თუ გინდა ჩიტებს დაეხმაროთ, არ აჭამოთ ეს პროდუქტები. ბევრი უშვებს ამ შეცდომას

0
297

ზამთარში ფრინველებს ველურ ბუნებაში საკვების პოვნა უჭირთ. საკვების საძიებლად ისინი ხშირად დასახლებულ პუნქტებს უახლოვდებიან. აქ ხალხი მათთვის საკვებურებს კიდებს და ყრის ყველაფერს, რაც სამზარეულოში აქვთ. იმ პროდუქტებსაც, რომლითაც ჩიტის გამოკვება არ შეიძლება. სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ზოგიერთი პროდუქტი ჩიტის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

რით არ უნდა გამოკვებოთ ჩიტები?

გსურთ იცოდეთ, რით არ შეიძლება ჩიტების გამოკვება? დაიმახსოვრეთ: ჩიტებისთვის აკრძალულია პროდუქტები, რომლებიც ჩვეულებრივი საკვების ანალოგი არაა. საკვებურში შეგიძლიათ ჩაყაროთ მხოლოდ ის, რომელსაც ტყის ფრთიანი წარმომადგენლები ბუნებრივ პირობებში ჭამენ, ან მისი მსგავსი საკვები.

ბუნებაში ფრინველები ჭამენ თესლს, კაკალს, კენკრას, ხილს, სხვადასხვა მწერს და მათ ლარვებს. დიდ ფრინველებს შეუძლიათ სხვისი ბუდეების დანგრევა, რომ კვერცხები და ბარტყები მიირთვან. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მუდმივად მიმდინარეობს გადარჩენისთვის ბრძოლა, სადაც ძლიერი იმარჯვებს. თუ გსურთ კეთილი საქმის კეთება და საკვებურის ავსება საკვებით, კარგად გაანალიზეთ, რა შეიძლება შესთავაზოთ ნატურალური საკვების ნაცვლად და რა არ უნდა მისცეთ არავითარ შემთხვევაში.

რა არ უნდა მისცეთ ჩიტებს

1. ჩიტებისთვის უკუნაჩვენებია კერძები ჩვენი სუფრიდან, რადგან ფაფის ან მაკარონის ნარჩენებს მათი შეუჩვეველი კუჭი ცუდად მოინელებს.

2. აკრძალულია ეგზოტიკური ხილით და კენკრით გამოკვება.

3. ამ მიზნით პურ–ცომეული შეუფერებელია.

4. შეწამლული ან დამპალი თესლით გამოკვება კატეგორიულად აკრძალულია.

5. არ გამოკვებოთ მიწისთხილით. ველურ ბუნებაში ჩიტები მათ არ ჭამს და ამ კაკლის სარგებელი საეჭვოა.

6. ფრინველების გამოკვება აკრძალულია გაპრიალებული მარცვლეულით, ანუ საკვებურში არ შეიძლება შვრიის, ქერის, ბრინჯის და ფეტვის ჩაყრა.

7. ჩიტებს არ უნდა მისცეთ მარილიანი, ტკბილი, ცხარე, დამწნილებული, შემწვარი და შებოლილი პროდუქტები.

8. არანაირი ყველი, კარაქი, მარგარინი და მოხარშული კვერცხი!

რით შეგიძლიათ ფრინველების გამოკვება?

1. ფრინველებს სჭირდებათ მინდვრის კულტურების დაუმუშავებელი თესლით კვება. საკვებურში შეგიძლიათ ჩაყაროთ რაფსი, სელი, ფეტვი, ხორბალი, შვრია, ქერი, სიმინდი, ბარდა და მწვანე წიწიბურა.

2. ძალიან მოსწონთ მზესუმზირის და კანაფის თესლი.

3. საკვებურში შეგიძლიათ ჩადოთ ახალი ხილის და ბოსტნეულის ნაჭრები, რომლებიც ჩვენს მხარეში იზრდება.

4. ხმელი კენკრით და პატარა ნაყოფით გამოკვება ნებადართულია.

5. შეგიძლიათ გამოკვებოთ იფანის და ნეკერჩხლის ფრთიანათი, ასევე მსხვილი სარეველების თესლით.

6. საკვებურში შეგიძლიათ ჩაყაროთ ნიგოზი ან თხილი, რკო და წაბლი. რეკომენდებულია წინასწარ დატეხოთ, რომ პატარა ჩიტებმა ბირთვის ჭამა მოახერხონ.

7. ჩიტებისთვის დაშვებულია ახალი ქონის ან ხორცის ნაჭრები. ეს საკვები სიმაღლეზე ჩამოკიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლები ან კატები ყველაფერს შეჭამენ.

ზოგიერთი გადამფრენი წყლის ფრინველი ზამთარს ატარებს წყალსაცავებთან, სადაც წყალი მთლიანად არ იყინება. ხალხი მათ აწვდის საკვებს, ზოგჯერ იმ საკვებს, რომლითაც ჩიტის გამოკვება არ შეიძლება. ნაპირზე გამაფრთხილებელი ნიშნები არ აჩერებთ. ორნიტოლოგების აკრძალვების უგულებელყოფა და წესების დარღვევა არ შეიძლება, რადგან ეს ჩიტების დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. ხომ გახსოვთ: „კეთილი ზრახვებით მოფენილი გზა ჯოჯოხეთისკენ მიდის“.

მშიერი ჩიტი ყველაფერს შეჭამს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრით შეგიძლიათ გამოკვებოთ. გახსოვდეთ, რომ საკვებური განკუთვნილია მხოლოდ ტყის, პარკის ან ბაღის ფრინველების გამოსაკვებად. თუმცა ზედმეტად ხელმისაწვდომი საკვები მათი ყოველდღიური რაციონი არ უნდა გახდეს. ბუნებაში ასეა ჩაფიქრებული, რომ ფრინველებმა საკვები თავად უნდა მოიპოვონ. სწორედ ამიტომ, საკვების მიწოდებაში არ გადააჭარბოთ, რომ ფრინველებმა ხეებზე დამალული ლარვების და სხვა დელიკატესის ძებნა არ შეწყვიტონ.