მენსპრედინგი ან რატომ შლიან მამაკაცები ფეხებს ფართოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში

0
181

საქალაქო ტრანსპორტი კომფორტისთვის შექმნილი თავისთავად არაა. მეტროს ვაგონში, ავტობუსში თუ მიკროავტობუსში ყოველ წამს პირადი სივრცე ირღვევა. მასთან ერთად იზრდება აგრესიის და სხვების აუტანლობის დონე. რა თქმა უნდა, ტრანსპორტში უკულტუროდ ნებისმიერი ვინმე შეიძლება იჯდეს, სქესის განურჩევლად. ჩვეულებრივ, მამაკაცები სხდებიან ფართოდ გაშლილი ფეხებით. სოციალურ ქსელებში ამ ჩვევას მენსპრედინგს უწოდებენ.

Manspreading (ინგლისურიდან man – „კაცი“ და spread – „გავრცელება, გასწორება, გაშლა“) – ტერმინი აღნიშნავს მამაკაცის ჩვევას იჯდეს ფართოდ გაშლილი ფეხებით. ბუნებრივია, ასეთი პოზა უხერხულობას უქმნის მათ, ვინც ცდილობს ავტობუსში ან მეტროში მის გვერდით ადგილი დაიკავოს.

მენსპრედინგის კონცეფციის ისტორია

  • 1915 წელს სოციალურ რეკლამაში, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქცევას ეძღვნება, მენსპრედინგის აღმნიშვნელი ტერმინის პირველი ხსენება ჩნდება.
  • 1953 წელს ნიუ–იორკის მეტროში ვრცელდება ფლაერები, რომელიც ხალხს მოუწოდებს კულტურული ქცევისკენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მაგალითად, არ ჩაიხედოთ სხვის გაზეთში, არ გადაკეტოთ კარი, არ შეაწუხოთ ქალები და არ გაშალოთ ფეხები ისე, რომ სხვას დაჯდომა გაუჭირდეს. ბოლო განცხადებას ეწოდება “space hog”, რაც ითარგმნება, როგორც “სივრცის შთამნთქმელი”.
  • 2013 წელს ფემინესტებმა ფლეშმობი მოაწყვეს მენსპრედინგის წინააღმდეგ სოციალურ ქსელ Tumblr-ში. ტერმინი ახალგაზრდების ყოველდღიურ ლექსიკაში მყარად ფიქსირდება.
  • 2014 წელს ნიუ-იორკის სატრანსპორტო კომპანია MTA მეტროს ვაგონებში და ავტობუსებში აკრავს პლაკატებს სიტყვებით “მეგობარო, გთხოვ, შეწყვიტე ფეხების გაშლა”.
  • 2015 წელს ტერმინი ოფიციალური ხდება და ოქსფორდის ონლაინ ლექსიკონში შედის.
  • ახლანდელი დრო. ტერმინი ჟარგონში და სამეცნიერო ნაშრომებში აქტიურად გამოიყენება. ფენომენს სოციოლოგები და ფსიქოლოგები სწავლობენ.

ყველაფერში დამნაშავეა ფიზიოლოგია?

ზოგიერთი ექიმი ამტკიცებს, რომ პოზა, რომლის დროსაც მამაკაცი ზის და ფეხებს ფართოდ შლის, ვინმეს დაჩაგვრის ან დომინირების სურვილს არ უკავშირდება. თითქოს, ასეთ ქცევას მამაკაცები თავიანთ ფიზიოლოგიას უნდა უმადლოდნენ.

საქმე ეხება ფენომენს, რომელსაც ეწოდება “Q კუთხე” ან “კვადრიცეფსის კუთხე”. ქალის მენჯის ძვლები ოდნავ უფრო ფართოდ განლაგებულია, ვიდრე მამაკაცის, ხოლო მათი სახსრები ბარძაყის ძირში უფრო მოძრავია. ეს საშუალებას აძლევს ქალს ფეხი ფეხზე გადადებული მშვიდად იჯდეს და არ შეექმნას პრობლემები ხერხემალზე დატვირთვის გადანაწილებასთან დაკავშირებით.

მამაკაცებს უფრო ვიწრო თეძოები აქვთ. ამ თავისებურების გამო მოკლებულნი არიან მოძრაობის ამპლიტუდას, რომელიც საშუალებას მისცემთ მშვიდად ისხდნენ ერთმანეთთან შეერთებული ფეხებით.

მემკვიდრეებზე ზრუნვა

ასევე ექიმები შეგახსენებთ ისეთ ფენომენს, როგორიცაა გადახურება. ცნობილია, რომ ტესტოსტერონის წარმოებისთვის გარკვეული ტემპერატურაა საჭირო. ის ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე რამდენჯერმე დაბალი უნდა იყოს.

გარდა ამისა, ტანსაცმელი ხელს არ უნდა უშლიდეს ჰაერის მოძრაობას და ზეწოლას არ ახდენდეს ინტიმურ ზონაზე. ვიწრო შარვალში მჯდომარე პოზაში დიდხანს ყოფნა მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

სწორედ ამიტომ, ფეხების ფართოდ გაშლა სასქესო ორგანოების დაავადებების ყველაზე ხელმისაწვდომი პროფილაქტიკაა.

მენსპრედინგი ფსიქოლოგების თვალსაზრისით

ეკატერინა ბრიანცევა, სანქტ-პეტერბურგის ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ერთ–ერთ ონლაინ გამოცემასთან ინტერვიუში გამოთქვამს თავის მოსაზრებას (რა თქმა უნდა, კვლევით განმტკიცებულს) მენსპრედინგის შესახებ.

ის ირწმუნება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სექსუალური განათლების კულტურა.

“უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ გოგონამ პატარა ასაკიდან პატივი უნდა შეინარჩუნოს. ეს სტერეოტიპი სექსუალურ ურთიერთობებშიც ვლინდება: ფეხები იზრდება ინტიმური ადგილიდან, რომელიც ქალის ორგანიზმში ამოსავალი წერტილია – ეს არის შეზღუდვის წერტილიც და ადგილიც, საიდანაც ბავშვები ჩნდებიან. ქალმა ის უნდა დამალოს. ეტიკეტის მიხედვით, ქალის ფეხები შეერთებული უნდა იყოს.

აი, მამაკაცს, ფსიქოლოგის აზრით, თავისი მამაკაცურობის დემონსტრირება ფიზიკურად სჭირდება:

“თუ სხეულის ენის კლასიკას ავიღებთ, ფართოდ გაშლილი ფეხები მზადყოფნის ნიშანია. ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცი მზადაა ვინმესთან სქესობრივი კავშირის დასაჭერად – ეს აქტიური მდგომარეობის მაჩვენებელია”.

მენსპრედინგი ფროიდისებურად

ფროიდი თვლიდა, რომ ადამიანს აქვს ორი წამყვანი ინსტინქტი: ეროსი და თანატოსი. თანატოსი – სიკვდილისკენ ან განადგურებისკენ სწრაფვა. ეროსი – სიამოვნების მიღებისკენ სწრაფვა (არა მხოლოდ სექსუალური). ფსიქოლოგიის ტიტანის მიხედვით, ინტიმი და აგრესია მამაკაცის ქცევის საფუძველია. მათ უნდა აჩვენონ დომინირება თავიანთი სქესის მეშვეობით.

თუ ფროიდის სწავლებას მივყვებით, შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:

ფართოდ გაშლილი ფეხებით ზის მამაკაცი, რომელიც ან ძიების პროცესშია ან აქვს გარკვეული უკმარისობა ან მაჩოს დემონსტრირებას ცდილობს.

აქ თამაშში ერთვება ჰიპერკომპენსაცია. თუ მამაკაცმა ვერ გადაჭრა რაიმე პირადი საკითხი, გაუცნობიერებლად ამის დემონსტრირებას იწყებს.

სოციალური სტატუსის გავლენა

ყველაზე ხშირად ფართოდ გაშლილი ფეხებით სხედან მამაკაცები, რომლებმაც ვერ გადაჭრეს პრობლემა თავიანთი სოციალური სტატუსის შესახებ. მამაკაცურობის კრიტერიუმი არა მხოლოდ ინტიმურ შესაძლებლობებს გულისხმობს. ეს არის ნაკრები, რომელშიც შედის სოციალური სტატუსი, ფინანსური შესაძლებლობები და ა.შ.

ფსიქოლოგი ირწმუნება, რომ მამაკაცები, რომლებიც მაღალ სოციალურ დონეზე არიან და კარგი ფინანსური რესურსები აქვთ, როგორც წესი, ეტიკეტის წესებს იცავენ. ისინი საკმარისად თავდაჯერებულნი არიან, ამიტომ უპირატესობის დემონსტრირებას არ ცდილობენ.

მენსპრედინგის სოციოლოგიური საფუძველი

დენის გვოზდიკოვი, სოციოლოგი და სოციალური ანთროპოლოგი, ამბობს, რომ მენსპრედინგის ინტერპრეტაცია შესაძლებელია ადამიანის ეთოლოგიის პრიზმაში:

“მამაკაცი, რომელიც მალულად აჩვენებს თავის სასირცხო ადგილს და იკავებს საჭიროზე დიდ სივრცეს, ფარულ დომინანტურ ქცევას ავლენს.”

ეს მხოლოდ ვარაუდია. როგორც ის, რომ მამაკაცს მენსპრედინგისკენ უბიძგებს ტრანსპორტში მასობრივი და ანონიმური საზოგადოების ატმოსფერო, რომელიც იწვევს აგრესიას და კონკურენციას.

სოციოლოგის თქმით, დომინანტობის და კონკურენციაში გამარჯვების სურვილი, როგორც აგრესია, ქალებსაც ახასიათებთ. სხვა საქმეა, რომ მამაკაცები, როგორც წესი, უფრო დიდები და ფიზიკურად ძლიერები არიან.

ძალით “მეტოქის” დათრგუნვა უმარტივესი გზაა. ხოლო დემონსტრაცია ზოგჯერ უფრო ეფექტური და უსაფრთხოა, ვიდრე აშკარა მუქარა. ანონიმურობის პირობებში ქალებმა შეიძლება დაინახონ საფრთხე იქ, სადაც რეალურად არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ყველაზე გონივრული გზაა თავაზიანად სთხოვოთ მგზავრს ცოტა შევიწროვდეს.

როგორც ხედავთ, რა ახსნაც არ უნდა ჰქონდეს სპეციალისტებისგან, მაინც ფიზიოლოგიას ვუბრუნდებით.