ეტიკეტის წესები და მანერები თანამედროვე საზოგადოებაში, რომლის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

0
453

ყველა, ვინც იცავს ეტიკეტის წესებს, ზრდილობიანი ადამიანია, მაგრამ ყველა ზრდილობიანმა ადამიანმა არ იცის ეტიკეტის წესები. ჩვენი რეალობის პარადოქსი! თუ მე–19 საუკუნეში ყველა შემხვედრმა იცოდა, ვისთვის როგორ მიემართა და ვის მისალმებოდა პირველი, ჩვენ დროში ბევრი მანერა უბრალოდ გაქრა, რადგან მათი საჭიროება აღარაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ არსებობს. ეთიკური ქცევის ნორმები ძალიან შეიცვალა, მაგრამ იშვიათად ვინტერესდებით, რა შეიცვალა ამ სფეროში.

მაგალითად, შეგიძლიათ იყოთ 1000–ჯერ თავაზიანი სხვების მიმართ, ხოლო 1001–ზე საბედისწერო შეცდომა დაუშვათ. ამისგან არავინაა დაზღვეული, განსაკუთრებით, თუ არ იცით ზოგიერთი დეტალი. მაგალითად, იცით, რა უნდა გააკეთოთ, როცა სუფრაზე სუში მოიტანეს, თქვენ კი არ იცით ჩხირების გამოყენება? პასუხს სტატიის ბოლოში იპოვით! მანამდე გაეცანით სამუშაო და ყოველდღიური ეტიკეტის ახალ წესებს, რომელთა გარეშეც დღეს ვერ წახვალთ ვერც სტუმრად, ვერც კონფერენციაზე.

ეთიკური ქცევის ნორმები თანამედროვე საზოგადოებაში

საჭიროა თუ არა სუფრაზე ვინმეს უსურვოთ გემრიელად მირთმევა?

ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, რომ ადამიანების უმეტესობა უშვებს. ამ თავაზიანი ფრაზის გამოყენება შეუძლია შეფმზარეულს და მიმტანს. სხვა შემთხვევაში, მადის სურვილი მიღებული არაა. თუ დავფიქრდებით, საზოგადოებაში მიღებული არაა ლაპარაკი საჭმლის მონელებაზე. ჭამა ისედაც ინტიმური მომენტია, რომელზეც ყურადღების გამახვილება ევროპულ კულტურაში მიღებული არაა. იქნებ, ადამიანს არ აქვს მადა ან არ მოსწონს კერძის გემო. უმჯობესია, ასეთ უხერხულობას თავი აარიდოთ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ადამიანმა დააცემინა?

სწორი პასუხი: არაფერი. დაცემინების შემდეგ საჭირო არაა, ჯანმრთელობა უსურვოთ. ზედმეტი იქნება იმის გარკვევა, ხომ არ არის გაციებული. საზოგადოებაში დაცემინება კომფორტული არაა, ჩვეულებრივ, ეს უკონტროლო მოვლენაა. თანამოსაუბრემ უხერხულობა რომ არ იგრძნოს, თავი მოაჩვენეთ, თითქოს არაფერი მომხდარა. სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში ასეა მიღებული.

როდის უნდა დაუთმოთ ვინმეს ადგილი ტრანსპორტში?

ეს საკითხი ერთხელ და სამუდამო გავარკვიოთ. თანამედროვე ეტიკეტში არსებობს სამი ასაკობრივი კატეგორია: სასწავლო – 30 წლამდე, ოქროს პერიოდი – 30–დან საპენსიო ასაკამდე, და პენსიონერები. ერთი და იმავე სქესის ან კატეგორიის ადამიანები ვალდებული არ არიან, გზა დაუთმონ ერთმანეთს. მაგალითად, 35 წლის ქალი ვალდებული არაა ადგილი დაუთმოს 55 წლის ქალს, რადგან მეორესთვის შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს. აი, უმცროსი კატეგორიის ადამიანებმა ადგილი უნდა დაუთმონ უფროსებს, მაგალითად, 10 წლის ბავშვმა დედას ადგილი უნდა დაუთმოს.

კაცებისთვის ყველაფერი მარტივადაა: მათ ყოველთვის უნდა დაუთმონ ადგილი ქალბატონებს, უფროსი იქნება თუ უმცროსი, თუნდაც პატარა გოგო იყოს.

როგორ მივმართოთ უცნობს

ტრანსპორტში ხშირად გვესმის, როგორ ეძახის ვიღაც ვიღაც ქალს ან კაცს. თუ კაცების შემთხვევაში თემა ნაკლებად მწვავეა, ქალებში პირიქით არის. ზოგიერთ 30 წლის ქალს მოსწონს, როცა მათ ქალბატონად მოიხსენიებენ, ზოგი თავს ჯერ კიდევ გოგოდ თვლის. სხვა რომ უხერხულობაში არ ჩააგდოთ ან თავად არ ჩავარდეთ, საკმარისია გამოიყენოთ ფრაზა „მაპატიეთ, გთხოვთ“.

დიახ, ხანდახან უცნობია, რისთვის ვიხდით ბოდიშს, რადგან არავის არაფერი დაუშავებია, მაგრამ, როგორც მინიმუმ, უცნობს ვთხოვთ, გაგვიზიაროს თავისი დრო და ყურადღება.

როდის არ ღირს ბოდიშის მოხდა?

სადავო საკითხია, მაგრამ ყურადღებას იმსახურებს. შეგიმჩნევიათ, რომ საკმაოდ ხშირად ადამიანი ტელეფონზე საუბრის დაწყებისთანავე უსასრულოდ იხდის ბოდიშს, რომ საქმეს მოგწყვიტათ? ან კითხულობს, ხომ არ გაქვთ ერთი წუთი? ან თავს იმართლებს დარეკვისთვის. თუ ადამიანმა ზარს უპასუხა, გამოდის, მინიმუმ 1 წუთი ნამდვილად აქვს. იმ მომენტიდან სჯობს თანამოსაუბრეს ძვირფასი დრო არ წაართვათ.

ეტიკეტის ქცევის ნორმები: დავრეკოთ თუ მივწეროთ?

სწორი პასუხი: დავრეკოთ. ახლა პოპულარულია მოსაზრება, რომ ჩვენ დროში გაფრთხილების გარეშე დარეკვა უზრდელობის ნიშანია. ასე არაა. თუ სერიოზული საქმეა და დაუყონებლივ პასუხს მოითხოვს, უნდა დარეკოთ. შეტყობინებაზე სწრაფად პასუხის გაცემა ისეთი მოსახერხებელი არაა, როგორც ზარზე პასუხის გაცემა. მით უმეტეს, თუ სახლში არ ხართ, არამედ საქმეზე გეჩქარებათ.

ზარის პრობლემაა ზარის მელოდია, რომელიც ხალხს ყურადღებას უფანტავს. ყურადღება მიაქციეთ, რომ თანამედროვე ფილმებსა და სერიალებშიც ხალხი უხმო რეჟიმზე გადავიდა. სწორედ ამას გვკარნახობს თანამედროვე ეტიკეტი: აუცილებელია მთელი ტექნიკა ვიბრაციის ან უხმო რეჟიმზე გადაიყვანოთ. ასე ზარი დისკომფორტს აღარ გამოიწვევს.

როდის მივწეროთ ან დავურეკოთ?

დიდი ხანია ციფრულ საუკუნეში ვცხოვრობთ, ამიტომ ეტიკეტს ასეთ საკითხებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მაგალითად, არასამუშაო დროში სამუშაო საკითხებზე მიწერა ცუდ ტონად ითვლება. ოფისი საღამოს 6 საათზე იხურება, ხოლო საათი უკვე 7–ის 5 წუთს აჩვენებს? უმჯობესია, ხვალამდე მოითმინოთ, თუნდაც ეს კორპორატიული ფოსტა იყოს. თუ თქვენ მოგწერეს? რამდენი დრო გაქვთ საპასუხოდ?

სოციალური ქსელებისა და მესენჯერებისთვის მეორე დღის ოქროს წესი მოქმედებს. პასუხის მოლოდინი ერთ დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. ელექტრონული ფოსტით მეტი დრო გაქვთ: თუ წერილი საჩქარო არაა, 1 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ მიწეროთ.

ეთიკის ნორმები და გელის ფრჩხილები

დედოფალი ელისაბედიც ფრჩხილებს იღებავდა, მაგრამ ეს იყო Essie–ს კრემისფერი ლაქი. დაგვეთანხმეთ, დედოფალს შეეძლო რაიმე უფრო გრძელვადიანის გაკეთება. მაგრამ ეტიკეტში, მით უფრო სამეფოში, ქალის ფრჩხილები მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოს. არანაირი ხელოვნური! ნამდვილი ლედი არასოდეს დაუშვებს გელის ან ხელოვნური ფრჩხილის დაკვრას! ითვლება, რომ მაღალი საზოგადოების ქალბატონები თავის მოვლაზე დღეში მინიმუმ 15–20 წუთს ხარჯავენ. და ეს არ შეესაბამება გელის ფრჩხილებს, რომელსაც მუდმივად განახლება სჭირდება. გარდა ამისა, სწრაფად იზრდება და ფრჩხილზე მოსაწყენი ფერი 2–3 კვირა რჩება. ესეც თანამედროვე ეტიკეტს აზიანებს.

რატომ შეუძლიათ საქმიან მამაკაცებს მხოლოდ ორი ფერის ტარება

ქალის დრესკოდი უფრო რბილი და მოქნილია, ვიდრე მამაკაცის. ყოველთვის ასე იყო. კაცებს საქმიანი კოსტიუმის არჩევისას დიდხანს ფიქრი არ უწევთ: ან ლურჯი ან ნაცრისფერი უნდა იყოს. შავი საზეიმო კოსტიუმი უფრო შესაფერისია საქორწილო ცერემონიისთვის ან თეატრში წასასვლელად, ხოლო ყოველდღიური დრესკოდი კარნახობს, რომ მისაღებია მხოლოდ ცისფერის და ნაცრისფერის ელფერები. ყავისფერი კოსტიუმი, სამწუხაროდ, ცუდ არჩევნად ითვლება, თითქოს საქმიანი ადამიანის გარეგნობას აუფასურებს.

აღზრდას მშობლებისგან ვიღებთ, ხოლო ეტიკეტის წესებს შეიძლება წლები ვსწავლობდეთ, თან მუდმივად იცვლება. პასუხი კითხვაზე, რა გააკეთოთ, თუ მოგიტანეს სუში და არ იცით ჩხირების გამოყენება: ჭამეთ ხელით! ითვლება, რომ არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე სუშის ჭამა ჩანგლით ან კოვზით. სწორედ ამიტომ, თუ იაპონელი მეგობრების წრეში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, გახსოვდეთ, რომ ტრადიციულად სუშის ჭამა შეიძლება ორი მეთოდით – ჩხირებით ან ხელებით.