„რა დედასთან ურთიერთობაზეა საუბარი, თუ ის არ გისმენს?“

0
1109

ხუთშაბათი

-დედა რატომ აკეთებ ამას? ეს ჩემი ბინაა და მინდა ვაკონტროლებდე ვინ ცხოვრობს – ლიზა ოთახში თითქმის დარბოდა ტელეფონით ხელში.

ლაშა კომპიუტერთან იჯდა და მას ყურადღებას არ აქცევდა – ასე მიმდინარეობდა მისი ყველა საუბარი საყვარელ დედასთან.

უცებ გოგონა შეჩერდა და ყურმილში ჩასძახა!

-ჯანდაბამდე გზა გქონია!

ის ატირდა.

ლაშა მაშინვე მიუახლოვდა, მხრებზე მოეხვია და სათუთად ჩასვა თავის კომპიუტერის სავარძელში.

-ეს რაღაც ახალია? რა ხდება?!

-დედაჩემს კაცები მიჰყავს! ჩემს სახლში!

-საიდან გაიგე?

-თვითონ მითხრა.

-შენ ეს არ გინდა?

-რა თქმა უნდა, არა! ეს იპოთეკა რომ არა, არასოდეს შევუშვებდი ჩემს ბინაში!

-ეს მახსოვს. დედა გეხმარება იმ ბინის სესხის გადახდაში, რომელშიც თავად ცხოვრობს.

-დიახ. და სარგებლობს იმით, რომ მე სხვა ქალაქში ვცხოვრობ შენთან ერთად.

-სულ 120 კმ-ია, ჩათვალე გვერდით ხარ!

-ლაშა ჩაფიქრდა.

-რაღაც ვერ ეწყობა. დედაშენი შენს ბინაში ცხოვრობს და ამავდროულად ისე იქცევა, თითქოს სრულფასოვანი მფლობელი იყოს.

-კი, ხანდახან, ასეა, – ტირილით თქვა ლიზამ.

-მაგრამ ბინა შენია? შენ ხარ ერთადერთი მფლობელი, ასეა?

-დიახ! ასჯერ გითხარი!

-დედა შენს ბინაში დარეგისტრირებულია?

-არა! ის სოფელშია დარეგისტრირებული. იქ აქვს ბინა, რომელიც დღემდე არ არის პრივატიზირებული. დედა იცდის, სანამ ყველა დათანხმდება, რომ ბინის პრივატიზაცია გააკეთოს. უკვე 15 წელია.

ლაშამ ტელეფონი აიღო, მთელი 15 წუთი რაღაცას ეძებდა, შემდეგ კი ტელეფონის ეკრანი ლიზას აჩვენა:

-ამდენს იხდის დედაშენი, როგორც დახმარებას იპოთეკური სესხის გადასახდელად?

გოგონას გაუკვირდა:

-არა, რას ამბობ! გაცილებით ნაკლებს!

-მაშინ შენთვის ცუდი ამბავი მაქვს.

-ლიზა დაიძაბა:

-რა ამბავი? ლაშა, რას მაშინებ! მითხარი რა ამბავი!

-შენი პრობლემის გადაწყვეტა შემიძლია. თანაც ერთდროულად ორის. მაგრამ ამ გეგმის განხორციელებისთვის მე გჭირდები.

-შენ? რატომ? რა გეგმაა?

-ისეთი, რომელიც თვალებს აგიხელს. მაგრამ ჯერ უნდა მოვემზადო. შენ უახლესი უქმეები პარასკევს და შაბათს გაქვს?

-დიახ, და რა მოხდა?

-ორ დღეში უნდა მოვასწრო. შენ კი მოემზადე მოგზაურობისთვის, რომელიც შენი ცხოვრების ამ გვერდს გადაფურცლავს. და სურათები გამომიგზავნე.

-ლაშა, ისევ გამოცანებით დაიწყე საუბარი? – უსაყვედურა ლიზამ. – ვერაფერი გამიგია, მაგრამ უკვე მეშინია. რა გვერდი? რა ფოტოები?

-ლიზა, მოითმინე, ყველაფერს გაიგებ, როდესაც ამის დრო მოვა. მხოლოდ ორი დღე დარჩა. ბინის ფოტოები მჭირდება, რომლებიც გაქვს.

შაბათი

-რა გაქვს ჩაფიქრებული? – ეს კითხვა დილიდან უკვე მეასედ გაისმა.

ლაშა არაფერს ამბობდა, მაგრამ უკვე აღარ იღიმოდა. ის საქმეზე იყო კონცენტრირებული.

ისინი ლიზას სახლში შევიდნენ, სართულზე ავიდნენ და ბინას მიუახლოვდნენ.

-ლაშა, მინდა, რომ კიდევ ერთხელ დავაზუსტო, თუ რაიმე არასწორად წარიმართება, შეიძლება დედასთან ურთიერთობა გამიფუჭდეს. ის, რა თქმა უნდა, ანგელოზი არ არის, მაგრამ მე მეხმარება.

-ლიზა, რა დედასთან ურთიერთობაზე საუბარი, როდესაც ის არ გისმენს? მიუხედავად იმისა, რომ საუბარი შენს ბინაზეა!

-და მაინც!

-ყველაფერი კარგად იქნება. უკიდურეს შემთხვევაში, თუ რამეა, მე დამაბრალე.

ლიზამ თავისი სახლის გასაღები ამოიღო და კარის გაღებას შეეცადა.

-ლაშა, ვერ ვაღებ.

-მომეცი, – ახალგაზრდა კაცმა გასაღები გამოართვა.

ერთი წუთის შემდეგ მან გასაღები საკეტიდან გამოიღო და ლიზას დაუბრუნა.

-ხელოსანი გამოიძახე.

-რატომ?

-დედაშენმა საკეტი გამოცვალა!

-რა?! ის ამას არ იზამდა!

-როგორც ხედავ, შეძლო და გააკეთა. ბინის საბუთები წამოიღე, მე რომ გთხოვე?

-კი, ხელშეკრულება თან მაქვს.

-რეესტრის ამონაწერი?

-კი, მაგრამ ის ექვსი თვის წინანდელია.

-გამოდგება. ახლა კი ხელოსანი მოძებნე!

საათნახევრის შემდეგ კარი გააღეს.

50 ლარი დაუჯდა ლიზას (კარის გაღება და ახალი საკეტის დაყენება), რომ საკუთარ ბინაში მოხვედრილიყო.

ბინა არეული არ იყო. ერთი შეხედვით, ყველაფერი თავის ადგილზე იყო, მაგრამ იქ დახვდათ უამრავი ნივთი, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა ქალის.

-დედაშენი სამსახურიდან რომელ საათზე ბრუნდება?

-მე რა ვიცი?

-კარგი. მაშინ ბინა უნდა მოვაწესრიგოთ!

-რატომ?

-გაიგებ.

-მაგრამ ეს ნივთები სხვისია.

-სამაგიეროდ ბინა შენია, – თავდაჯერებულად გაფანტა ყველანაირი ეჭვი ლაშამ და ოთახში მტვერსასრუტი შემოიტანა.

ორი საათის შემდეგ ლაშას დაურეკეს და მან სწრაფადვე უპასუხა:

-დიახ, კარგი. უკვე ჩამოვდივარ.

-ლაშა ვინ იყო?

-მალე ყველაფერს გაიგებ, – გაუღიმა ლაშამ. – საბუთები მოამზადე.

შვიდი წუთის შემდეგ ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შემოვიდა. ლაშა კი, რომელიც მათ შემოჰყვა, საუბარს განაგრძობდა:

-აი, ეს ბინაა. ნივთებს ყურადღება არ მიაქციოთ. ეს კი ბინის მესაკუთრეა, ლიზა. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ პოტენციურ მოქირავნეებს შეხვედროდა.

ახალგაზრდები ოთახში შევიდნენ. ლიზა კი სადაც იყო იქ დარჩა, ფართოდ გახელილი თვალებით და ნახევრად გაღიმებული.

ლაშამ, რომელმაც გვერდზე ჩაუარა, ჩუმად ჩასჩურჩულა:

-თუ რამე, შენი რიელტორი ვარ. შენ შეგიძლია საერთოდ არ ჩაერიო საუბარში.

როდესაც ბინის დათვალიერება დასრულდა, ლიზა ლაშას მივარდა:

-ეს რა იყო? ვინ მოგცა უფლება, რომ ჩემი თანხმობის გარეშე ბინა გაგექირავებინა?! ავად ხარ? დაგავიწყდა, რომ აქ დედაჩემი ცხოვრობს?

ლაშა მშვიდად დაელოდა, სანამ ბინის მესაკუთრეს გაბრაზება გაუვლიდა, შემდეგ ტელეფონი ამოიღო, განბლოკა და განერვიულებულ ლიზას აჩვენა:

-ეს შენი ბინის რეკლამაა. ფასს ხედავ?

ლიზამ გაიკვირვა:

-სერიოზულად?

-კი, ესენი პირველი მნახველები იყვნენ. დღეს კიდევ სამი მოვა. უკვე ვფიქრობ, ფასს ხომ არ მოვუმატო.

ამ დროს სახლის კარი გაიღო და ვიღაცის ხმა გაისმა:

-აქ რა ხდება?

ლაშა და ლიზა გაჩუმდნენ.

-დედაშენს ასეთი ხმა აქვს? – ჩურჩულით იკითხა ლაშამ.

-გაგიჟდი? არა, რა თქმა უნდა!

ამ დროს დერეფნიდან მოისმა:

-არაფერი მესმის. კარს რა დაემართა?

ლაშამ ლიზას ხელი ჩასჭიდა და თავი დაუქნია:

-დროა!

-თავიანთი თავშესაფრიდან გამოსვლის შემდეგ მათ დაინახეს მამაკაცი, რომელიც გასაღებით შემოსასვლელი კარის დაკეტვას ცდილობდა.

-საკეტი ჩვენ გამოვცვალეთ, არ არის საჭირო არაფრის გატეხვა!

მამაკაცი შემობრუნდა:

-თქვენ ვინ ხართ?

-ისინი, ვინც დღეს აქედან გაგაგდებენ, – მტკიცედ უპასუხა ლაშამ. ან საკუთარი ნებით წაბრძანდით, ან პოლიციას გამოვიძახებთ იმის გამო, რომ უკანონოდ შემოიჭერით სხვის საკუთრებაში და უკანონოდ ცხოვრობთ აქ.

-რას ამბობ, ბიჭო? მე აქ ბინის მესაკუთრემ შემომიშვა!

-ამან? – ლიზაზე ანიშნა ლაშამ.

-არა!

-მაშინ ის მესაკუთრე არ ყოფილა!

მამაკაცმა ყურადღებით შეხედა ლიზას:

-ნამდვილად! მე კი ვფიქრობ, ვის გავს. მაშ ეს არის ლიზა? დედაშენმა შენზე ბევრი რამ მიამბო!

-თქვენ ვინ ხართ? – იკითხა ლაშამ.

-მე ლიზას დედის მეგობარი ვარ.

-მაშ ასე, მეგობარო. ერთი საათი გაქვს ნივთების შესაგროვებლად. შენ აქ აღარ უნდა იყო, – ლაშამ ტელეფონზე წამზომს დახედა. – 59 წუთსა და 41 წამში.

-ზედმეტი ხომ არ მოგდის, ბიჭო? – წინ გადადგა ნაბიჟი მამაკაცმა.

-მე არა. შენ კი, ბიძია, ნამდვილად ზედმეტი მოგდის. იქნებ გარკვეული თანხა გადაგახდევინოთ, ბინით და ქონებით სარგებლობისთვის?

-რა?

-ეს კარგი აზრია, – გაიღიმა ლაშამ. – მორჩა, ახლავე დავურეკავ უბნის ინსპექტორს. თქვენი პასპორტის მონაცემები დაგვჭირდება საჩივრის შესადგენად.

-რა საჩივრის? რა ინსპექტორი? – გაოგნდა მამაკაცი.

-რომელიც აქ გაჩნდება, თუ არ მოშორდებით აქედან 57 წუთსა და 31 წამში.

მამაკაცმა სწრაფად დაიწყო თავისი ნივთების შეგროვება.

ლიზამ კი მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა:

-დედაჩემი სად არის? – ჰკითხა მან მამაკაცს.

-ის… შვებულებაშია. სადღაც გაემგზავრა.

-დიდი ხანია?

-ერთი კვირის წინ. ის ბინის ამბებთან დაკავშირებით გაემგზავრა. მოკლედ, რაღაც საკითხი უნდა მოეგვარებინა ნათესავებთან.

-იქნებ პრივატიზაციის საკითხი? – დააზუსტა გოგონამ.

-ნამდვილად!

-ლიზა, დედას დაურეკე და ორი სიტყვით უთხარი: ბინა მის განკარგულებაში აღარ არის. ნივთებს გადავყრით ან მისმა მეგობარმა წაიღოს.

-მე? – მამაკაცი თავის ნივთებს აგროვებდა და თან მათ საუბარს ისმენდა. – მე ნანას ნივთები რაში მჭირდება? ჩემებიც საკმარისია.

დედა დიდხანს არ პასუხობდა ზარებს. მხოლოდ მესამე დარეკვაზე უპასუხა;

-ალო! რამდენს რეკავ?

-დედა, მე ჩემს ბინაში ვარ. შენ აქ აღარ ცხოვრობ. მე მას ვაქირავებ! ვინმე გყავს ქალაქში, ვინც მოვა და შენს ნივთებს წაიღებ? სამი საათის განმავლობაში.

-მოიცა, ლიზა! რას ამბობ? დედაშენს სახლიდან აგდებ?

-საკუთარი სახლიდან.

-ნამდვილად გაგიჟდი!

-არა. მე გავარკვიე, რომ შენ იმაზე ორჯერ ნაკლებს მიხდი, ვიდრე ბინის გაქირავება ღირს. თუმცა, როდესაც ეს ვარიანტი შემომთავაზე, მითხარი, რომ იმდენივეს გადამიხდიდი, რამდენიც ამ ბინის ქირის ფასი იქნებოდა.

-ეს როდის იყო!

-კიდევ კარგი, რომ აღიარე შენი ტყუილი. მითხარი, ნივთებს რა ვუყოთ?

-გადაყრა არ გაბედო, გესმის?

-მაშინ ვინმე მოვიდეს და წაიღოს. ბინაში ვერ დავტოვებთ. შენი მეგობარი თავის ნივთებს უკვე აბარგებს.

-ჩემი ვინ? – წამით გაჩუმდა. – ა, სიმონი! კი მაგრამ ჩემი ნივთები მანდ დარჩეს!

-არ შემიძლია, დედა. შენ ხომ საკეტები შეცვალე. ჩემს ბინაში. და ისე, რომ ჩემთვის არაფერი გითქვამს!

-მე ვაპირებდი!

-ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მოკლედ, შენს ნივთებს ვაბარგებ. სამ საათში თუ არავინ წაიღებს, გადავყრი.

-სარდაფი!

-რა სარდაფი?

-ერთი სართულით დაბლა, 22-ე ბინაში… მარი ცხოვრობს. მას სარდაფი აქვს. ის ცარიელია. მე მას დავურეკავ, მოველაპარაკები და ნივები იქ წაიღეთ.

-გელოდები, – მოკლედ მოუჭრა ლიზამ.

ამ დროისთვის სიმონი უკვე აღარ იყო ბინაში. ლაშა კი ნივთებს კარადებიდან ნაგვის ცელოფნებში ალაგებდა.

მეორედ ბინის დასათვალიერებლად მაშინ მოვიდნენ, როდესაც ლაშა და ლიზა სახლს ალაგებდნენ, მაგრამ ამას საქმისთვის ხელი არ შეუშლია. ბინის ნახვის შემდეგ, მათ მაშინვე შესთავაზეს ხელშეკრულების გაფორმება.

-შენი გადასაწყვეტია, – ღიმილით უთხრა ლაშამ ლიზას.

20 წუთის შემდეგ გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც ლაშამ წარადგინა (ხომ გითხარი, რომ მოგზაურობისთვის მომზადება მჭირდებოდა?). მდგმურები ბინაში რამდენიმე საათში უნდა შესულიყვნენ.

ლიზა და ლაშა ქალაქიდან ბოლო მატარებლით გაემგზავრნენ.

-მადლობა ყველაფრისთვის! – დაღლილმა გაუღიმა ლიზამ თავის თანამგზავრს. – შენ რომ არა, დედაჩემის გაძევების გადაწყვეტილებას ვერასოდეს მივიღებდი.

-არაფრის. მაგრამ ახლა მაინც მოგიწევს თვეში ერთხელ მისვლა და ბინის შემოწმება.

-რადგან საჭიროა, ესე იგი, საჭიროა. სამაგიეროდ იპოთეკას უფრო სწრაფად გავისტუმრებ, – თვალები დახუჭა ლიზამ და ტკბილ ძილში ჩაიძირა.