დავიღალე ღამით ბალიშზე ტირილით. არასოდეს არავის არ ვყვარებივარ

0
1407

20 წლის ვარ. ახლა ვზივარ და ვტირი უიმედობისგან. დიდად სასურველი ბავშვი არ ვყოფილვარ, ჩემი მშობლები ახალგაზრდა სტუდენტები იყვნენ. ბებიამ დაარწმუნა დედა, რომ ჩემი თავი გაეჩინა. როცა დავიბადე, მამა გამუდმებით სამსახურში იყო, დედა კი თითქმის არ ზრუნავდა ჩემზე. საათობით მეგობრებს ესაუბრებოდა ტელეფონით და ხანდახან ბებიასთან მტოვებდა ნახევარი წლით…

ძალიან ჩაკეტილი ვიყავი და თავდაჯერებულობა მაკლდა, ძალიან დაუცველი ვიყავი, სითბო მინდოდა. ბავშვობის მეგობარი მყავდა, რომელსაც ძალიან მივეჯაჭვე. მხოლოდ ის ისმენდა ჩემს ყველა ისტერიკას, ცრემლებს, წუხილს, მიცავდა ყველაფრისგან. 9-დან 14 წლამდე ერთი ბიჭი ცალმხრივად მიყვარდა, მან უბრალოდ იმედი მომცა და წავიდა.

მერე, როცა 15 წლის ვიყავი, ჩემი საუკეთესო მეგობარი სასწავლებლად სხვა ქვეყანაში გაემგზავრა და სრულიად მარტო დავრჩი, მხარდაჭერის გარეშე, დაცვის გარეშე, ურთიერთობა თანდათან შეწყდა. ღამე ვტიროდი, ჩემი მეგობარი მენატრებოდა. სწორედ ამ დროს დედამ სახლიდან გამაგდო და მითხრა, რომ უკვე დიდი ვიყავი და ცალკე უნდა მეცხოვრა.

ახლა ბებიასთან ვცხოვრობ. დედაჩემთან დღემდე არ მაქვს ურთიერთობა. ძალიან სასოწარკვეთილი ვიყავი. დღევანდელი დღესავით მახსოვს, ერთმა ბიჭმა მომწერა სოციალურ ქსელში: „არ გინდა ერთმანეთი გავიცნოთ?“ და ამის შემდეგ დაიწყო: შემოდგომა, ერთმანეთს პარკში შევხვდით, კაფეში წავედით. შემდეგ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს შევხვდებოდით. თუმცა აღმოჩნდა, რომ, მას მხოლოდ ინ**მი აინტერესებდა, მე კი – ვერ ვენდობოდი, ამიტომ ზამთარში მიმატოვა.

ბევრი კომპლექსი მაქვს საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით: სახე უცნაური მაქვს, ცხვირი გრძელი, სახე გრძელი, ნიკაპი ვიწრო, თეძოები ფართო. მერე ისევ შევხვდი ერთ ბიჭს ზაფხულში. აღფრთოვანებული იყო ჩემით, აქებდა ჩემს განიერ თეძოებს, ჩემს სახეს ძველი ბერძნული ქანდაკებების სახეებს ამსგავსებდა და ა.შ. პირველი სერიოზული ურთიერთობა მასთან მქონდა. ის 17 წლის იყო, მე 16-ის. მერე მიღალატა, ვტიროდი, მასთან ურთიერთობის გაგრძელება მინდოდა. მას მივაჯაჭვე, რადგან მაქებდა.

ახლა არ ვიცი, როგორ გამოვიდე ამ სიტუაციიდან. ბიჭებს იმიტომ ვეჩვევი, რომ ისინი ზრუნავენ ჩემზე, მაქებენ, აღფრთოვანებულნი არიან ჩემი ფიგურით (ფართო თეძოებით) და მიცავენ, შემდეგ კი წყვეტენ ამის გაკეთებას. მის შემდეგ უკვე 5 შეყვარებული მყავდა. დღეს მორიგ ჯერზე დავშორდი ერთს…

მესმის, რომ არცერთ მათგანს არ ვუყვარდი, მათ მხოლოდ სექსი სურდათ. უფრო სწორად, ეგონათ, რომ ვუყვარდი, მერე კი მათი სიყვარული ქრებოდა და მტოვებდნენ. მე უბრალოდ დაღლილი ვარ. მინდა ვიპოვო ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ვეყვარები და მეც შემიყვარდება. ძალიან მინდა, რომ ვიღაცას გულწრფელად შევუყვარდე სამუდამოდ, მაგრამ ისინი მიდიან.

მე ყოველ ჯერზე მიყვარდება, ძალიან მოსიყვარულე და მეოცნებე ვარ, იმედი მიჩნდება, რომ ის, სწორედ ის არის, ვინც დამიცავს და ა.შ., მაგრამ აღმოჩნდება, რომ არა… იმის გამო, რომ ძალიან ლამაზი არ ვარ, თავდაჯერებულობა მაკლია: დედაჩემი აკრიტიკებდა ჩემს გარეგნობას და ასევე ბებიაც და ბაბუაც.

ახლობლებს უცნაურ ადამიანად მივაჩნივარ, დედაჩემისთვის სასურველი ბავშვი არ ვყოფილვარ, მამა მხოლოდ ფინანსურად მეხმარება, თუმცა ამბობს, რომ ვუყვარვარ. ბებია ბავშვობიდან მზრდიდა, მაგრამ ხან კარგად მექცევა, ხან ცუდად. ალბათ ამიტომაც ვეძებ სიყვარულს ბიჭებში. თავს დაუცველად ვგრძნობ, ხშირად მახინჯად ვთვლი საკუთარ თავს, ამას გარდა ჩემი ახლობლებიც ხშირად მეუბნებოდნენ ამას. სხვა ლამაზ გოგოებს ვუყურებ – ისინი უყვართ, მე კი – არა. არ ვიცი, თითქოს დეფექტური ვარ, ქალურობა მაკლია, თუმცა ხასიათი ქალური მაქვს.