3 წელია გათხოვილი ვარ. მე და ჩემი მეუღლე 7 წელია ერთად ვართ. მე 30 წლის ვარ. ერთ თვეში შვილი გვეყოლება. დაქორწინების მომენტიდან დღემდე, მე და ჩემს მეუღლეს ცალკე ბიუჯეტი გვაქვს. თითოეული ყიდულობს თავისთვის საკვებს, ტანსაცმელს, აქსესუარებს, ყველანაირ ტექნიკას და სხვადასხვა ნივთებს. თანაბრად ვიხდით კომუნალურ გადასახადებს.
ჩემი ქმარი ჩემს ბინაში ცხოვრობს. თავის ბინას აქირავებს და მთელ ფულს თავად იღებს. მას შემდეგ რაც ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი, გადავწყვიტეთ ჩემს ბინაში გვეცხოვრა, რადგან ფართობი უფრო დიდია. ყველაფერი რაღაცნაირად თავისთავად მოხდა, რატომღაც ამაზე არც გვისაუბრია. უბრალოდ ჩემს ბინაში დავსახლდით და ეგ იყო. ხანდახან რაღაცას მჩუქნის, მაგრამ ეს ძირითადად დღესასწაულებზე ხდება. დაახლოებით სამ თვეში ერთხელ მჩუქნის, საჩუქრების ღირებულება დაახლოებით 20 – 25 ლარია.
ახლა სხვა უძრავი ქონება შეიძინა და საქორწინო ხელშეკრულებაზე მომაწერინა ხელი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი საკუთრებაა. ხელი მოვაწერე, რადგან მითხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს დედამისის სახელზე დაარეგისტრირებდა. ის მას უკვე მოელაპარაკა. გადავწყვიტე საქმე არ გამერთულებინა და საბუთებს ხელი მოვაწერეთ ნოტარიუსთან.
ახლა ბავშვს უნდა ვუყიდოთ ტანსაცმელი დაახლოებით 200 ლარის. ვუთხარი ამის შესახებ და სურს, რომ თანხის ნახევარი მე გადავიხადო. ვთხოვე, რომ ამჯერად თავად გადაეხადა, რადგან ახლა დეკრეტულ შვებულებაში ვარ და ჩვენ სხვადასხვა პირობებში ვიმყოფებით. მითხრა, რომ ეს არ აინტერესებს, რომ თავად უნდა ვარჩინო საკუთარი თავი და გადავიხადო ყველაფრის ნახევარი.
ჩემი ქმრის მშობლები მზად არიან მისცენ ას-ასი ლარი ბავშვისთვის, ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ ნივთების შეძენა არ გაუჭირდებოდა. მე შემიძლია ამ თანხის მიცემა, მაგრამ მინდა ფული შევინახო ყოველი შემთხვევისთვის, სანამ ისევ არ მექნება შემოსავლის წყარო. ამის განხილვის ყველა მცდელობაზე, ის ჩვეულებრივ მპასუხობს, რომ მე თვითონ უნდა ვიმუშაო, ბიზნესი წამოვიწყო და სრულად ვარჩინო საკუთარი თავი. ის ამბობს, რომ ყველა თვითკმარი ქალი ასე იქცევა. ახლა სხვისი იმედი არავის აქვს.
როცა კარგი სამსახური მქონდა მაწყობდა, მაგრამ როგორ ვიმუშაო დეკრეტული შვებულების დროს? და მე არ მესმის, როგორ დავარწმუნო ის, რომ ახლა ჩვენს ცხოვრებაში არასტანდარტული სიტუაციაა? ორსულობამდე პერიოდულად მეუბნებოდა, რომ დამეხმარებოდა სანამ მუშაობას არ დავიწყებდი. ჩვენ არ გვისაუბრია კონკრეტულად რა დახმარებაზე იყო საუბარი და რა რაოდენობით. ახლა კი ისევ ითხოვს, რომ ყველაფერში გადავიხადო, რადგან იცის, რომ მცირე თანხა მაქვს დაგროვილი. ჩემი ქმარი ახლა მპასუხობს, რომ ფინანსურ დახმარებაზე საუბრობდა იმ შემთხვევაში, თუ ფული აღარ დამრჩებოდა.
მე ვუთხარი, რომ 3 წელია ბინას აქირავებს და მიღებული თანხის ნახევარი უნდა მომცეს. ამბობს, რომ არაფერს მომცემს, რადგან ამაზე არ შევთანხმებულვართ. ამბობს, რომ წინასწარ თუ განვიხილავდით ამას, შეგვეძლო, რომ მის ბინაში გვეცხოვრა და ჩემი ბინა გაგვექირავებინა. ახლა მას სხვა ქალაქში სურს გადასვლა, სადაც ბინა უნდა ვიქირაოთ. ჩვენ ჯერ არ გვისაუბრია ვინ და როგორ გადაიხდის ქირის საფასურს.
მესმის, რომ ჩემი ბრალია, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მე ის ძალიან მიყვარს, ამიტომაც ავირჩიე. ყველაფერი მაწყობს, გარდა ამ ერთი რამისა. არ ვიცი, როგორ შევცვალო ჩემი ქცევა ისე, რომ ისიც შეიცვალოს. და საერთოდ, არც კი ვიცი, იცვლებიან თუ არა კაცები…