ხალიჩა კედელზე. რატომ ეკიდა ყველა სახლში და რატომ არის ისევ აქტუალური ახლა

0
3182

გახსოვთ, რა ბედნიერება იყო ხალიჩის ყიდვა კედლისთვის? ოდესღაც ეს ძალიან მოდური და ელეგანტური იყო. რატომ ამაყობდნენ საბჭოთა ადამიანები კედელზე დაკიდული ხალიჩით? პაპარაცი გიზიარებთ ასეთი უცნაური დიზაინის გადაწყვეტილების რამდენიმე თეორიას.

სსრკ–ში ყველას დაახლოებით ერთნაირი შემოსავალი ჰქონდა. ყველა იბრძოდა სტაბილური შემოსავლისთვის და ოცნებობდა ბინისთვის რაიმე ეყიდა. როცა ახალგაზრდა ოჯახი ახალ ბინას იღებდა, იქ თითქმის არაფერი იყო. სწორედ ამიტომ, ბინის მოწყობას დიდ დროს უთმობდნენ. იმდროინდელი ბრენდებით და შემოსავლებით მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნიდნენ. კარგი ხარისხიანი ხალიჩის ყიდვა ოცნების საგანი იყო. კარგი გრძელხაოიანი ხალიჩის შოვნა ხომ ძალიან რთული იყო.

ხალიჩა კედელზე

ჩვენს დროში ასეთი ხარისხიანი ხალიჩები ძალიან ძვირია, მაგრამ დეფიციტური საქონელი არაა. დიახ, კედელზე დაკიდულიც იშვიათად გვხვდება. თუმცა დღეს 80-90–იანი წლების მოდის ტენდენციების დაბრუნებას ვაკვირდებით და არა მხოლოდ ტანსაცმელში. ბევრი ინტერიერის დიზაინერი იყენებს ბინის მოწყობის იმდროინდელ იდეებს. სწორედ ამიტომ, თუ თანამედროვე ინტერიერში დაინახეთ კედელზე ხალიჩა, როგორც ბებიას ჰქონდა, არ გაგიკვირდეთ. მოდა ციკლურია, პერიოდულად ყველაფერი ბრუნდება.

სსრკ–ში კედელზე ხალიჩას უფრო პრაქტიკული როლი ჰქონდა. მაგალითად, ხალიჩას საძინებელ ოთახში ან საბავშვო ოთახში საწოლის ზემოთ კიდებდნენ. ასე კედლებს თბუნავდნენ, რომ სიცივეს არ შემოეღწია, განსაკუთრებით ზამთარში. იმ დროს ხომ არ იყო საიზოლაციო მასალები, მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ხოლო ცენტრალური გათბობა ყოველთვის საკმარისი არ იყო.

კედელზე ხალიჩის კიდევ ერთი პრაქტიკული გამოყენება – დამატებითი ხმის იზოლაციის შექმნა. ახალ სახლებში კედლები ძალიან თხელი იყო და მარტივად შეგეძლო მოგესმინათ, რა ხდებოდა მეზობლებთან. სწორედ ამიტომ, ზედმეტი ხმაურისგან თავის დასაცავად სქელ ხალიჩას კედელზე კიდებდნენ. ასე მეზობლებიც ვერ გაიგებდნენ, რა ხდებოდა თქვენს ბინაში. ასეთი ხალიჩა საწოლის გვერდით მფლობელის ძილს გარე ხმებისგან იცავდა.

ხშირად ხალიჩას კედელზე ცენტრალურ ოთახში, მისაღებში კიდებდნენ. იქ იღებდნენ სტუმრებს, უყურებდნენ ტელევიზორს მთელი ოჯახით. დივანი და სავარძლები კედლებს რომ არ შეხებოდა და არ გაეფუჭებინა შპალერი, რომელიც რთულად საშოვნელი იყო, ხალიჩას კიდებდნენ. ყველას, ვინც საბჭოთა კავშირში გაიზარდა, ახსოვს, რა რთული იყო შპალერის შოვნა და მისი გაკვრა. წებოს ხშირად თავად ხარშავდნენ, ამიტომ მისი ხარისხი არც ისე კარგი იყო. ქაღალდის შპალერი ჯერ კიდევ გაკვრამდე ხელში იშლებოდა. ხშირად შპალერზე რჩებოდა არათანაბარი ადგილები. მათ დასაფარად ხალიჩას, ნახატს და კარადას იყენებდნენ.

პრაქტიკული ხალიჩა კედელზე

ცალკე აღსანიშნავია, ახალ სახლებში არათანაბარი კედლები. ცნობილი ხრუშჩოვის ბინები სწრაფად შენდებოდა, მაგრამ ხარისხს ცუდად აკონტროლებდნენ. სწორედ ამიტომ, ტალღოვანი კედლები ნებისმიერი ბინის მთავარი გაფორმება იყო. კედლების გასწორება ყოველთვის ძვირი და გრძელვადიანი პროცესი იყო. ხოლო ახალგაზრდა ოჯახი ცალკე საცხოვრებელში გადასვლას ძალიან ჩქარობდა. მათ ეხმარებოდათ ხალიჩები, რომლის ქვეშაც კედლების უთანასწორობა იმალებოდა.

კითხვაზე, თუ რა სარგებელი ჰქონდა ხალიჩას კედელზე, ძალიან ბევრი პრაქტიკული პასუხის გაცემა შეიძლება. ყველა ოჯახში ასეთი ხალიჩის ყიდვის საკუთარი ისტორია და კედელზე მისი დანიშნულება არსებობს.