ალბათ, გსმენიათ, რომ მაღალი ქოლესტერინი საშიშია ჯანმრთელობისთვის. ადამიანთა უმეტესობა წარმოიდგენს მას სისხლძარღვებში მცურავი ცხიმიანი ნაჭრის სახით. მართლა ასე საშიშია სინამდვილეში? პაპარაციმ გადაწყვიტა გაარკვიოს ყველა ამაღელვებელი მომენტი.
ქოლესტერინი არის ნივთიერება, რომელიც ცხიმოვანი ალკოჰოლების ჯგუფს მიეკუთვნება. ქოლესტერინის დიდ ნაწილს ჩვენი ორგანიზმი, ძირითადად, ღვიძლი გამოიმუშავებს. ეს ნაერთი არის ერთგვარი „საშენი მასალა“ უჯრედული მემბრანისთვის, ნაღვლის ფერმენტებისთვის და D ვიტამინისთვის. მისი ჯანსაღი დონე მხარს უჭერს იმუნურ, საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემებს. რა საფრთხეს წარმოადგენს?
საიდან მოდის ქოლესტერინი?
ქოლესტერინის 80% ჩვენს ორგანიზმში სინთეზირდება. მის წარმოებაზე პასუხისმგებელია ღვიძლი, მაგრამ მცირე ნაწილი წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლებში, ნაწლავებსა და სასქესო ჯირკვლებში. დანარჩენი 20% ორგანიზმში ცხოველური წარმოშობის საკვებიდან ხვდება. რა განსაზღვრავს ქოლესტერინის დონეს სისხლში?
საკმაოდ ბევრი ადამიანი „მემკვიდრეობით“ იღებს მაღალი ქოლესტერინის პრობლემას. თუ თქვენს ოჯახში არის ეს პათოლოგია, რეგულარულად ჩააბარეთ ანალიზები, რომ სიტუაცია აკონტროლოთ და გამოასწოროთ. მაღალი ქოლესტერინის სხვა მიზეზებიც არსებობს:
- ბევრი ცხიმიანი საკვები (ხორცი, ქონი, კვერცხი, სწრაფი კვება, მაიონეზი და ა.შ.)
- ალკოჰოლის ჭარბად მიღება, მოწევა
- ჰორმონალური პრეპარატების მიღება
- შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის დაავადება, ჰიპერტონია
- ქრონიკული სტრესი
როგორ მივხვდეთ, რომ სისხლში ქოლესტერინის დონე მაღალია? ხშირად ამაზე მიუთითებს შემდეგი სიმპტომები?
- ხშირი თავბრუსხვევა
- ყურადღების, მეხსიერების და გონებრივი აქტივობის გაუარესება
- საჭმლის მონელების დარღვევა
- პერიოდულად ტკივილი გულმკერდში
- მტკივნეული შეგრძნებები ჭიპის არეში (ჭამის შემდეგ)
მაღალი და დაბალი ქოლესტერინის შედეგები
სისხლძარღვების კედლებზე ფოლაქების სახით დალექილი ქოლესტერინი ნორმალურ სისხლის მიმოქცევას ხელს უშლის. შედეგად, თრომბოზის და ჰიპერტონიის რისკი იზრდება, ინსულტი ან ინფარქტი შეიძლება მოხდეს. რთულ შემთხვევაში, მაღალი ქოლესტერინი იწვევს თირკმლების უკმარისობას, გულის დაავადებების განვითარებას და სხვა სერიოზულ პათოლოგიას.
თუ ანალიზებმა აჩვენა ქოლესტერინის დაბალი დონე (2,8 მმოლ/ლ–ზე ქვემოთ), ამოსუნთქვას ნუ იჩქარებთ. ამ ნივთიერების დეფიციტიც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. დაბალი ქოლესტერინი ვითარდება ინფექციური დაავადებების, მტანჯველი დიეტის, ღვიძლის პათოლოგიის, ფარისებრი ჯირკვლების, თირკმელზედა ჯირკვლების, ნაწლავების, ადისონის დაავადების და ლეიკემიის პათოლოგიების ფონზე.
სისხლის ანალიზი ქოლესტერინზე
თუ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ. ის საჭირო ანალიზებს დაგინიშნავთ, შემდეგ სწორად გაშიფრავს. ანალიზები ჩააბარეთ უზმოზე, წინა დღით ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი და არაუგვიანეს 19:00 საათზე. ქოლესტერინის რომელი დონე ითვლება კრიტიკულად? თუ თქვენი მაჩვენებელი 5,2–ზე მაღალი და 2,8–ზე დაბალია, დამატებითი მკურნალობა გჭირდებათ. ექიმი გამოგიწერთ სპეციალურ პრეპარატებს ქოლესტერინის ასამაღლებლად/შესამცირებლად. მიიღებთ რეკომენდაციებს კვების და ზოგადად ცხოვრების წესთან დაკავშირებით.
როგორ დავარეგულიროთ ქოლესტერინის დონე?
თუ გსურთ ქოლესტერინის შემცირება, ექიმები გირჩევენ:
- გამორიცხეთ ალკოჰოლი
- არ მოწიოთ
- ივარჯიშეთ და წონა აკონტროლეთ
- თავი აარიდეთ სტრესულ სიტუაციებს. უკეთესია, თუ ისწავლით მათთან გამკლავებას
ქოლესტერინის დონის შესამცირებლად დიეტაც მნიშვნელოვანია. რაციონიდან გამორიცხეთ:
- ცხიმიანი ხორცი
- რაფინირებული შაქარი
- კარაქი და ქონი
- სწრაფი კვება, ჩიფსი, ძეხვი
- შემწვარი კერძი, კონსერვი
- ტკბილეული, ყავა
- ცხიმიანი სოუსები
პროდუქტები, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს:
- კაკალი
- მცენარეული ზეთი
- უცხიმო თევზი
- ახალი მწვანილი
- ავოკადო
- ნიორი
- კენკრა
- სეზამის თესლი, მზესუმზირას თესლი, გოგრის თესლი
- მარცვლეული
მაღალი ქოლესტერინის 3 ნიშანი სხეულზე
ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომ მაღალი ქოლესტერინი აქვს, თუმცა ამაზე სიგნალს გვაძლევს შემდეგი ნიშნები:
მოყვითალო გამონაყარი ქუთუთოების გარშემო
მედიცინაში ეს ფენომენი ცნობილია ქსანთელაზმის სახელით. აღსანიშნავია, რომ თვალების გარშემო ბრტყელი, ოდნავ ამობურცული ყვითელი გამონაზარდი ჩნდება, როდესაც ორგანიზმში ჭარბი ქოლესტერინი გროვდება. როგორც წესი, საზიანო არაა, ტკივილს ან ქავილს არ იწვევს, მაგრამ შეიძლება მიუთითებდეს დიაბეტის, მაღალი ქოლესტერინის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე.
რქოვანას რკალი
რქოვანას რკალი მოთეთრო–ნაცრისფერი რგოლია თვალის რქოვანას გარშემო. უმეტესად, ეს წარმონაქმნი დაკავშირებულია სისხლში ცხიმის მაღალ დონესთან. ხშირად გვხდება 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.
შეშუპება მუხლებზე, თითებზე ან იდაყვებზე
ეს ფიზიკური ნიშნები ჩნდება მაშინ, როცა სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჭარბი ქოლესტერინი გროვდება. მუხლების გარშემო შეშუპება მაღალი ქოლესტერინის ნიშანია. ხშირად გვხვდება ადამიანებში, რომელთაც მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია აქვთ. დაავადება აწუხებს მათ, ვისაც მაღალი ქოლესტერინი აქვს არა ცუდი ჩვევების, არამედ გენეტიკური მიდრეკილების გამო. ეს 250 ადამიანიდან ერთში გვხვდება.
პათოლოგიაზე ეჭვი შეიძლება შეგეპაროთ ლიბიდოს დაქვეითების, მადის დაკარგვის, კუნთების ტკივილის და საჭმლის მოუნელებლობის დროს. ხშირად იზრდება ლიმფური კვანძები, ირღვევა ძილი, ირღვევა მენსტრუაციული ციკლი ქალებში. იყავით ჯანმრთელი და იზრუნეთ თქვენს კეთილდღეობაზე!