დეკემბერა: როგორ ვიზრუნოთ სწორად, რომ გაგვახაროს უხვი ყვავილობით და ქორფა სიმწვანით

2752

დეკემბერა, საშობაო, ზიგოკაქტუსი შლუმბერგერა – ჩვენთვის ნაცნობი ოთახის მცენარის სახელებია, რომელიც თითქმის ყველა სახლის ფანჯრის რაფაზე გვხვდება. მარტივი მოსავლელია, უხვად და ხალისიანად ყვავილობს. და მაინც, უხვად აყვავებული დეკემბერათი ყველა დიასახლისი ვერ დაიკვეხნის. პაპარაცი გიამბობთ, რა უყვარს დეკემბერას და რას ვერ იტანს, როგორ იზრუნოთ მასზე სწორად.

ოთახის მცენარე დეკემბერა

ძნელი დასაჯერებელია, რომ დეკემბერა კაქტუსის ნათესავია. თავად განსაჯეთ, ეკლები არ აქვს, ფოთლები მწვანე და წვნიანია, მოვლაში ბევრი წყალი უყვარს. უფრო ორქიდეას ჰგავს. მშვენიერი თანამემამულის მსგავსად უყვარს ნათელი, მაგრამ გაფანტული სინათლე და მსუბუქი ჩრდილი. იდეალურად ყვავილობს დასავლეთის ან აღმოსავლეთისკენ მიმართულ ფანჯრის რაფაზე. ზაფხულში 18–22 გრადუს ტემპერატურაზე კომფორტულად არის, ზამთარში 14 გრადუსზეც თავს კარგად გრძნობს.

დეკემბერას უყვარს გაზრდა ერთ ადგილას, რომელსაც ერთხელ და სამუდამო ეჩვევა. გადაადგილებას ცუდად იტანს, არ უყვარს, როცა ქოთანს სხვა მხარეს ატრიალებენ. ამის გაკეთება არ შეიძლება ყვავილობის დროს, რადგან ასე ნაზი ფურცლები დაცვივდება, უხვ ყვავილობას ვერ მიიღებთ.

მცენარის მორწყვა და გამოკვება

დეკემბერას მორწყვის წესები დამოკიდებულია სეზონზე და განვითარების ფაზაზე, რომელშიც იმყოფება. მაგალითად, გაზაფხულზე და ზაფხულზე აქტიურად იზრდება, ამიტომ მეტი სითხე სჭირდება. ამ პერიოდში უნდა გამოკვებოთ. შეიძინეთ სრული მინერალური სასუქი ან სპეციალური სასუქი კაქტუსებისთვის.

შემოდგომაზე სიმშვიდის პერიოდია, ამიტომ მორწყვა უნდა შეამციროთ. მხოლოდ დანამვით შეგიძლიათ შემოიფარგლოთ. როგორც კი შენიშნავთ პირველ კოკრებს, ყვავილის მეტი წყალი მიაწოდეთ. ამ პერიოდში ყვავილოვანი მცენარეების სასუქი შეგიძლიათ მიაწოდოთ. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ცხელ ან ცივ შენობაში მცენარე კოკრებს არ გამოიღებს. დღისით ოპტიმალური ტემპერატურაა 21 გრადუსი, ხოლო ღამით – 7–15 გრადუსი.

ზამთარი და გაზაფხულის დასაწყისი ყვავილისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს ყვავილობას იწყებს. 2 კვირაში ერთხელ გამოკვებეთ, ჰაერის ტემპერატურა აკონტროლეთ. 22 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს. გათბობის ბატარეებს მოაშორეთ. ყვავილობის პერიოდში მორწყეთ მხოლოდ თბილი წყლით და ეს ღამით არასდროს გააკეთოთ.

დეკემბერა, რომელმაც ყვავილობა დაასრულა, ნაკლები წყლით მორწყეთ და უფრო დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ ისევ დაიწყება ზრდის ციკლი.

გამრავლება და გადარგვა

ოთახის ყვავილი დეკემბერა კალმით მრავლდება. პირველ რიგში, აირჩიეთ ყლორტი, რომელსაც განშტოება არ აქვს, გადაჭერით მისი ბოლო ორი სეგმენტი. გადაჭრის ადგილას ნახშირი წაუსვით, შემდეგ მშრალ და თბილ ადგილას 24 საათი გააჩერეთ, რომ ყლორტი გაშრეს.

კალამი სველ მიწაში ჩარგეთ, ზემოდან პარკი ან ქილა დააფარეთ, რომ სათბურის პირობები შექმნათ. ამ გზით დარგული ყლორტები ძლიერ ფესვებს ავითარებს.

დეკემბერა 3–4 წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ გადარგოთ. მცენარის ქოთანი უნდა იყოს დაბალი, მაგრამ ფართო. მაღაზიაში იყიდეთ მიწა სპეციალურად კაქტუსებისთვის და სუკულენტებისთვის. ქოთნის ძირში დრენაჟი მოათავსეთ. თავად ყვავილი გადაზიდვის მეთოდით გადარგეთ, სიცარიელე ახალი მიწით შეავსეთ.

დაავადებები და მავნებლები

როგორც ნებისმიერი ცოცხალი არსება, დეკემბერა დაავადებებით შეიძლება დაინფიცირდეს. სოკოვანი დაავადებებიდან მგრძნობიარეა ფიტოფთორის, ფუზარიოზის და ფიტიუმის მიმართ. ყვავილი, რომელზეც სოკო დასახლდა, ხდება დუნე, რუხი, ცვივა ფოთლები. ამ შემთხვევაში შეიძინეთ სპეციალური პრეპარატები „მაქსიმი“, „ტოპაზი“, „ვიტაროსი“ ან ფუნგიციდები.

თუ ყვავილზე შენიშნეთ ჟანგის ნადები, შესაძლოა, ყვავილი ობობის ტკიპის მსხვერპლი გახდა. მავნებლის მოშორებაში დაგეხმარებათ „აკტელიკი“, „ფიტოვერმი“ ან „ნეორონი“. თუ მცენარე მტკიცე აღარაა, პრობლემა ფესვების ლპობაში შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში გადარგვას გირჩევთ.

დეკემბერა პრეტენზიულ ყვავილად არ ითვლება. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია. თუ ყველა წესს დაიცავთ, უხვი ყვავილობით და ქორფა მწვანე ფოთლებით გაგახარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს