არგენტინა – ქვეყანა, რომელიც ასე იზიდავს უცხოელებს, მაგრამ იქ გადასვლას არ ჩქარობენ

0
68

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ დიახ: არგენტინაში ვცხოვრობ და აქ ვხედავ ჩემს უახლოეს მომავალს. ამ ქვეყანაზე ამბობენ: „არსებობს 4 ტიპის სახელმწიფო: ღარიბი, მდიდარი, იაპონია და არგენტინა“. არ შემიძლია არ დავეთანხმო, რადგან ნამდვილად არ ჰგავს მსოფლიოს არც ერთ სხვა ადგილს (ამავდროულად ყველას ერთდროულად). ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ხალხმა მხოლოდ ის იცის, რომ არგენტინის დედაქალაქია ბუენოს–აირესი. არადა იმდენ რამეზე მინდა ვისაუბრო. ჯერ კიდევ მსუბუქ შოკში ვარ, მაგრამ უკვე ვეცნობი, როგორ არის ყველაფერი მოწყობილი.

მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება და გიამბობთ, რატომ არის არგენტინა ემიგრაციისთვის ტოპ 10 ქვეყანას შორის The Economist–ის მიხედვით. გიამბობთ, არგენტინელების ცხოვრების საინტერესო დეტალებზე, როგორ ცხოვრობენ, რას ჭამენ და რაზე ოცნებობენ.

რატომ არის ასე მიმზიდველი არგენტინა უცხოელებისთვის და რა გელოდებათ ბუენოს–აირესის იქით

სანამ ყველაზე საინტერესოზე გადავალ, უნდა აღვნიშნო, რომ ბუენოს–აირესი ცალკე განზომილებაა. ამ გიგანტი ქალაქის ცხოვრების რიტმი (თითქმის 10 მილიონი გარეუბნების ჩათვლით) პროვინციებისგან ძალიან განსხვავდება. ყველა განსხვავებას ქვემოთ ნახავთ. ასევე პასუხს კითხვაზე, რატომ მინდა და თან ვყოყმანობ არგენტინის დედაქალაქში გადასვლაზე.

ხორცისმჭამელთა და უსაქმურთა ქვეყანა

არგენტინელებმა აქ ემიგრირებული დიდი რაოდენობით იტალიელებიდან აიღეს საუკეთესო კონცეფცია – la dolce vita. ასეთი მხიარული ერი იშვიათად მინახავს, ყველგან მხოლოდ ხალისიანი ხალხია. არგენტინელების კომპანიაში ყოფნა სიამოვნებაა: სამყაროს სულ სხვა ფერებით დანახვას იწყებ. ბევრი დღესასწაული, ფესტივალი, საოჯახო წვეულება ცხოვრებას უწყვეტ კარნავალად აქცევს. ამავდროულად, დღესასწაულს ყველგან პოულობენ: სიმდიდრეში, სიღარიბეში, ქალაქში, ფერმაში.

აუჩქარებლობა კიდევ ერთი არგენტინული თვისებაა, რომლის შესახებ მინდა ვთქვა იტალიურად la dolce far niente, ანუ „არაფრის კეთების ნეტარება“. არგენტინას მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გრძელი სიესტა აქვს! ის დღის 1 საათიდან საღამოს 5 საათამდე გრძელდება და ამ დროში შედის სადილი, შუადღის ძილი და სამხარი, რომელსაც აქ უწოდებენ მარიენდას (marienda). თუ ბუენოს–აირესში ხალხი მთელი დღე ზის კაფეში, პატარა პროვინციულ ქალაქებში (მაგალითად, ჩემი რიო–ტერსერო) სიესტას დროს ქუჩები ცარიელია, რესტორნები არ მუშაობს, დახლები და სუპერმარკეტებიც დაკეტილია. ქუჩაში ერთი ცოცხალი არსება ან მანქანა არ ჩანს.

გარდა ამისა, არგენტინელებს უყვართ გემრიელი და ნოყიერი ჭამა. ალბათ, იცით, რომ არგენტინული ღვინო და ხორცი მსოფლიოში საუკეთესოა. აქ ამ ყველაფრით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. ღირსეულ სადილზე მეტი არ დაჯდება. ჩვენთვის ჩვეული მწვადი არაფერია არგენტინულ ასადოსთან შედარებით (ასე ეწოდება ცეცხლზე მომზადებულ ხორცს, პროცესს, ხოლო ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს ამზადებს, ასადორს უწოდებენ).

არ ვსაუბრობთ ასობით სახეობის ემპანადაზე (ესპანური ღვეზელი), პეროგზე, ცომეულზე, სალიამზე და ყველზე. აქ მხოლოდ სალათის კულტურა არაა განვითარებული, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბოსტნეულს, როგორც წესი, გრილზე აცხობენ. არგენტინაში ჩემი პირველი ვიზიტისას თვენახევარში 5 კგ მოვიმატე, რადგან ასეთ მრავალფეროვან კვებას მიჩვეული არ ვიყავი. ეს ჩემი მემკვიდრეობითი სიგამხდრის პირობებში!

მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო პასპორტი, რომელიც ადვილად შეგიძლიათ მიიღოთ

ნატურალიზაციის პროცესი 3–5 წელი გრძელდება, მაგრამ გამიმართლა და ჩემი ქმარი არგენტინელია. ჩემთვის მთელი პროცესი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს, რასაც ახლა ვაკეთებ. პირდაპირ გეტყვით: აქ ძალიან დამაბნეველი ბიუროკრატიაა, მზად უნდა იყოთ, რომ რამდენიმე განყოფილებაში წინ და უკან სირბილი მოგიწევთ. მაგრამ ამად ღირს.

არგენტინის პასპორტი რეიტინგში მე–17 ადგილზეა. ერთ–ერთ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი 162 ქვეყანასთან, არამედ სპეციალური ლოიალობის პროგრამებიც. მაგალითად, არგენტინელს შეუძლია მიმართოს Work And Travel ავსტრალიაშიც, ახალ ზელანდიაშიც და ნიდერლანდებშიც. ამიტომ ბევრი მიგრირებს აქ იმისთვის, რომ შვილები გააჩინონ და მათ მთელი სამყარო აჩუქონ.

მსოფლიოს ყველა პეიზაჟი, ცხოველი და ამინდი ერთ ქვეყანაში

გსურთ მყინვარების ნახვა? წადი კალაფატეში! პინგვინები და ვეშაპები გელოდებიან ცეცხლოვან მიწაზე, ხოლო იგუასუს ჩანჩქერი გარშემორტყმულია ტროპიკული ტყეებით, რომლებსაც მართავენ იაგუარები. აქ არის უდაბნოები, პოლარული ღამეები, მაღალი მთები და ტბები, რომლებიც ზღვებს ჰგავს. აქ ცხოვრობენ პუმები და მაიმუნები, მორიელები და კოლიბრები, იაგუანები და თუთიყუშები. ასევე მტრედები, კურდღლები, მელიები და არწივები. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ატლანტის ოკეანე გარს არტყავს, სამხრეთით არის ის პატაგონია, რომელიც ჟიულ ვერნმა აღწერა წიგნში „კაპიტან გრანტის შვილებში“. ალბათ, მთელი სიცოცხლე არ მეყოფა, რომ ამ ქვეყნის ყველა სილამაზით დავტკბე. თითოეული პროვინცია თითქოს სხვა პლანეტაა. არგენტინის დედაქალაქიც ნებისმიერი მოგზაურის გაოცებას შეძლებს!

არგენტინის დედაქალაქი და თავისუფალი ხედვები

თუ არგენტინის ისტორიით დაინტერესდებით, აღმოაჩენთ, რომ თავისუფლება ამ ერისთვის პირველ ადგილზეა. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1816 წელს. მათში გაერთიანებულია ადგილობრივი ინდიელების ძლიერი გენები, ესპანელების ცხარე ხასიათი და იტალიელების შემოქმედებითი ბუნება. ასე რომ, არჩევანის თავისუფლება უპირველესია და ეს ყველგან ვლინდება. ვერასდროს აიძულებთ არგენტინელს მისი ნების წინააღმდეგ მოქმედებას, გულწრფელად (ვცადე).

მაგალითად, ქალებს უფლება აქვთ ჩაიცვან ისე ღიად, როგორც სურთ. ასევე კაცებს. აქ არავის რცხვენია საკუთარი სხეულის და არავის ასამართლებენ მოკლე ქვედაბოლოს, ღრმა დეკოლტეს ან მაისურის გარეშე ქუჩაში სეირნობის გამო. ქალები სირცხვილის გარეშე ირჩევენ კაცებს ერთი ღამისთვის, სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ: არც ძვირადღირებულ საჩუქრებს, არც გადასახადის გადახდას. პირდაპირ გეტყვით, არგენტინელები ჩვენი სტანდარტებისგან შორს არიან, როცა საქმე არშიყობას ეხება. ყვავილის ან აიფონის ჩუქება აზრადაც არ მოუვათ. საჩუქრების კულტურა დიდად განვითარებული არაა. ვაღიარებ, ამასთან შეგუება გამიჭირდა.

აქ თითქმის ყველაფერი ლეგალურია: ნარკოტიკები, ძლიერი სასმელები და ყველაფერი, რაც შეგიძლიათ მოწიოთ ან მიიღოთ. სასიყვარულო სერვისების გაყიდვა ოფიციალურია და იბეგრება, როგორც ნებისმიერი საქმიანობა. არგენტინაში ხალხი ცხოვრობს ისე, როგორც მათ სურთ. მაგრამ ამას უარყოფითი მხარეც აქვს.

ტოტალური უმუშევრობა და სოციალური შეღავათები

პრობლემა იმაში არაა, რომ არგენტინაში სამუშაო ადგილები არ არის. უბრალოდ არავის სურს მუშაობა. 50 წლის წინ ქვეყანამ აიღო სპეციალური პოლიტიკური კურსი, პერონიზმი (პრეზიდენტ ხუან პერონის სახელიდან 1974 წელს). ეს ყველა არგენტინელისთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი: იმ მომენტიდან დაიწყო უმუშევრობისთვის შემწეობის გადახდა. ყველასთვის. ავადმყოფი და ჯანმრთელი, ახალგაზრდა და მოხუცი, შეზღუდვის გარეშე, მთავარი პირობა სამუშაოს არქონაა. ახლა ბევრი არგენტინელი დგას არჩევანის წინაშე: წავიდეს სამსახურში 200 ევროს მისაღებად თუ მიიღოს 200 ევროს შემწეობა უმუშევრობისთვის. ასე სიღარიბის ზღვარს მიღმა გაიზარდა მთელი თაობა, რომელთაც ცხოვრებაში არასდროს უმუშავიათ და არ სურთ. ესეც dolce vita!

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნიდან ყოველწლიურად 200 % ინფლაციამდე

შედეგებმა არ დააყოვნა. 50 წლის წინ არგენტინა იყო ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული ქვეყანა მსოფლიოში, ძლიერი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ათეულში შედიოდა. აქ მეტრო უფრო ადრე გამოჩნდა, ვიდრე ტოკიოში! რაღაც მომენტში ოქროს მარაგებმა ამერიკის რეკორდებიც კი მოხსნა. მაგრამ თუ 2000-იან წლებში საშუალო ხელფასი 2000 ევრო იყო, ახლა 200-ს ძლივს აღწევს. მეტიც, როცა აქ 2023 წელს ჩამოვედი, ევრო ღირდა 330 პესო. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ 1 ევრო 1000 პესო ღირს და ეს აშკარად არ არის ზღვარი. და იცით რა? ამას არ შეუმცირებია მიგრანტების რაოდენობა.

მხოლოდ XIX—XX საუკუნეებში 7 მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრირდა არგენტინაში, ძირითადად იტალიელები და ესპანელები. მაშინ ჩამოსვლის სხვა მიზეზი ჰქონდათ – ნათელი და პერსპექტიული მომავალი, რომლის იმედს იძლეოდა ქვეყნის მზარდი ეკონომიკა. ახლა უცხოელები აქ იაფი ცხოვრებისთვის მოდიან. ფაქტია, რომ დოლარსა თუ ევროში შემოსავლით აქ ცხოვრება ძალიან ხელმისაწვდომი ხდება. ბოლოს და ბოლოს, ამ დროისთვის 500 ევრო ხელფასი საშუალო სტატისტიკური არგენტინელისთვის საოცნებო ხელფასია.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის არის ხელმისაწვდომი. ჩემთვის არგენტინის ფასები ნორმალურია (თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა). მაგალითად, რაიონულ ცენტრებში შეგიძლიათ ბინა იქირაოთ 250–300 ევროდ, მაგრამ, დიდი ალბათობით, იქნება ერთოთახიანი ბინა. საკვების ფასებიც ახლოსაა იმასთან, რასაც მიჩვეული ვარ: 200-300 ევრო თვეში საკმარისია ორისთვის. პატარა ოჯახი ორი შვილით და კარგი შემოსავალით თვეში 500 ევროდან ხარჯავს. ინფლაციის გამო ეს მაჩვენებლები ყოველკვირეულად იზრდება.

არგენტინის დედაქალაქი და რატომ ვირჩევ პროვინციას

მოსახლეობის 60 პროცენტამდე ამჟამად სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. წარმოგიდგენიათ ქვეყანა, რომელიც ახერხებს გადარჩენას მხოლოდ დანარჩენი 40 პროცენტის გადასახადით? არ დაგავიწყდეთ, ამ 60 პროცენტის განათლების ხარისხი და ცხოვრების პირობები. სწორედ ამიტომ, დიდი ქალაქის ქუჩებში ჭკვიანი მოსახლეობა ტელეფონს ხელზე იბამს, ჩანთას – ფეხზე. ნებისმიერ მომენტში მოტოციკლისტი შეიძლება გამოჩნდეს და თქვენი ქონება თან წაიღოს. კარგია, თუ თავზე არ მოგხვდება.

ყველგან ასე არაა. მე და ჩემი ქმარი ვხუმრობთ, რომ ბუენოს–აირესი რომ არა, ადგილობრივ ჟურნალისტებს არაფერი ექნებოდათ გასაშუქებელი. გამოდის, კრიმინალის უმეტესობა იქ ხდება. არგენტინის დედაქალაქი სიცოცხლით დუღს.

შეჯამება: პლიუსები და მინუსები

ხაზგასასმელია ამ ქვეყნის 5 უდავო პლიუსი: ხალხი და მათი ცხოვრების წესი, საჭმელი, ბუნება, დიდი ლოიალობა მიგრანტების მიმართ და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი. მინუსებს შორის 4 მთავარია: დიდ ქალაქებში კრიმინალის მაღალი დონე, მოსახლეობის დიდი ნაწილის სიზარმაცე, მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, ბევრი იმპორტული პროდუქტის და მსოფლიო ბრენდის მიუწვდომლობა. მეხუთე მინუსი ინდივიდუალურია: რთული ადაპტაცია ეგზოტიკური კულტურის და ენის გამო. აქ არავინ საუბრობს ინგლისურად, ამიტომ სწრაფად სწავლა გიწევს.

ცალკე აღსანიშნავია არგენტინელების მეოჯახეობა, მათთვის ოჯახი ყველაფერია. აუცილებლად იზრუნებენ ოჯახის ახალ წევრზე და ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაეხმარონ ინტეგრირებაში მათ მრავალფეროვან, წინააღმდეგობრივ და საოცარ სამყაროში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის საინტერესო არგენტინაში, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა სწორედ ასეთია.