ყოფილმა დედამთილმა გაიგო, რომ ვთხოვდები. მოვარდა და ბინის ნახევარს ითხოვს

0
1170

დედამთილს არასდროს ვუყვარდი. ვერ მპატიობდა, რომ წავართვი ერთადერთი ვაჟი, მისი ცხოვრების მთავარი სიხარული. ჩვენი ყოველი შეხვედრა ნამდვილ გამოცდად იქცეოდა. როცა ვთხოვდებოდი, ყველაფერი სხვაგვარად წარმომედგინა.

ჩემს ქმარს მამისგან ოროთახიანი ბინა დარჩა. აქ გავზარდეთ შვილები, აქ ვგეგმავდით დაბერებას. სამწუხაროდ, ჩემი ქმარი ადრე გარდაიცვალა, რამდენიმე სესხი დამიტოვა. ვერ დავადანაშაულებ, რადგან მის იდეებს ყოველთვის მხარს ვუჭერდი. უფრო მეტად გავბრაზდი დედამთილის საქციელზე, რომელიც ითხოვს ნახევარ თანხას იმ ბინისგან, სადაც შვილებთან ერთად ვცხოვრობ. იცით რატომ? იმიტომ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდა.

პირველი ქორწინება

ცოტას პირველ ქმარზე გიამბობთ. მოკრძალებული ოჯახიდან ვიყავი, მშობლებისგან არაფერი მიმიღია (ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი), მან კი გარდაცვლილი მამისგან მემკვიდრეობა მიიღო. სიტყვაზე, დედამთილთან დიდი ხნის წინ იყო დაშორებული, ცოლ–შვილი მიატოვა. ვხვდები, რატომაც.

მასთან ურთიერთობამ დამტანჯა. ყოველთვის შესამოწმებლად მოდიოდა, მთელ სახლს თავდაყირა აყენებდა. აუცილებლად კომოდთან ან კარადასთან მიდიოდა და როგორც ძველ ფილმებში იყო, თითს ზედა თაროზე უსვამდა მტვრის საპოვნელად. მაგრამ ეს გაკვეთილი ვისწავლე და მისი სტუმრობისთვის ვემზადებოდი, რომ მტვერიც არ ყოფილიყო. განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა, როცა შვილს ეუბნებოდა, რომ ფეთხუმი ვიყავი.

ჩემი საჭმელი არ მოსწონდა, არც ტანსაცმელი, რომელსაც შვილებს და მეუღლეს ვყიდულობდი. მისი თქმით, ყველაფერი ცუდი ხარისხის იყო ან უშნო. მოთმინების ძალა აღარ მქონდა, მაგრამ ქმრის ხათრით არაფერს ვამბობდი.

როგორ დავქვრივდი

დედა ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა, ეხმარებოდა, ყოველდღე ურეკავდა. თუ სასწრაფოდ ტომარა კარტოფილი სჭირდებოდა, დილით ადრე დგებოდა და სამსახურში წასვლამდე ბაზარში მიდიოდა. თუ აგარაკზე წასვლა სჭირდებოდა, მაშინვე ყველა საქმეს გვერდზე დებდა. თავიდან მასში ყველა ეს თვისება მომწონდა, ყოველთვის მოთმინებას იჩენდა დედის და ჩემს მიმართ. ამას დედამთილზე ვერ ვიტყვი.

ჩემს ისტორიაში გასაკვირი არაფერია, ჩემს მეგობრებს შორისაც არიან ასეთი დედამთილები. ასე ხდება, როცა ქალს ერთადერთი ვაჟი რჩება. მისთვის ის შვილიც არის, მეგობარიც, ცხოვრებაში მამაკაცის კომპენსაციაც. შედეგად, ყველაფერზე წავა, რომ მას დაშორების შესაძლებლობა არ მისცეს. სხვა საცოლეები წარმატებით ჩამოიშორა, მაგრამ ჩემთან მისმა ხრიკებმა არ გაჭრა.

მიშას, ასე ერქვა მეუღლეს, სტრესული სამუშაო ჰქონდა, ხანგრძლივი სამუშაო საათებით. წლების განმავლობაში თირკმლების პრობლემების გამო წონაშიც მოიმატა. ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის პრობლემებში დედამთილი მე და ჩემს კერძებს ადანაშაულებდა. ბოლოს, გულმა ასეთ დაძაბულ რეჟიმს ვერ გაუძლო.

დედამთილის ნამდვილი სახე

იცით, რა გააკეთა ამ ქალმა? აბსოლუტურად არაფერი. დაკრძალვის ორგანიზება ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რადგან თავად ღარიბი პენსიონერია, რომელიც შეგიძლია მხოლოდ შეიცოდო. მხარდაჭერას მეგობრების ოჯახში ვეძებდი. კარგია, რომ მე და მიშას კარგი ახლობლები გვყავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი.

სესხი ბევრი არ იყო, მაგრამ საკმარისი, რომ მეორე სამსახურიც მომეძებნა. დღისით ექთნად ვმუშაობდი საავადმყოფოში, ღამით ვმორიგეობდი ონკოლოგიურ კლინიკაში. ნელ–ნელა მანქანის და შვილების სწავლის ფული დავფარე. უფროსმა ვაჟმა როგორც კი შეძლო ცალკე გადავიდა, ნახევარ განაკვეთზე მუშაობა დაიწყო და ფულით მეხმარებოდა. უმცროსი შვილი სახლში დარჩა, დღემდე ყველაფერში მეხმარება. ჩვენი შვილებით ძალიან ვამაყობ, მიშაც იამაყებდა.

როცა დედამთილმა სესხის შესახებ გაიგო, თვალებიც არ დაუხამხამებია. სამაგიეროდ, ჩემი და შვილების ცხოვრებაში ნაკლებად ერეოდა, მხოლოდ დღესასწაულებზე რეკავდა. თითქმის დამავიწყდა, რომ ერთ დროს დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. მოხარული ვიქნებოდი, რომ არ გამეხსენა, მაგრამ შესაძლებლობა გაჩნდა.

ჩემი კოლეგა საავადმყოფოში, უფროსი ქირურგი, დიდი ხანია ჩემზე ზრუნავს. ჩემი შვილის ასაკის ქალიშვილი ჰყავს, ერთმანეთს ღვიძლი დებივით უგებენ. მე 42 წლის ვარ, ის – 48 წლის. ერთხელ საღამოს ფინჯან ყავაზე დავსხედით და ურთიერთობაზე დავილაპარაკეთ. მითხრა: “არც ისე მოხუცები ვართ, მოდი, დავქორწინდეთ”. დიდი ხნის განმავლობაში პირველად თავი ბედნიერად ვიგრძენი.

 მეორე ქორწილი

თარიღი დავნიშნეთ, მხოლოდ მეგობრების და ნათესავების დაპატიჟება გადავწყვიტეთ. მეგონა, ჩემი შვილების ბებიის დაპატიჟება სწორი იქნებოდა, მაგრამ შევცდი.

გაიგო რა, რომ მე და ჩემი საქმრო ვგეგმავთ ბინების გაყიდვას და საკუთარი სახლის აშენებას, ნამდვილი სკანდალი მოაწყო და ნახევარი წილი მოითხოვა. ყველაზე მეტად წუხს, რომ მისი შვილის ბინისგან მიღებული თანხით ავაშენებ სახლს, სადაც სხვა კაცთან ერთად ვიცხოვრებ.

კითხვაზე, რატომ არ ახსენა ქონებაზე არაფერი ადრე, მიპასუხა, რომ შვილიშვილები ეცოდებოდა. ახლა გაიზარდნენ, მე კი, როგორც ჩანს, პირად ბედნიერებაზე ფიქრი აკრძალული მაქვს. დედამთილის ოცნებაში, ალბათ, სამუდამოდ ქვრივი უნდა დავრჩე.

ამ ქალისგან ტანში ჟრუანტელი მივლის. შვილები შოკში არიან, ღვიძლი ბებიის დანახვა აღარ უნდათ. რა თქმა უნდა, ახსოვთ, რა დღეში მაგდებდა, როცა ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. ახლა მათი მოთმინებაც გასკდა და მთლიანად ჩემს მხარეს არიან.

მომავალი ქმრისთვის ჯერ არაფერი მითქვამს. არ მინდა დღესასწაულის ჩაშხამება. ახლა საბუთების მომზადების პროცესშია. არ ვიცი, ღირს ვუთხრა თუ არა, რადგან ეს არაფერს ცვლის. სამაგიეროდ, ახლა ზუსტად ვიცი, ვისი დაპატიჟება არ ღირს ქორწილში.