უნიტაზის გაწმენდა ვანტუზის გარეშე: როგორ მოვხსნათ ბლოკირება დამოუკიდებლად

0
187

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჯახებიხართ უსიამოვნო სიტუაციას, როგორიც არის გაჭედილი უნიტაზი. მსგავსი პრობლემა თითქმის ყოველთვის მოულოდნელად თავს გვესხმის, თან უხერხულობა მოაქვს. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მზად იქნებით ნებისმიერი პრობლემისთვის, რომელიც იმალება თქვენი სახლის საკანალიზაციო სისტემაში. პაპარაცი გიზიარებთ მილების გაწმენდის ყველაზე ეფექტურ მეთოდებს, თუ თქვენი უნიტაზი გაჭედილია.

ხშირად დამალული საფრთხის ნიშნებია სუსტი გადინება, მღვრიე წყალი ნარჩენების ნაწილაკებით ან ჩარეცხვის ღილაკზე დაჭერისას წყლის დონის აწევა. თუ მომენტი ხელიდან გაუშვით, სასოწარკვეთა არ იჩქაროთ! უნიტაზის გაწმენდა სანტექნიკოსის ან ვანტუზის დახმარების გარეშეც შესაძლებელია. ასეთ სიტუაციებში ხელმისაწვდომი საშუალებები დაგეხმარებათ.

რა შეიძლება იყოს გაჭედილობის მიზეზი?

უნიტაზის გაჭედვა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით: დაწყებული არასწორი გამოყენებით და დასრულებული არასწორი მონტაჟით. ქვემოთ განვიხილავთ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ბლოკირების გაჩენაზე გავლენას ახდენენ:

  • სარემონტო სამუშაოების შედეგები (ცემენტის ნარჩენები, სამშენებლო ნაფშვენი და მტვერი);
  • სანიაღვრე მილების არასწორი ზომა;
  • სანიაღვრე მილის დახრილობის შეუსაბამო კუთხე;
  • სალფეთქები, საფენები, შუასადები;
  • იატაკის ჩვრები, ღრუბლები ან სხვა ქსოვილები;
  • საკვების ნარჩენები, ჩაის ჩენჩო ან კონსერვები;
  • კატის ტუალეტის შემავსებელი;
  • ბევრი ტუალეტის ქაღალდი.

ეს ყველაფერი გროვდება უნიტაზის მილში, რაც თანდათან სანტექნიკის გაჭედვას იწვევს. მიზეზები გავარკვიეთ, მაგრამ როგორ გავწმინდოთ უნიტაზი?

უნიტაზი გაიჭედა: გაწმენდის 5 მეთოდი ვანტუზის გარეშე

საბედნიეროდ, უნიტაზის გაწმენდა არც ისე რთულია. სერიოზულ ბლოკირებასაც მარტივად გაუმკლავდებით საშუალებით, რომელიც ყველას აქვს სახლში. ჩვეულებრივ, ასეთი შემთხვევებისთვის გამოიყენება ვანტუზი. როგორ მოვიქცეთ, თუ ვანტუზი არ გვაქვს? გთავაზობთ 5 ეფექტურ მეთოდს, როგორ გაწმინდოთ უნიტაზის მილი სანტექნიკის ხელსაწყოების გარეშე.

ცხელი წყალი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება

პირველ რიგში, ქვაბი გაავსეთ ცხელი წყლით (არა მდუღარით!). ნელ–ნელა ცხელი წყალი უნიტაზში ჩაასხით. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩასხმული წყლის წნევა ბლოკირებას მნიშვნელოვნად ამცირებს. თუ შედეგი ვერ დაინახეთ, უნიტაზს ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ. წყალი საპნიანი გახდება და ბლოკირებას ჩასრიალებაში დაეხმარება. 20-30 წუთი მოიცადეთ. შემდეგ უნიტაზში წყალი რამდენჯერმე ჩარეცხეთ.

ძმარი და საკვები სოდა

1 ს/კ საკვები სოდა უნიტაზში ჩაყარეთ. შემდეგ 50-100 მლ ძმარი ჩაასხით. შიშინა ქიმიურ რეაქციას მიიღებთ. დაელოდეთ, სანამ ქაფის წარმოქმნა არ შეწყდება. შემდეგ უნიტაზში 1 ლიტრი ცხელი წყალი ჩაასხით და ჩარეცხეთ.

ტუალეტის ჯაგრისი

თუ სახლში ვანტუზი ვერ იპოვეთ, ტუალეტის ჯაგრისი გამოიყენეთ. უნიტაზის მილში ჩადეთ, ზემოთ–ქვემოთ ამოძრავეთ. ასეთი მოქმედება დაშლის ბლოკირებას, რომელიც უნიტაზის გაჭედვის მიზეზი გახდა. თუ ჯაგრისის გაფუჭება არ გინდათ, გამოყენებამდე ჯაგრისს პარკი შემოახვიეთ.

მავთულის საკიდი

აიღეთ ჩვეულებრივი მავთულის საკიდი, მისგან რაღაც გვარლის მსგავსი გააკეთეთ. მიღებული მავთული უნიტაზის მილში ფრთხილად ჩადეთ და სხვადასხვა მიმართულებით ატრიალეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ არ დააზიანოთ საკუთარი თავი და არ დაკაწროთ უნიტაზის საფარი.

გაზიანი წყლის ბოთლი

ამ მეთოდისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე რეზინის ხელთათმანი, რადგან უნიტაზში ხელის ჩაყოფა მოგიწევთ. შეიძლება ითქვას, რომ გაჭედილი უნიტაზის გაწმენდის ბოლო მცდელობაა სანტექნიკოსის და ვანტუზის დახმარების გარეშე. ორლიტრიანი ბოთლი ონკანის ცხელი წყლით გაავსეთ. წყალი რომ არ გადმოიღვაროს, ცერა თითით პირზე დააფარეთ და ბოთლი უნიტაზში ჩაუშვით. შემდეგ ცერა თითი მოაშორეთ და ბოთლის ძლიერ მოჭერა დაიწყეთ. ცხელი წყალი და წნევა ბლოკირებას მოხსნის.

თუ „ველოსიპედის გამოგონება“ არ გიყვართ, სანტექნიკის გაწმენდის სპეციალური საშუალება შეიძინეთ. იაფია, საკმაოდ ეფექტური და სხვადასხვა ტიპის მილებისთვის შესაფერისი. მათი არჩევისას სიფრთხილე გამოიჩინეთ: საშუალება, რომელიც შეიცავს ტუტეს და მჟავას, საზიანო შეიძლება იყოს.