სირცხვილია თუ არა ბოთლების შეგროვება და როგორ გავაკეთოთ ეს კანონის დარღვევის გარეშე

0
189

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ბოთლებს აგროვებენ. ბოთლების შემგროვებლები ყოველთვის არ არიან უსახლკაროები, რომლებიც ამ გზით საარსებო წყაროს შოულობენ. ხშირად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ამ საქმით საკმაოდ წესიერად ჩაცმული ხალხი არის დაკავებული. ხშირად ისინი არიან ხანდაზმულები, რომლებიც პარკში სკამზე უნდა ისხდნენ და არა ნაგავში „იქექებოდნენ“. რატომ ხდება ასე? პაპარაცი ეცდება გაარკვიოს, ბოთლების შეგროვება საპატიო მისიაა თუ გადარჩენის გზა?

ბოთლების შეგროვება

დღეს, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში, გარემოზე ზრუნვა პოპულარობის პიკზეა. ყველა მწარმოებელი ცდილობს წარმოების სტანდარტებში ეკოლოგიაც ჩართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმოსთვის დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის მთელი სახელმწიფო პროგრამა მათ რეგიონში და მთელ პლანეტაზე ეკოლოგიის დასაცავად და აღსადგენად. არ შევჩერდებით იმაზე, რომ ხშირად ეს პროგრამები საწარმოების და სახელმწიფოების რეალური ქმედებებისგან განსხვავდება, თუმცა თემა საკმაოდ საინტერესოა. დღეს ვისაუბრებთ დაბრუნებად ტარზე.

შორეული წარსული

შორეულ საბჭოთა კავშირში ყველა თხევადი პროდუქტი მხოლოდ მინის ტარში იყიდებოდა. მინის მრეწველობასთან დაკავშირებით პრობლემები არ იყო და საათის მექანიზმივით მუშაობდა, როგორც ქაღალდის მრეწველობა. საერთოდ, სსრკ–ში ნებისმიერი ინდუსტრია საათის მექანიზმივით მუშაობდა და გეგმასაც აჭარბებდა. გასული საუკუნის 60-იან წლებში საქონლის სიჭარბის გამო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლო ცარიელი ტარის დაბრუნება და ამაში ფულის მიღება. თითოეულ მინის ბოთლზე ამ ტარის ღირებულება იყო დატანილი, ამიტომ ჩაბარების პუნქტებში სწორედ ამ ღირებულებას იხდიდნენ. ტარა განმეორებით გამოიყენებოდა, რაც მომგებიანი იყო როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მოქალაქეებისთვის.

მინის ტარა პლასტმასის და თუნუქის ქილებმა ჩაანაცვლეს. საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველაფერი შეიცვალა. როგორც შეიცვალა ბევრი რამ ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაში. სხვათა შორის, იქაც ყოველთვის მიღებული იყო ცარიელი ტარის ჩაბარება და ამაში ფულადი ჯილდოს მიღება. დღემდე პოპულარულია. ბევრ ქვეყანაში პირდაპირ ქუჩებში დგას აპარატები, რომლებიც იღებენ პლასტმასის ბოთლებს და გასცემენ ფულს. ამერიკასა და ევროპაში მთელ ნაგავს კატეგორიების მიხედვით ახარისხებენ. არ გინდა ჩაბარება, უბრალოდ გადააგდე, მხოლოდ სპეციალურ კონტეინერში, შემდეგ უკვე მოხვდება პლასტმასის, თუნუქის და სხვა ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნებში.

განვითარებული ქვეყნები

დღეს განვითარებულ ქვეყნებში გადამამუშავებელი მრეწველობა პირველ ადგილზეა. გადამუშავებული პლასტმასიდან ტანსაცმელს და ფეხსაცმელს კერავენ, პლასტმასის ტარას და სხვა ნივთს ხელახლა ამზადებენ. ასეთი მიდგომა ქვეყნის ეკონომიკაზე და გარემოზე სასარგებლოდ მოქმედებს. ხალხიც ჩართულია. ხშირად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი და ბევრი სხვა, შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ბოთლებს აგროვებენ. მათ შორის მინის ბოთლებს, რადგან დღეს მინა ერთ–ერთ დეფიციტურ საქონლად ითვლება. ყველაზე ხშირად ამ ქვეყნებში ცარიელ დაბრუნებად ტარს აგროვებენ სტუდენტები ან პენსიონერები. ყველა, ვინც მოსახლეობის დაბალშემოსავლიან სეგმენტს მიეკუთვნება.

ბოთლების შეგროვება: ლეგალურია თუ არა

ერთი საქმეა, როცა აბარებთ ბოთლს, რომელიც თავად იყიდეთ მაღაზიაში. სხვა საქმეა, როცა ამ ბოთლებს ქუჩაში აგროვებთ. დიდ ჯარიმას თავი რომ აარიდოთ, ბოთლების შეგროვების რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ. ქუჩაში ნაპოვნი ყველა ტარა თქვენ არ გეკუთვნით. მაგალითად, გერმანიაში ცარიელი ტარა, რომელიც მიწაზე დევს, აბსოლუტურად კანონიერად შეგიძლიათ აიღოთ. აი, ტარა, რომელიც სანაგვე ურნაში ან კონტეინერშია, უკვე ეკუთვნის იმას, ვინც ეს ურნა მოათავსა. ეს შეიძლება იყოს ნარჩენების შეგროვების და გადამუშავების საწარმო ან რესტორანი ან მაღაზია, რომელსაც შეუძლია ტარის ჩაბარება.

გერმანიის ზოგიერთ ქალაქში უცნაურ ნოუჰაუს შეიძლება შეხვდეთ. სანაგვე ურნის გარშემო არის ე.წ. „საკრები რგოლი“. მასში სპეციალური ხვრელია, სადაც ცარიელი ბოთლი შეგიძლიათ ჩააგდოთ. ასე გაჭირვებული აბსოლუტურად კანონიერად შეძლებს ამ ბოთლის წაღებას. არ შეიძლება ბოთლების შეგროვება თქვენს სამუშაო საათებში და მისი ჩაბარება. თუ დამსაქმებელი შეამჩნევს, რომ სამუშაო საათებში დასაქმებული ბოთლებს აგროვებს, მასთან კონტრაქტი შეიძლება გააუქმოს.

როგორც ვთქვით, იდეა ახალი არაა და აბსოლუტურად ნორმალური. კონსუმერიზმის ეპოქაში, როცა მილიონობით ტონა ნაგავი ოკეანეებში ცურავს და უზარმაზარ ტერიტორიებზე იშლება, ამის გამოსწორება უნდა ვისწავლოთ. ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში გონიერი მოხმარების პოლიტიკა იმუშავებს არა მხოლოდ ლეგალურად, არამედ ფაქტობრივად და ხალხი დაიწყებს გონივრულად დახარისხებას და გადამუშავებადი მასალების ჩაბარებას.