
ფული მთავარი არაა. აი, მისი რაოდენობა სხვა საქმეა. ზოგისთვის ეს ხუმრობაა, ზოგისთვის ჩვენი დროის მოკრძალებული ყოველდღიური ირონია. რა თქმა უნდა, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ მას შეუძლია ცხოვრების გამარტივება, გახადოს უფრო კომფორტული და საიმედო. ფულისადმი დამოკიდებულებას ადამიანის ნამდვილი არსის გამოვლენა შეუძლია. რამდენი ჩუმჩუმელა დაიარება.
ფული მთავარი არაა
მშობლებმა, ბებიებმა და ბაბუებმა მასწავლეს ცხოვრება პრინციპით „ყველაფერი ოჯახისთვის“. ჯერ სახლისთვის საჭირო რამ იყიდე. დანარჩენი ფულით საკუთარი თავი შეგიძლია გაანებივრო. მაგრამ ქმარი და შვილები პირველ ადგილზეა!
სწორედ ეს წესი დამეხმარა სახლის აშენებაში და ორი შვილის ფეხზე დაყენებაში. მე და ქმარმა მათ კარგი განათლება მივეცით, თითოეულს ქორწილი გადავუხადეთ. ვისწავლე დაზოგვა და ფულის დაგროვება, ამიტომ ოჯახში არაფერი გვაკლია.
ახალგაზრდა აღარ ვარ, შარშან 55 წელი შემისრულდა. თუმცა კარგად მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის ოქროს პერიოდი, როცა სახლში სტუმრები უფრო სასიხარულო იყო, ვიდრე მათი საჩუქრები. ამ მიზეზით არავინ კამათობდა. ყველაფერი წმინდა სიმბოლური იყო. მთავარია, გულიდან წამოსული ყოფილიყო! ფულის ჩუქებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
მახსოვს სერვიზი, რომელიც კოლეგამ 30 წლის იუბილეზე მაჩუქა. ეს ფუფუნება სერვანტში, გამოსაჩენ ადგილას ინახებოდა. ამ ფაიფურის ფინჯნებიდან ჩაის არავინ სვამდა, რადგან სამახსოვროდ ძვირფასი ნივთი იყო.
როცა ქმარი მეკითხებოდა, რა ეჩუქებინა დაბადების დღეზე ან 8 მარტს, ყოველთვის ვუკვეთავდი მხოლოდ საჭირო და სასარგებლო ნივთებს. ჩემი მეუღლე ძალიან ჭკვიანი, მეოჯახე კაცია. ხან მტვერსასრუტს მჩუქნიდა, ხან ქვაბების ნაკრებს, ხან ახალ უთოს ან ტაფას. რატომ არ უნდა გამიხარდეს, თუ მათ ყოველდღე ვიყენებ?
ვინ არის კარგი დიასახლისი?
ზარმაცი არ ვარ, ამიტომ საკუჭნაოსა და კარადებში მტვერი არ გროვდება. ვცდილობ, გამოვიყენო ყველაფერი, რასაც მჩუქნიან. მაგალითად, დამ სუნამო მაჩუქა. ჩემი არომატი არაა, მაგრამ გადაგდება მენანება. თვეში ერთხელ შესხურება შეიძლება. თუ ქალიშვილს არ მოუხდა ტუჩსაცხი, ტუში ან რამე ნივთი, სიამოვნებით ვიღებ. იქ მოვქარგე, აქ შევკერე და აი, განახლებაც. ზედმეტი ფულიც არ იხარჯება.
დიახ, ჩემთან არაფერი იკარგება! თუ ხელნაკეთი ხორცის კონსერვი გასივდა, მაშინვე ტაფაზე გადამაქვს და ღვეზელში ვიყენებ. გემრიელად მიირთმევენ. თუ კომპოსტი ოდნავ ამჟავდა, არ ვასხამ. მდუღარე წყალში ვაზავებ, ვატკბობ, განსხვავებას ვერავინ ამჩნევს.
ასე აღმზარდეს. დიასახლისმა ოჯახისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. სწორედ ამიტომ, ყველა შემთხვევისთვის მარაგი მაქვს. ტომარა შაქარი და წიწიბურა, შეფუთვა მაკარონი, ფქვილი, მარილი. ასე ბებიამ მასწავლა. მან კი ომი გამოიარა და იცის, რა არის შიმშილი და დეფიციტი.
თავმოყვარე რძალი
ალბათ, მე და ნატომ ერთმანეთს ვერ გავუგეთ ოჯახის ეკონომიკისა და სახლის მოვლის შესახებ სხვადასხვა შეხედულების გამო. ეს ჩემი რძალია. არა ნატო, არამედ ნატალი. უყვარს, როცა ასე ეძახიან. და სათანადოდ იქცევა. რამდენი ფულიც არ უნდა მისცეს ჩემმა ვაჟმა, მაშინვე ხარჯავს. სუფთა ეგოისტი. ყოველ ჯერზე, როცა ვნახულობ, ახალი რამ აცვია. ხან ქვედაბოლო, ხან ჩანთა. იმდენი კოსმეტიკა აქვს, რომ ბაზარში შეუძლია გააჩუქოს. აი, ვისთვის არ არის ფული მთავარი. მთავარია, მეტი ჰქონდეს!
რამდენჯერ ვიკამათეთ მე და შვილმა ამ ქარაფშუტას გამო? ნათელია, ცოლს იცავს. ამბობს, რომ ნატალი მუშაობს, უფლება აქვს, საკუთარ თავზე ფული დახარჯოს. მე ხომ ვიცი, რომ მხოლოდ ენას ატარტალებს და არაფერს აკეთებს. მივდივარ შვილთან სტუმრად – ყველაფერი უბრალოდ არის. ნატალის საჭმლის მომზადება არ უყვარს. მისთვის რესტორნიდან გამოძახება უფრო მარტივია. ზარმაცია!
ერთხელ შვილმა მკითხა, რა ეჩუქებინა ცოლისთვის 25 წლის დაბადების დღეზე. როგორც ადრე, ახლაც ფულის მიცემა უნდოდა, მაგრამ შევაჩერე. ისევ გაფლანგავს. ვურჩიე, სასარგებლო საჩუქარი გაეკეთებინა. მაგალითად, სამზარეულოს კომბაინი. იქნებ, რძალმა ქმრის უკეთ გამოკვება დაიწყოს.
ვაჟმა მომისმინა და ცნობილი ბრენდის ძვირადღირებული კომბაინი შეიძინა. ასეთი სილამაზის ჩუქება ძალიან გამიხარდებოდა. წვენსაც წურავს, კარტოფილსაც ჭრის, ცომსაც ზელს. სამზარეულოში ასეთი დამხმარით კერძებს რამდენიმე წუთში მოვამზადებდი. რა ქნა ნატალიმ? დაუვიწყარი „შოუ“ მოაწყო. დღემდე სტუმრები უხერხულად არიან.
ფული მთავარი არაა
რძალი კი არ გაბრაზდა, განრისხდა. ჭკუა და ტაქტი არ ეყო, ქმრისთვის პრეტენზიები სტუმრების წინაშე არ ეთქვა. სტუმრები რესტორანში საჩუქრებით მოვიდნენ. მე და ჩემი მეუღლეც. ფული ვაჩუქეთ. მე ხომ არ ვიცი, კიდევ რა სჭირდებათ სამზარეულოში. როგორც კი ჩვენმა ქალბატონმა მეუღლის საჩუქარი გახსნა, მაშინვე აჭარხლდა.
მთელი რესტორნის გასაგონად იყვირა: „ეს რა მინიშნებაა? რომ მომზადება არ ვიცი თუ მზარეული უნდა გავხდე? ალბათ, დედაშენისთვის გინდოდა გეჩუქებინა?“ ტირადაში ჩავერთე და ვუთხარი, რომ უარს არ ვიტყოდი. რძალმა მხოლოდ ისროლა „წაიღეთ“, ყუთი გადმომცა და ქუსლების ბაკუნით წავიდა.
ვაჟი მაშინვე უკან გაჰყვა. და აი, სურათი: ყველა გასუსული ზის. ერთმანეთს თვალებში უყურებენ. არ იციან, წავიდნენ თუ იუბილარს დაელოდონ და კერძები მიირთვან. მე ვზივარ მარტო ბედნიერი. საჩუქარი მივიღე, ძვირფასი ნივთი.
ამ საკითხზე ჩემს დას ვესაუბრე, მაგრამ საერთო აზრზე ვერ მივედით. ნუთუ არ შეეძლო ჩემს რძალს ცოტა თავი შეეკავებინა და არ შეერცხვინა ჩემი შვილი? იქნებ, რაღაცაში ვცდები? არ ვიცი.