის და ეტიკეტის წესების დაცვა? არა, საბჭოთა ადამიანს ამის შესახებ გაგონილი ჰქონდა, მაგრამ შესრულებას არ ჩქარობდა. ავტომობილის მფლობელი იშვიათად ითვალისწინებდა ფეხით მოსიარულეთა უფლებებს და ზებრა გადასასვლელზე გზას უჭრიდა. როგორც წესი, მილიცია წესების დამრღვეველებს ვერ აშინებდა. სწორედ ამიტომ, ქუჩის გადაკვეთა და გადარჩენა დიდი წარმატება იყო.

მძღოლები საგზაო ნიშნებს იშვიათად ითვალისწინებდნენ. მანქანას აჩერებდნენ მეორე და მესამე რიგში პირდაპირ გაფრთხილების ქვეშ „გაჩერება აკრძალულია“. თავისი „მერცხალი“ შეეძლოთ დაეტოვებინათ სათამაშო მოედანზე ან გაზონზე.

ავარიის დროს მძღოლები მანქანებს ტოვებდნენ და მთელი გრძნობით და შთაგონებით ერთმანეთის ლანძღვას იწყებდნენ. თან მოძრაობას კეტავდნენ, მაგრამ ერთი წამით ყურადღების გადართვა არ შეეძლოთ.

ბებიები სადარბაზოსთან

რა დღეს, რა ათეული წლის წინ, თავსაფრიანი ბებიები მთელი დღის განმავლობაში სკამზე ისხდნენ და სადარბაზოს ყველა მაცხოვრებელს ანადგურებდნენ. ეს მოხუცები ჭორების გამავრცელებლები იყვნენ. ყოველთვის ზუსტად იცოდნენ, ვინ ვისთან ერთად და როდის დაბრუნდა სახლში და რა ეცვა.

დაკვირვებული მოხუცები რეგულარულად ავრცელებდნენ დეტალებს მეზობლების ცხოვრების შესახებ და რჩევებს დაუკითხავად იძლეოდნენ. იყო შემთხვევები, როცა უშვერი გინებით აცილებდნენ თავხედ ახალგაზრდებს, რომელთაც მისალმება ავიწყდებოდათ.