გასაშლელი მაგიდა–წიგნი – რატომ იყო ადრე ყველა ოჯახში და როგორ ჩავრთოთ თანამედროვე ინტერიერში

0
265

ასეთი ავეჯის ატრიბუტი ადრე ბევრს ჰქონდა. ოდესღაც მისი ყიდვა ბედნიერების ნიშანი იყო და ყველა ოჯახი მის შეძენაზე ოცნებობდა. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შლიდნენ, მის გარშემო იკრიბებოდნენ ნათესავები და მეგობრები. მიხვდით, რომელ ნივთზე ვსაუბრობთ? რა თქმა უნდა, მაგიდა–წიგნი, ყველა ოჯახური დღესასწაულის საბჭოთა ატრიბუტი. პაპარაცი გიამბობთ, რატომ უყვარდათ ეს მაგიდა, როგორ შეიქმნა და აქვს თუ არა ადგილი თანამედროვე ინტერიერში.

მაგიდა–წიგნი გენიალური საინჟინრო კონსტრუქციაა. დაკეცილი მცირე ადგილს იკავებს და ტუმბოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაშლისას დიდ მაგიდად გადაიქცევა და გარშემო ბევრი ადამიანის განთავსება შეუძლია. საკმაოდ გამძლე და მობილურია, ამიტომ ოთახიდან ოთახში ან ბინიდან ბინაში მარტივად შეგიძლიათ გაიტანოთ. მართალია, ფრთხილად უნდა გაიტანოთ, რომ მაგიდა ფეხზე არ დაგეცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითის გარეშე დარჩებით ან მოტეხილობას მიიღებთ. თუმცა ამ მაგიდის მფლობელებმა მისი საიდუმლოებები იცოდნენ და გადაზიდვას შესანიშნავად უმკლავდებოდნენ.

მაგიდა–წიგნი და საბჭოთა ინტერიერი

საბჭოთა კავშირში მაგიდა–წიგნის მასობრივი წარმოება 60–იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში ე.წ. ხრუშჩოვის ბინების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობდა და საცხოვრებელი სივრცის დაზოგვა მთავარი ამოცანა გახდა. ბინები იყო პატარა, ხოლო სხვადასხვა ავეჯი იყო საჭირო, სწორედ ამიტომ მინიმალიზმის ეპოქა დაიწყო. მაგრამ გასაშლელი მაგიდის შექმნის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ერთ–ერთი ვერსიით, საბჭოთა მაგიდა–წიგნის წინამორბედი იყო ინგლისური მაგიდა „პემბროკი“. ამ ჩაის მაგიდის შემქმნელად ითვლება ინგლისელი გრაფი და არქიტექტორი ჰენრი ჰერბერტი. დროთა განმავლობაში, ეს მაგიდა მაღალ წრეში ძალიან პოპულარული გახდა.

ითვლებოდა, რომ ასეთი ჩაის მაგიდა ფუფუნების, სიმდიდრის და კეთილდღეობის მაჩვენებელი იყო. ინგლისის ყველა წესიერი სახლი უბრალოდ ვალდებული იყო ერთი მაგიდა „პემბროკი“ მაინც ჰქონოდა. მაგიდა იყო კომპაქტური, ადვილად სატარებელი, ზოგიერთ მოდელს ბორბლები ჰქონდა. იყენებდნენ ტერასაზე საუზმის მისართმევად, ჭადრაკის და კარტის სათამაშოდ, წერილების საწერად. მაგიდას წითელი ხისგან ამზადებდნენ, მოჩუქურთმებული ფეხებით და სპილენძის ფირფიტებით რთავდნენ. მაგიდა „პემბროკი“ დახვეწილი ფორმით და მყუდროებით გამოირჩეოდა. ჩვენამდე სულ სხვა ფორმით მოაღწია.

საბჭოთა კავშირში ყველაფერი მარტივი და პრაქტიკული უნდა ყოფილიყო. დახვეწილ ფორმებზე ლაპარაკი არ იყო. სწორედ ამიტომ, ჩაის მაგიდა გადაიქცა უხეშ ტუმბოდ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იშლებოდა დიდ ტევად მაგიდად. სამწუხაროდ, მაგიდა–წიგნის თანამედროვე მოდელები საბჭოთა მოდელებისგან დიდად არ განსხვავდება. იცვლება ფერი, ზომა, მაგრამ კონსტრუქცია უცვლელია. სწორედ ამიტომ, ბევრ დიასახლისს არ სურს ასეთი მაგიდის ჩართვა ინტერიერში. თუმცა ნივთებზე მინიმალიზმი დღესაც მისასალმებელია. უკეთესია, თუ ნივთი უნივერსალურია და მისი გარდაქმნა შესაძლებელია.

მაგიდა–წიგნის ახალი სიცოცხლე

დიზაინერები ყოველმხრივ ცდილობენ მაგიდა–წიგნი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ჩართონ. იყენებენ ტუმბოდ, რომელსაც ალამაზებენ მოდური ლარნაკებით და საყვარელი ხარახურით. მაგიდის სწორად შერჩეული ფერი შეიძლება იყოს აქცენტი ინტერიერში ან ოთახის ძირითად ფერთან შერწყმული. საჭირო მომენტში, როცა ბევრ სტუმარს ელოდებით, საყვარელი ხარახურები ტუმბოში შეგიძლიათ შეინახოთ, და დიდ სასადილო მაგიდად გადააქციოთ. ქეიფის დასრულების შემდეგ პირვანდელ ადგილას მარტივად შეგიძლიათ დააბრუნოთ.

ავეჯის თანამედროვე დიზაინერები ქმნიან მაგიდა–წიგნს ჩაშენებული თაროებით ან გამოსაწევი უჯრით. ასეთი გადაწყვეტილება ნივთების შესანახად დამატებით სათავსოს ქმნის. არსებობს მაგიდის მოდელი სკამებით. გასაშლელი სკამები გასაშლელ მაგიდაში მარტივად ინახება, ხოლო საჭირო მომენტში შეგიძლიათ აიღოთ და გაშალოთ. როგორც წესი, ნაკრებშია მაგიდა და ოთხი სკამი. ასეთი გადაწყვეტილება საშუალებას გაძლევთ, დაზოგოთ ბევრი სივრცე და თავიდან აიცილოთ ყოველ ნაბიჯზე სკამებზე დაჯახება.

ისტორია და მოდა ციკლურია, მათში მარადიულია მხოლოდ საბჭოთა მაგიდა–წიგნი. როგორც ჩანს, ამ ნივთზე უარს ვერასდროს ვიტყვით. ან რა საჭიროა უარის თქმა? ასეთი მაგიდა ნებისმიერს შეიძლება გამოადგეს.