იორდასალამი ლამაზი და უპრეტენზიო ყვავილია, მაგრამ მოვლა მაინც სჭირდება. შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში გაიზარდოს ერთსა და იმავე ადგილას, ამიტომ რეკომენდებულია ბუჩქის ქვეშ მიწა რეგულარულად დაამუშაოთ და გაანოყიეროთ. რამდენად კარგად გამოკვებავთ იორდასალამს გაზაფხულზე, იმდენად უფრო დიდხანს და კაშკაშად იყვავილებს.
როდის დავიწყოთ იორდასალამის გამოკვება გაზაფხულზე?
ნაადრევ გაზაფხულზე, როცა თოვლი დნება, რეკომენდებულია სველი მიწა სასარგებლო მინერალებით გაამდიდროთ. კლუმბს მოაყარეთ ამონიუმის ნიტრატი, შარდოვანა, ამონიუმის სულფატი ან ნიტროამოფოსი, რადგან ყვავილს გაზაფხულზე სჭირდება აზოტი აქტიური ზრდისთვის და სრულფასოვანი განვითარებისთვის. 1 სუფრის კოვზი გრანული 1 კვადრატულ მეტრზე საკმარისია. სველი მიწა მათ სწრაფად გახსნის და შეიწოვს. ამ ეტაპზე თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ შარდოვანა, რადგან ნაადრევი ყლორტები ჯერ არ გამოჩენილა და ნაზი ფოთლები არ დაზიანდება.
რით და როგორ გამოკვებოთ გაღივებული იორდასალამი გაზაფხულზე?
როგორც კი მიწიდან თავს ამოყოფს შინდისფერი ყლორტები, კლუმბი ფრთხილად გაათავისუფლეთ გასული წლის გამხმარი ღეროებისგან. შემდეგ მოაშორეთ სარეველები, მიწა დაბარეთ და სასუქი დაუმატეთ. გაზაფხულზე იორდასალამი შეგიძლიათ გამოკვებოთ როგორც სპეციალური კომპლექსური პრეპარატებით (ინსტრუქციის შესაბამისად), ასევე ნატურალური ორგანული სასუქებით.
ნებისმიერი სახის სასუქის დამატებამდე ბუჩქის გარშემო ნიადაგი გააფხვიერეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რადგან გაზაფხულზე ყვავილის ფესვები სუსტია და ადვილად ზიანდება. ყლორტიდან ერთი სმ–ის დაშორებით წრეზე ჩაღრმავება გააკეთეთ, მასში მინერალებით და სასარგებლო ელემენტებით მდიდარი წყალი ჩაასხით ან კომპოსტი (ნეშომპალა) ჩაყარეთ.
მინერალური სასუქები
თუ აპირებთ, რომ გაზაფხულზე იორდასალამი გამოკვებოთ მინერალური სასუქებით, ელემენტების უკეთ ასათვისებლად გრანულები 10 ლიტრ წყალში გახსენით. ერთ ბუჩქზე აიღეთ 1 სუფრის კოვზი ამონიუმის ნიტრატი ან ნიტროამოფოსი და 1 ჩაის კოვზი კალიუმის ფოსფატი. სასურველია, პრეპარატები წყლით სავსე მინის ჭურჭელში მოათავსოთ, თავსახური დაახუროთ და კარგად შეანჯღრიოთ ფხვნილის გახსნამდე. შემდეგ სითხე ვედროში დანარჩენ წყალს აურიეთ. ხსნარი ფესვების გარშემო ღარში ნელ–ნელა ჩაასხით. როცა წყალი შეიწოვება, ხვრელი მიწით ამოავსეთ.
გაზაფხულზე იორდასალამი შეგიძლიათ გამოკვებოთ ძროხის ნაკელით. ამისთვის 1 კგ ორგანულ სასუქს დაასხით 5 ლიტრი სუფთა წყალი და რამდენიმე დღე გააჩერეთ. შემდეგ სითხე ვედროში გადაასხით და ბოლომდე აავსეთ წვიმის წყლით. აქვე დაუმატეთ 1 ლიტრი ხის ნაცარი. მზა ხსნარით ღარი მორწყეთ, ერთ ფესვზე 2 ლიტრი გამოიყენეთ.
იორდასალამი კარგად რომ აყვავილდეს, საფუარის ხსნარით გამოკვებეთ. მისი მომზადება ძალიან მარტივია. 1 ლ თბილ წყალში 3 სუფრის კოვზი შაქარი და 50 გრამი დაპრესილი საფუარი გახსენით. სითხე თბილ ადგილას 2 საათი გააჩერეთ. შემდეგ 10 ლ დამდგარ წყალს აურიეთ და ბოლოს ბუჩქი მორწყეთ.
ბუჩქის გარშემო ჩაღრმავება შეგიძლიათ ამოავსოთ ნეშომპალით ან კომპოსტით. ორგანული მასალა წრის გარშემო თანაბრად გაანაწილეთ. მიწას გამოკვებას და სითხეს შეინარჩუნებს.
სწორი მოვლა
გაზაფხულზე რეკომენდებულია იორდასალამის გამოკვება და არა გადარგვა. ყვავილების გადარგვა და გამრავლება შემოდგომაზე უმჯობესია. ამისთვის სექტემბერი ან ოქტომბერი კარგი პერიოდია. ასე ფესვების სისტემა ყინვების დაწყებამდე მოასწრებს აღდგენას და თხელი ფესურების გამოღებას, რომელიც სითხის და მკვებავი ნივთიერებების შეწოვას ხელს უწყობს. მთელი ზამთარი მცენარე ისვენებს და სრულფასოვანი ვეგეტაციისთვის ემზადება. თუ ყვავილს გაზაფხულზე გადარგავთ, გადარჩენა გაუჭირდება და ამ წელს არ იყვავილებს.
ბნელ ან ნესტიან ადგილას არ დარგოთ. დარგვისას ფესვების მიწით დამძიმება არ ღირს. მიწის ფენა 5 სმ–ს არ უნდა აჭარბებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იორდასალამი მხოლოდ ფოთლების ფორმირებას შეძლებს. ვერასდროს ნახავთ მის ყვავილობას, თუ ბუჩქს ძალიან ღრმად დარგავთ. ორმო, რომელშიც ყვავილს რგავთ, უნდა გამოკვებოთ. აავსეთ ნეშომპალის, მიწის და ნაცრის ნარევით, მოაყარეთ სუპერფოსფატი და კალიუმი. ფესვები ორმოში მოათავსეთ, მიწა მოაყარეთ და კარგად ჩატუმბეთ. შემდეგ წყალი უხვად მოასხით. ეს სასუქი 2 წლით საკმარისი იქნება.
კლუმბმა მესამე წელს ნაზი მათრობელა არომატის მქონე უხვი ყვავილობით რომ გაგახაროთ, იორდასალამი აუცილებლად გამოკვებეთ. ასე მცენარე აქტიური ზრდისთვის ძალას მოიკრებს და კოკრების ფორმირებისთვის დამატებით სტიმულს მიიღებს.