საოცარი ქალი გავიცანი, უკვე ხელის თხოვნას ვაპირებ, მაგრამ ერთი ნიუანსის გამო გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ

0
9448

მარტოხელა ცხოვრების ბოლო 4 წელი ჩემთვის ადვილი არ იყო: თითქმის 20 წლიანი ქორწინების შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ დაშორება გადავწყვიტეთ. როცა პირად ფრონტზე ყველაფერმა დალაგება დაიწყო, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. აი, თითქმის ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ხელის თხოვნაზე ვფიქრობ. ის მეცნიერების კანდიდატია, ლამაზმანი, ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი, საოცრად მოხდენილი. მისი ზრდასრული ქალიშვილი ცალკე ცხოვრობს. არის ერთი მაგრამ, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს. ვიცი, ადამიანები არ იცვლებიან, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ყველაფრის გამოსწორება.

იმედია, სწორად გამიგებთ. არ ვგავარ იმ კაცებს, რომლებიც თვლიან, რომ ქალი უფასო დიასახლისია. ჭურჭლის გარეცხვა და სახლის დალაგება არ მიჭირს, მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ურთიერთობაში კულინარიაში სრული ქაოსია. ვიტყოდი, ნამდვილი კატასტროფა.

არის იმედი ამ ურთიერთობაში თუ ადამიანები არ იცვლებიან?

გიამბობთ, როგორ დავრჩი მარტო. როცა შვილები სასწავლებლად გაიფანტნენ, მე და ჩემმა ყოფილმა ცოლმა ურთიერთობა შევწყვიტეთ, ერთად აღარ გვეძინა. ამას „კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“ ვუწოდებდით, სანამ არ დავასკვენით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება რთული იყო, რადგან თითქმის ყველაფერი ძველ სახლში დავტოვე. ყველაზე მეტად საჭმლის მომზადება გამიჭირდა.

ალბათ, 45 წლისას ამის აღიარება სირცხვილია, მაგრამ ცოტ–ცოტა მომზადება მხოლოდ განქორწინების შემდეგ ვისწავლე. დიდხანს მხოლოდ სენდვიჩებს და პელმენებს მივირთმევდი. ვისწავლე მაკარონის ხორცით მომზადება და რამდენიმე თვე მხოლოდ მას ვჭამდი, სანამ სულ არ მომბეზრდა. ალბათ, შიმშილით მოვკვდებოდი, ჩემს სამსახურთან ახლოს კარგი სასადილო რომ არ ყოფილიყო. მარტო ჩემთვის რაიმე სერიოზულის მომზადებას აზრი არც ჰქონდა.

როცა სესილი გავიცანი, მივხვდი, რომ ბევრი საერთო გვქონდა. მაგალითად, მასაც არ უყვარდა კერძების მომზადება. საქმე იმაშია, რომ მისი ქალიშვილი ალერგიულია, ამიტომ 17 წელი საჭმლის მომზადება უწევდა ცალკე ოჯახისთვის, ცალკე შვილისთვის. სიტყვაზე, დიდი ხანია განქორწინებულია. იმ დროიდან, როცა მარტო ცხოვრება დაიწყო, საჭმელი აღარ მოუმზადებია. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ შევცდი.

უკვე 1 წელია ვხვდებით და ამ ხნის განმავლობაში ორ სახლში ცხოვრება ვისწავლე. მაცივარში ყოველთვის მაქვს ნახევრად მზა საკვები, იგივე პელმენი. სწრაფად შემიძლია მოვამზადო სენდვიჩი და როგორც ახლა მოდაშია, პასტა ბოლონეზე (ჩემთვის იგივე ხორციანი მაკარონია პომიდვრის პასტით). სესილისთან სახლში არასდროს არაფერია.

არა, პროდუქტებზე არ ვწუხვარ. თავადაც სიამოვნებით ვიყიდი ყველაფერს, რაც საჭიროა! მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა მოამზადოს, მაგრამ არ სურს. როგორც არ უნდა ვეხვეწო, როგორც არ უნდა ვანიშნო. „გინდა ჭამა? თავად მოამზადე“ – აი, საქმე. რაიმე გემრიელს სიამოვნებით მოვამზადებდი, მაგრამ არ ვიცი. მანქანის შეკეთება ვიცი, ავეჯის კეთებაც, სადენების გაყვანაც მეხერხება, მაგრამ სამზარეულო ჩემი არაა! უგემური გამომდის, რაც არ უნდა ვცადო.

ალბათ, იკითხავთ, რას ჭამს სესილი ჩემს არყოფნაში? ესეც მაწუხებს. ძირითადად, იოგურტით იკვებება, ჩირით და კაკლით შეუძლია მშვიდად ივახშმოს, სახლში მისვლამდე კაფეში შევიდეს ან იყიდოს სენდვიჩი სამსახურში შესვენების დროს. თითქმის არაფერს ჭამს ან ჭამს გარეთ. შესაძლოა, ამიტომაც ასეთი მოხდენილია. პირადად, ვახშამზე ქიშმიში და ნიგოზი ვერ გამაძღობს, თუნდაც იოგურტთან ერთად.

ზოგჯერ მიტანის სერვისით ვსარგებლობთ: პიცას ან სუშის ვუკვეთავთ შაბათ–კვირას ან დღესასწაულებზე. მაგრამ ასე კვება შეუძლებელია. საქმე იმაშიც არაა, რომ სასარგებლო არ არის, უბრალოდ ამას ჩემი ჯიბე ვერ წვდება.

სხვა მხრივ, სესილი ნამდვილად ზღაპრული ქალია. მრცხვენია კიდეც, რომ ზოგჯერ წვნიანზე ვოცნებობ. სახლის საჭმელი მესიზმრება, იმდენად ძლიერ მენატრება. ვერაფერს ვცვლი, რადგან სესილიმ მიმახვედრა, რომ ქურასთან მიახლოებას არ აპირებს. ამ თემაზე რამდენჯერმე კამათი მოვასწარით.

სესილი მიყვარს. თითქოს შევეგუე კიდეც. საიუველირო მაღაზიებთან ჩავლისას მომენტს არ ვკარგავ, რომ ნიშნობის ბეჭდებს ახლოდან დავაკვირდე, მაგრამ დროს ვაჭიანურებ. საჭმლის მომზადების საკითხი მოსვენებას არ მაძლევს. ვიმედოვნებ, გამოთქმა „ადამიანები არ იცვლებიან“ სიმართლე არაა და შევძლებ სესილის გადარწმუნებას, რომ მინიმუმ საჭმლის მომზადება მასწავლოს. პრობლემა იმაში არაა, რომ არ იცის. უბრალოდ არ სურს!

კულინარიის კურსებსაც გავივლიდი, მაგრამ დრო არ მაქვს. სამსახურის საქმეები უნდა მოვასწრო და არა კურსებზე ვიარო. მოკლედ, სასაცილოც არის და სატირალიც. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მაქვს შანსი შინ მომზადებული წვნიანი ვჭამო თუ ხელის თხოვნა გადავდო? მშიერი დავდივარ, ძალა არ მაქვს!