აი, რატომ არ შეიძლება დედაზე გაბრაზება, მით უმეტეს, წყენის გულში ჩადება

1191

მშობლები უნებლიეთ გულს სტკენენ შვილებს. მათ ყოველთვის „სიკეთეს უსურვებენ“ და უნდათ ყველაფერი „საუკეთესოდ“ იყოს. სამწუხაროდ, ეს საქმეს არ აადვილებს. ამქვეყნად ვერ იპოვით ერთ ადამიანს, რომელიც გულზე ხელის დაიდებს, კარგად დაფიქრდება და დაიფიცებს, რომ დედაზე ან მამაზე ნაწყენი არაა. მეხსიერებაში ყოველთვის რჩება მოგონება, როცა ბავშვობაში იმედგაცრუების მწარე გემო იგრძენი. თუ ადამიანი ახლა ამაზე ლაპარაკობს, ნიშნავს, რომ დღემდე არ აპატია.

პაპარაცი განიხილავს, ღირს თუ არა მშობლებზე წყენის გულში ჩადება.

მშობლებმა შვილებს აწყენინეს

ცუდია, როცა ბავშვებს სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. გულგრილობით და დაკავებულობით მშობლები შვილებს გულს სტკენენ. ამავდროულად, ზედმეტი ზრუნვა, აბეზარობა და მუდმივი კონტროლიც საზიანოა. ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ. თუ პატარა ონავარს ყურადღება მალე გადააქვს და წყენას ივიწყებს, მოზრდილებს შეუძლიათ წყენის დიდხანს შენახვა ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდნენ, რა ღრღნით.

ბავშვობიდან ვოცნებობ შევხვდე ნაცნობს, რომელიც ნათესავების მიმართ ერთ წყენასაც ვერ გაიხსენებს. ქალიშვილები და ვაჟები ყველაზე ხშირად მშობლებზე განაწყენებულნი არიან. თავის მხრივ, მათაც აქვთ პრეტენზიები შვილების მიმართ, რომლებიც, სხვათა შორის, თავად აღზარდეს. უფროსების ცხოვრებაზე ეს დიდ გავლენას არ ახდენს, მაგრამ ბავშვური წყენა მის მომავალზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად შეიძლება აისახოს.

საშუალო სტატისტიკური ოჯახი, სადაც მშობლები შვილებს გულს სტკენენ, ერთი შეხედვით, ნორმალური ოჯახია. ოღონდ ხანდახან იქ ზრდიან არასრულფასოვნების კომპლექსის და დაბალი თვითშეფასების მქონე გაუწონასწორებელ ინდივიდებს. რატომ ხდება ასე? ყველაფერი იწყება დედის სიტყვებით „არ ჩაერიო, ჯერ პატარა ხარ“, „არ ირბინო, თორემ წაიქცევი“, „შენით ვერ შეძლებ“, „მოდი, მე გავაკეთებ“, „გადი აქედან, ნუ მიშლი ხელს“ და ა.შ.

ამავდროულად, მამების უმეტესობა ოჯახის ცხოვრებაში და შვილების აღზრდაში მონაწილეობას ზღუდავს ფულის გამომუშავებით და ოჯახის წევრების მატერიალური უზრუნველყოფით. მაგრამ ყველაფერი ფულით არ იზომება. უფროსები ხშირად ცდილობენ ბავშვების გულის მოგებას საჩუქრებით, რომლებიც ბავშვებს, რა თქმა უნდა, უხარიათ. მაგრამ ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სიყვარული და ზრუნვა, ხოლო სათამაშოები, თუნდაც ძვირადღირებული, ამას ვერ მისცემთ.

ფსიქოლოგები ბავშვის დაბადებას ლატარეას ადარებენ: იღბლიანია ის, ვისაც მშობლებში გაუმართლებს. მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ გათამაშების მონაწილეთა უმეტესობა, რომლებიც ბედით ან შემთხვევით ხელმძღვანელობენ, ხელცარიელი რჩებიან. უნდა მიიღოთ ფაქტი, რომ ეს შენი დედა და მამაა. ისეთები არიან, როგორებიც არიან და ვერ შეიცვლებიან. დედ–მამას უყვარხარ, მაგრამ თავისებურად. ისინი ხშირად ოჯახის ქცევის მოდელს წინაპრებისგან სესხულობენ. ჩაკეტილი წრეა და გამოსვლა ძნელია. საწყენია, რომ სიტუაციის ტრაგედიის გაცნობიერება მხოლოდ ღრმა სიბერეში მოდის.

მშობლებს არ ირჩევენ, თუმცა ხალხში არსებობს ლეგენდა, რომ ბავშვის სული თავად განსაზღვრავს, ვინ აირჩიოს დედ–მამად. ზეციდან აკვირდება ოჯახებს და წყვეტს, ვინ უნდა გააჩინოს ბავშვი. იმ მომენტში, როცა ბედნიერი დედა ახალშობილს გულზე იწვენს, ბავშვს სურს მთელ მსოფლიოს მოუყვეს მისი შესანიშნავი ამბავი, მაგრამ უფალი მისი საიდუმლოს გამჟღავნებას არ უშვებს. პირმშოს პირს ხელს ახებს და ისიც ყველაფერს ივიწყებს და ჩუმდება. ყოველი ბავშვის ზედა ტუჩის ზემოთ რჩება პატარა ფოსო ღვთაებრივი შეხების სამახსოვროდ.

ყველაზე მეტად გულს გვტკენს ის, ვინც ყველაზე ახლოსაა. დედა კონკურენციის გარეშეა! ან მასთან კავშირი ძლიერია ან მისგან მოთხოვნა მაღალია, მაგრამ დედის ცხოვრება მარტივი არაა. ხოლო ქალიშვილები ბრაზდებიან მასზე და დიდხანს ვერ პატიობენ. გოგოებს ამ საკითხში ტოლი არ ჰყავთ! ასაკის მატებასთან ერთად მათ შორის უფსკრული ღრმავდება. ნდობის ნაკლებობა პრობლემას ამწვავებს. ამ შემთხვევაში, დედის ქცევას და სიტყვას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ ან ისწავლოთ პატიება, რადგან წყენა ყურძნის ღვინო არაა, რომელიც დაძველებასთან ერთად ტკბება.

ახლობლებზე წყენა უნდა მოიშოროთ. როგორ გააკეთებთ ამას, აპატიებთ, დაივიწყებთ თუ უბრალოდ მიიღებთ, თქვენი საქმეა. თუ ახლა არ მოაგვარებთ პრობლემას, გააგრძელებს თქვენი უღრუბლო ცხოვრების მოწამვლას. როგორ ფიქრობთ, ეს გჭირდებათ?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს