სკანდინავიური გამკვრივება ან რატომ სძინავთ ბავშვებს გარეთ, სიცივეში და არ რჩებიან სახლში სურდოს დროს

0
197

ზოგიერთი მშობლისა და ბებია–ბაბუის თვალში საბავშვო ბაღში გასეირნება სახიფათო საქმეა, განსაკუთრებით ზამთარში. ბავშვი ხომ ცივ ქუჩაში დადის! რომ გაცივდეს, ფეხი დაუცურდეს, ხველა და ცემინება დაეწყოს?! როგორ შეიძლება ბავშვი ყინვაში გაიყვანო სამი წყვილი შარვლის, 4 სვიტერის და ბეწვიანი ქუდის გარეშე?! შედეგად, ბავშვს ემუქრება ოფლიანობის რისკი ამდენი ფენა ტანსაცმლის ქვეშ და ასეთ გასეირნებას სარგებელი არ აქვს.

ამ საკითხს სკანდინავიელები ბევრად მარტივად უყურებენ. შეგახსენებთ, რომ იმ მხარეში ძალიან ცივა, ზამთარში ყინვა უბრალოდ აუტანელია. და მაინც, არც ერთი ქალი არ ჩააცმევს თავის შვილს კომბოსტოსავით. ჩვეულებრივი ქურთუკი, შარვალი ქვეშარვლის გარეშე და ქუდი. მორჩა. დაე, იმუნურმა სისტემამ იმუშაოს. ასე ცხოვრობენ.

ბავშვების გასეირნება საბავშვო ბაღში

ადრეული ასაკიდან ბავშვების გამკვრივებას სკანდინავიელები მიჩვეულნი არიან. ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. ამ მხრივ ზედმეტი ზრუნვა მისასალმებელი არაა, ვინაიდან შვედეთის, დანიის თუ ნორვეგიის ყველა მაცხოვრებელი ამ ეტაპს გადის. ეს ჩვენთან შეიძლება კეთილმა ბებიამ ბავშვი გააჩეროს და ჰკითხოს: “შვილო, სად არის შენი ქუდი?” იქ, პირიქით ხდება. უბრალოდ წარმოიდგინეთ.

საბავშვო ბაღებში დღისით გარეთ სეირნობა მიღებულია ისე, როგორც ჩვენთან. თუმცა თუ ჩვენს შემთხვევაში, მაგალითად, ძლიერი ქარის ან თოვლის დროს ბავშვებს არსად უშვებენ, შვედეთში ასეთი ამინდი მხოლოდ უხარიათ. “როგორც იქნა, სუფთა ჰაერი”. არანაირი გაუქმება. დიახ, პირველად ბავშვები აცემინებენ და სრუტუნობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ორგანიზმი ასეთ პირობებს ეგუება.

სხვათა შორის, როგორც ყველგან, სკანდინავიის სკოლებსა და ბაღებს აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები. მაშინაც კი, თუ ბავშვი ნამდვილად ავად გახდება, სერიოზული მედიკამენტის მიცემა მიღებული არაა. მით უფრო, ანტიბიოტიკის. არანაირი სიცხის დამწევი საშუალება. ბავშვი თავად უნდა შეებრძოლოს ავადმყოფობას, ჩარევის გარეშე. ბუნებრივია, ჩვეულებრივ სურდოზე ვსაუბრობთ. ღმერთმა არ ქნას სერიოზული შეტევა მოხდეს, ამ შემთხვევაში ყველა საჭირო ზომა დაუყონებლივ იქნება მიღებული.

რა უნდა ვთქვათ, თუ სკანდინავიაში მშობლები ჩვილების გამკვრივებაზეც ზრუნავენ. კერძო სახლების მაცხოვრებლები ბავშვებს ეტლებში აძინებენ და პირდაპირ სუფთა ჰაერზე ტოვებენ. ბუნებრივია, როცა თოვლი ან წვიმა არაა. და მაინც, სიცივეა, ასე? არა, არაფერია. მსხვილლოყება ბავშვებს უდარდელად სძინავთ დაბალი ტემპერატურის მიუხედავად და ძალებს იკრებენ. გავიხსენოთ, როგორ ხდება აქ: თბილ ბინაში შეფუთული ბავშვი გათბობის ბატარეას ეხუტება და მაინც ავადდება. როგორც ჩანს, ამის მიზეზები ჯერ კიდევ არსებობს.

რაც შეეხება სოციალურ საკითხებს?

უნდა გვესმოდეს, რომ სკანდინავიაში განათლების სისტემაც უნიკალურია. მაგალითად, ბავშვებს აძლევენ მეტ თავისუფლებს, ვიდრე მათ თანატოლებს ჩვენთან. იქ მასწავლებელი ღმერთი და მეფე არაა. ეს ჩვენთან არის მიღებული თქმა “ზარი მასწავლებლებისთვის”, როცა შესვენების დრო მოდის. რამდენჯერ ყოფილა, რომ მოსწავლე გაკვეთილების შემდეგ დაუტოვებიათ? პრინციპში, ეს ხშირი პრაქტიკაა. აი, იქ, მათი სისტემა სხვაგვარად მუშაობს. დაიწყო შესვენება? ნახვამდის. ვერ გაიგო ბავშვმა გაკვეთილი ბოლომდე? ეს შენი შეცდომაა, როგორც მასწავლებლის. ბავშვებმა კი უნდა დაისვენონ, მათი ნერვული სისტემა ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა.

სკოლებში დასჯა არაა, როგორც ქება. არ არიან მასწავლებლების “ფავორიტები” და ადგილობრივი “ხულიგნები”. ბუნებრივია, ყველა ბავშვი განსხვავებულია და ეს უდავოა, მაგრამ მასწავლებლები ყველას ერთნაირად ეპყრობა, მათი მოსწრების და ქცევის მიუხედავად. ჩვენთან, უნდა ვაღიაროთ, ყოველთვის იყვნენ მლიქვნელები, რომლებიც მაღალი ქულისთვის მასწავლებელს ხოტბას ასხამდნენ. მოჩხუბრებიც ბევრნი იყვნენ. მათთან ყოველთვის შესაბამისი ურთიერთობა იყო. სწორია ასეთი მიდგომა თუ არა?

თითქოს, პირველ რიგში, ბავშვების აღზრდაში მშობლები უნდა იყვნენ ჩართული. მართალია, ეს ნამდვილად მათი მოვალეობაა. სკანდინავიელები ამას საკუთარი მაგალითით აჩვენებენ. ბავშვს, რომელიც სხვა ბავშვს უბიძგებს, არ საყვედურობენ და მთელი კლასის წინაშე არ სჯიან. ამას ფართო გახმაურებას არ აძლევენ. მასწავლებელი მშობელს ურეკავს და უფლებას აძლევს, თავად გადაწყვიტოს ეს საკითხი. ჩვენთან სკოლაში თუ ბაღში ნამდვილი შოუს მოწყობა უყვართ. დირექტორის, გამგის, მშობლის მონაწილეობით და ა.შ. რა საჭიროა? იქნებ, ამ დროში ბავშვები უკვე შერიგდნენ?

როგორ არ გავიხსენოთ “ყველასთვის საყვარელი” მშობელთა კრება? ზოგიერთ სკოლაში რამდენიმე თვეში ერთხელ მშობელთა კრება მიღებული პრაქტიკაა. მაშინაც კი, თუ განსახილველი არაფერია. ვისაუბროთ სასკოლო დღესასწაულზე? კლასში მოსწრებაზე? ფარდა უკვე 6 თვეა არ შეცვლილა, ფული ავკრიფოთ და შევცვალოთ? ნამდვილად, ზრდასრული ხალხის შეკრება, სადაც მხოლოდ ზოგადი საკითხები განიხილება.

საშუალო სტატისტიკური ნორვეგიელისთვის ეს ნამდვილი შოკი იქნება. რა, რატომ ეს ყველაფერი? მე მაინტერესებს ჩემი ბავშვი და უმეტეს ინფორმაციას ციფრული დღიურიდან ვიგებ. რა საჭიროა მისვლა და დროის ხარჯვა? რა თქმა უნდა, იქაც იკრიბებიან მშობლები, მაგრამ როცა მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი. მაგალითად, მოსიარულე ინფექციური დაავადება ან მსგავსი რამ. და არა ფარდა და მოახლოებული დღესასწაული. ასეთ საკითხებს სკოლა საკუთარი ძალებით განიხილავს.

იქნებ, საქმე ადამიანებშია?

აი, ასეთი სისტემაა. სკანდინავიელები შვილებს განსაკუთრებულად ეპყრობიან. ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. მათი სოციალური პოლიტიკაც ბევრისგან განსხვავდება. ზოგი მას “ნამდვილ სოციალიზმს” უწოდებს. არა, არ დადიან პლაკატებით და ბანერებით, არ ყვირიან ლოზუნგებს ყოველ ნაბიჯზე. მათთვის მთავარია, ადამიანთან უფლებების უზრუნველყოფა და სოციალური კეთილდღეობა. სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა.

სულიერი ცხოვრება, პოლიტიკური თამაშები და სხვა ზიზილპიპილები მეორეხარისხოვანია. თუ ოჯახს აქვს სტაბილური შემოსავალი, ხვალინდელი დღის იმედი, არავინ ფიქრობს რაიმე განსაკუთრებულ უპირატესობაზე სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებზე. ეს არავის სჭირდება და ეს შესანიშნავია, როგორც არ უნდა შეხედო. ვინ იცის, იქნებ, ერთხელ სხვა ქვეყნებმა სკანდინავიას შეხედოს და დასკვნები გამოიტანოს. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. მხოლოდ საუკეთესოს იმედი გვრჩება.