თვეში ერთხელ დედა სამუშაო ხალათებს ძველებურად ხარშავს. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთხელ ჩემმა ქმარმა შეუსწრო 

0
798

რა არ გადამხდენია თავს, მაგრამ რთულ ადამიანებთან საერთო ენის პოვნის უნარი ყოველთვის მეხმარებოდა. მაგალითად, დედაჩემთან, რომელსაც აქვს კომუნიკაციის მხოლოდ ერთი ტექნიკა – ბოლომდე მიწოლა, გამარჯვებამდე. ამაში ვერ ვადანაშაულებ. მისი მებრძოლი სული რომ არა, აქ არ ვიქნებოდი. ვფიქრობდი, დედაჩემის რთული ხასიათი ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. ასეც იყო, სანამ ჩემს ქმარს არ შევხვდი.

უბედურება ისაა, რომ ჩემს დათოსაც რთული ხასიათი აქვს. ცალ–ცალკე ორივესთან ურთიერთობას ვახერხებ, მაგრამ ერთად კატა–ძაღლივით არიან. ახლა ღმერთმა არ ქნას, შეხვდნენ – მზად არიან, ერთმანეთი დაგლიჯონ. ადრე თუ გვიან, ყველაფერი ამით უნდა დასრულებულიყო: მგონი, განქორწინებაზე განცხადება შემაქვს.

არსებობს ადამიანის რთული ხასიათის გამოსწორების მეთოდი?

გიამბობთ ცოტას დედაჩემზე, რომელიც ძალიან მიყვარს. საპორტო ქალაქში, ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა. მაშინ თითქმის ყველა ღარიბი იყო და ეს სამარცხვინოდ არ ითვლებოდა. ახალგაზრდობაში მეზღვაური, წყალქვეშა ნავის უმცროსი ლეიტენანტი, შეუყვარდა. ისე, როგორც სიმღერებში წერია. ოღონდ დედისთვის ხელი არ უთხოვია, შორეულ მოგზაურობაში წავიდა და წავიდა. იმ დროს დედა ჩემზე ორსულად იყო.

ჩემს გამო სასწავლებელი მიატოვა, სასწრაფოდ სამსახური იპოვა. როცა ძალიან პატარა ვიყავი, ჩემზე ბებია და ბაბუა, დედაჩემის ერთადერთი ნათესავები, ზრუნავდნენ. მოგვიანებით მე და დედა ახლომდებარე დიდ ქალაქში გადავედით. იქ სამსახური იპოვა.

რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ბევრს მუშაობდა. ხან მაღაზიაში გამყიდველად, ხან დამლაგებლად, ხან მორიგე დარაჯად. არავითარი საქმე არ აშინებდა, ოღონდ კი საკვების და ბინის ქირის ფული ჰქონოდა. ბებია–ბაბუისგან მათი გარდაცვალების შემდეგ არაფერი მიგვიღია, ვინაიდან სახლი მთლიანად დაინგრა და იმ დროს მიწის გაყიდვა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

უნივერსიტეტში არ წავედი. სკოლის დასრულების შემდეგ სამსახური ვიპოვე, რომ დედას დავხმარებოდი. ასე ერთად ვშრომობდით. ცოტა ამოვისუნთქეთ, მაგრამ საკუთარ თავს ბევრის უფლებას ვერ ვაძლევდით. 30 წლის რომ გავხდი, რამდენიმე ბინის გამოცვლის შემდეგ არჩევანი შევაჩერეთ მყუდრო ოროთახიან ბინაზე, ცენტრიდან არც ისე შორს, საცხოვრებელ უბანში. როგორც იქნა, გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. საღამოს კურსებზე სიარული დავიწყე. დედამ სხვა სამსახური იპოვა, საავადმყოფოში მედდად მოეწყო.

ნანატრი ქორწინება: სიძე–დედამთილის გაცნობა

შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დათო გამოჩნდა. გულწრფელად, იმ დროისთვის ოჯახის შექმნის იმედი აღარ მქონდა. ბუნებამ არ დამაჯილდოვა არც გარეგნობით, არც მემკვიდრეობით. შევეგუე, რომ შინაბერა დავრჩებოდი, მაგრამ ბედმა ბედნიერების შანსი მომცა.

დათო კარგად მექცეოდა, თუმცა მკაცრი იყო. მაშინვე ერთად ცხოვრება შემომთავაზა, ცოტა ხანში ხელი მთხოვა. მოკლედ, სერიოზული მამაკაცი. დედას ჩემი ბედნიერება ძალიან უხაროდა, მაგრამ ოროთახიანი ბინის ხარჯს მარტო ვერ გაწვდებოდა. შევთავაზე, ქირის გადახდაში დახმარება, მაგრამ მითხრა, ჰოსტელში ცხოვრება უფრო ადვილი იქნებოდა, თან თავს მარტო არ იგრძნობდა. არ უნდა მომესმინა.

დათოსთან ერთად კარგად ვცხოვრობდი. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან პედანტი აღმოჩნდა. ყველა ნივთს მკაცრად განსაზღვრული ადგილი ჰქონდა, საუზმე, სადილი და ვახშამი გრაფიკით. მაინც საწუწუნო არაფერი მქონდა: სამსახურიდან წამოვედი, რადგან დათო დაჟინებით მოითხოვდა, რომ სახლისთვის მიმეხედა და სწავლა გამეგრძელა.

რა ანგრევს ოჯახურ ურთიერთობებს

უბედურება იქედან მოვიდა, საიდანაც არ ველოდი. 6 თვეც არ გავიდა, რომ დედა ჰოსტელში ყველას ეჩხუბა – ხან თევზს ისე წვავს, სუნი მთელ ქუჩაში დგას, ხან მეზობელი რაღაცას პარავს. დედა ისეთია, სიტყვას ჯიბეში არ ეძებს და არაფერს მოითმენს. ცხოვრება კი არ ჰქონდა, არამედ მუდმივი ბრძოლა მეზობლებთან. მისი კატაც ქუჩაში გააგდეს, რადგან კედლების მონიშვნა დაიწყო. დედა 2 დღე სარდაფებში ეძებდა. საწყალმა კატამ ამ დროში ბეწვის ნახევარი დაკარგა და რწყილები აიკიდა.

დათომ თავად შემომთავაზა, რომ დედა დროებით ჩვენთან დარჩენილიყო. რომ მცოდნოდა, რა მოყვებოდა ამას!

დედა დილით ადრე დგება და ამისთვის რამდენიმე მაღვიძარას აყენებს. დათო გვიანობამდე მუშაობს, ამიტომ ძილი არ ყოფნის. როცა ადგომის დრო მოდის, სამსახურში გაბრაზებული და გაღიზიანებული მიდის. ვცადეთ დედასთან დალაპარაკება, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია – ცუდად ესმის.

შემდეგ უარესი. როგორც უკვე გითხარით, სახლში ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს. ალბათ, დედას შეეძლო ყველაფრის დამახსოვრება, მაგრამ პრინციპულად არ სურს. თვლის, რომ ჩემი ქმრის პედანტურობა ერთგვარი ფსიქიკური დაავადებაა. თითქოს, შეუძლებელია ყველაფერი ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას იდოს, სანტიმეტრი სანტიმეტრში.

დათო თვალებს აბრიალებს, როცა ნივთებს შეუსაბამო ადგილას ნახულობს. ხან ტანსაცმლის საწმენდი წებოვანი ლენტი სააბაზანოშია, ხან პირსახოცი გათბობის ბატარეაზე შრება, ხან ყავის ფინჯანი ფანჯრის რაფაზე. მე ვიღებდი შენიშვნებს, რომ დედას წესრიგი ვერ ვასწავლე.

ბოლო წვეთი რეცხვა გახდა. თვეში ერთხელ დედას სამუშაო ხალათები სახლში მოაქვს, რომ კარგად გარეცხოს. ჯერ რეცხავს, შემდეგ ძველებურად ხარშავს. ამჯერად სახლში არ ვიყავი, რომ კატასტროფა თავიდან ამეცილებინა, ასე რომ არაფერი ვიცოდი. გავიგე, როცა ქმარმა დამირეკა და მითხრა: “დედაშენი ხალათებს ხარშავს წვნიანის ქვაბში”.

იმ დღეს ჩემი ტელეფონი ორ ნაწილად გაიყო. აქეთ ქმრის ზარები, იქით – დედაჩემის. როცა სახლში მოვედი, სიტუაციის მთელი საშინელება გავაცნობიერე: დროულად რომ არ მოვსულიყავი, აუცილებლად იჩხუბებდნენ.

რა თქმა უნდა, ხალათების ხარშვა ნაკლებად სასიამოვნო პროცესია. ორთქლი მთელ სახლში, სუნი და კიდევ ხალათები წვნიანის ქვაბში. თუმცა დათო უხეშად მოიქცა: ხალათები სააბაზანოში ჩააგდო, დედის გაგდება სცადა. დედამ ამის ატანა ვერ შეძლო, ამიტომ როგორც კი მოვედი, ნივთების ჩალაგება დაიწყო. ერთად ცხოვრება არ შეუძლიათ. ვცადე, ქმრისთვის ახსნა, რომ ახლა წასასვლელი არსად აქვს, რაზეც მიპასუხა: “არ მაინტერესებს, თუნდაც ქუჩაში იცხოვროს”.

კარგია, რომ დედა თანამშრომელმა დროებით შეიფარა. იმის მიუხედავად, რომ მასთან ერთად შვილი და რძალი ცხოვრობენ. კატა ჩვენთან დარჩა. კიდევ კარგი, დათოს ცხოველები მაინც უყვარს.

ახლა არ ვიცი, რა გავაკეთო. დედა ყოველდღე რეკავს, ტირის, ამბობს, რომ არ იცის, სად წავიდეს. ვწუხვარ, რომ ქმარს ფინანსურადაც არ სურს დახმარება, რომ დედამ ბინა იქირავოს. უარესია ის, რომ ამასაც მიკრძალავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მივატოვო, ოჯახიც და სწავლაც, სამსახური ვიპოვო და დედასთან ერთად ვიცხოვრო. ვერ გადავიტან, დედა ისევ ქუჩაში რომ გააგდონ.