ლიკამ საკუთარი ფიქრებიდან ამოყვინთა და მხოლოდ მეგობრის ბოლო კითხვა გაიგონა.
-ალოო, ლიკა! აქ ხარ?
ლიკა შეხტა.
-მაპატიე, ეკა. ვერ გამოვიძინე. რას ამბობდი?
-რა თქმა უნდა, – გაიცინა მეგობარმა. რა ჰქვია შენს „ვერ გამოვიძინეს?“
-რა, შესამჩნევია? – ლიკას რატომღაც შეეშინდა, რომ მისი მეგობარი მის ახალ ნაცნობზე გაიგებდა.
-შესამჩნევია. გათიშული ხარ. როგორ უნდა იმუშაო? ახლა მხოლოდ პირველი საათია, შენ კი ჭამაც მოასწარი უკვე. ოფისში ჩაგეძინება!
-არა, ყველაფერი კარგად არის. საღამომდე შეხვედრები მაქვს ჩანიშნული.
-აჰ, ახალი თანამდებობა! აი, ეს მესმის, – პატივისცემით უპასუხა ეკამ. – აბა მითხარი, ვინ არის? დირექტორი? ბიზნესმენი? ცოლი ჰყავს? მარტოხელაა? განქორწინებულია?
-არც დირექტორია და არც ბიზნესმენი, მაგრამ განქორწინებულია.
-ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ფირმის დირექტორის მოადგილისთვის, არც ისე კარგი კომბინაციაა. სად ნახე?
-ეკა, მორჩი. არაფერი სერიოზული, უბრალოდ მსუბუქი გატაცებაა.
-კი, ეს უკვე ვიცით. ორი თვის შემდეგ კი ამ ყველაფერზე შეყვარებული თვალებით ისაუბრებ. ჩვენს ცხოვრებაში მსუბუქი ხშირად გადადის მძიმეში.
სამი თვის შემდეგ
ლიკამ ბინის კარი გააღო და ვარდების სურნელი იგრძნო. მისმა თვალებმა კი წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული დაინახა.
-ირაკლი, გიჟი ხარ! – გაიღიმა ქალმა.
-არაუშავს, ეს სიგიჟის არც თუ ისე ცუდი ფორმაა. – მითუმეტეს, რომ დღეს 5 თვე შესრულდა, რაც ერთად ვართ.
-მახსოვს!
-მაშინ გაემზადე და გასართობად წავიდეთ!
-გასართობად?
-სიურპრიზია! – მხიარულად უპასუხა ირაკლიმ.
უკვე თავის მანქანაში, ლიკა გვერდიდან უყურებდა თავის თანამგზავრს და ფიქრობდა, თუ როგორ ძლიერ შეეძლო შეყვარება. ყველაფრის მიუხედავად.
კიდევ ორი თვის შემდეგ
-ლიკა, მგონი დროა ერთად ვიცხოვროთ. დავიღალე ორ ბინას შორის სიარულით. დროა ოჯახური ცხოვრება დავიწყოთ.
-ოჰო, რა სიტყვებს ამბობ. „ოჯახური ცხოვრება!“ რაში გჭირდება? ერთი წელია, რაც განქორწინდი.
-ეს ოფიციალურად. ისე კი, დიდი ხანია მეზობლებივით ვცხოვრობდით.
ლიკა ხმას არ იღებდა. ბოლო დროს საუბრები ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით, სულ უფრო ხშირი გახდა.
ბოლოს და ბოლოს, ამან ის დაძაბა. მსუბუქად.
-აბა, რას მეტყვი?
-არა, ირაკლი. არ მინდა. მე მაწყობს ის, რაც ახლა არის.
-კარგი რაა. ეს როგორ უნდა გაწყობდეს? ერთად თუ ვიცხოვრებთ, მე ქირის გადახდა აღარ მომიწევს. ეს კარგი იქნება.
-ანუ, ქირის ფულის ხარჯე ცდილობ დაზოგვას? – ლიკამ უცებ ბრაზი იგრძნო, რომელიც შორს არ იყო მრისხანებისგან.
-არა! უბრალოდ შენთან ერთად მინდა ცხოვრება.
-და რატომ არ გინდა, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის?
-ჩვენ წინსვლა გვჭირდება. ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ, რას ველოდოთ? ერთად ვიცხოვროთ, ერთმანეთს დავაკვირდეთ და მერე გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ მომავალში. კარგი გეგმაა!
-რა უნდა გადავწყვიტოთ, ირაკლი? შენ ჯერ კიდევ წინა ქორწინების პრობლემები გაქვს მოსაგვარებელი. შენ კი, ახალზე ფიქრობ. და თან არც ისე დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
-ხოდა უკეთ გავიცნობთ, – ჩაეხუტა მამაკაცი ქალს.
ლიკამ ნაზად გაითავისუფლა თავი:
-მე მაწყობს ისე, როგორც არის. გათხოვებას არ ვჩქარობ. არ მესმის, შენ სად გეჩქარება.
-და რას უნდა ველოდოთ? ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.
-გვიყვარს? – გაიცინა ლიკამ.
რამდენიმე თვის უკან ის ირაკლის დაეთანხმებოდა, მაგრამ ახლა? მას ის, რა თქმა უნდა, როგორც მამაკაცი მოსწონს, მაგრამ როგორც პოტენციური ქმარი?
-მოდი, ჯერ ყველაფერი ამ ფორმით დავტოვოთ. შენ უნდა გესმოდეს, რომ მე შენთვის მხოლოდ პლასტირი ვიყავი, რათა ცოლთან განშორების შემდეგ დარჩენილი ჭრილობები მომეშუშებინა. მე ეს თავიდანვე გააზრებული მქონდა, ამიტომ ილუზიები არ ამიგია. უცნაურია, რომ შენ არ გესმის.
-რა პლასტირი, ლიკა? მე შენ მიყვარხარ! შენთან მინდა ცხოვრება! ოჯახი მინდა!
რას გადამეკიდა ამ ოჯახით?
-ირაკლი, დამშვიდდი. როგორ აპირებ ჩემთან ცხოვრებას და ოჯახის შექმნას? შენი შემოსავლის 25% ალიმენტს ხმარდება. ამას დაამატე იპოთეკის ნახევარი. რჩება ჩემს შემოსავალზე ორჯერ ნაკლები. რით აპირებ ოჯახის შენებას?
-ფულს რა მნიშვნელობა აქვს? ვიმუშავებ და მექნება.
-ან კი, ან – არა.
-ნამდვილად მექნება. შენს გამო მთებს გადავდგამ!
-მთებს თავი დაანებე. ჯერ უბრალოდ ნორმალური სამსახური მოძებნე, რომ ძველი იპოთეკა დახურო და ჩვენ შევძლოთ ჩვენთვის ბინის ყიდვის დაგეგმვა.
-ლიკა, ეს ძალიან მარტივია. მით უმეტეს, რომ გაფართოვებას არც ისე დიდი ფული სჭირდება. აი, ნახე: შენ შენს ბინას გაყიდი, ავიღებთ იპოთეკას და შევიძენთ ნორმალურ ოროთახიან ბინას. მორჩა! რთული არაფერია.
ლიკამ უცებ ხმამაღალი სიცილი ატეხა. ცრემლებიც კი წამოუვიდა.
-რა მოგივიდა? რა გჭირს?
-ირაკლი, ეს რა თქვი? ახლა სიცილით მოვკვდები.
-რატომ?
-ჩემს ბინაზე.
-და რა ვთქვი უცნაური? ეს ნორმალური სქემაა. მე და ჩემმა ყოფილმა ცოლმაც ასე ვიყიდეთ სახლი. მისი მშობლების ბინა გავყიდეთ და იპოთეკა ავიღეთ. მართალია, მაშინ სხვა ფასები იყო, მაგრამ არაუშავს, მოვახერხებთ რამეს.
-აი, თურმე საიდან გაქვს ეს იდეები! – უკვე სერიოზულად აღნიშნა ლიკამ. – ირაკლი, იცი რაა? ბინას მე არ გავყიდი. მითუმეტეს, შენთან ქორწინებაში!
-ეს როგორ გავიგო? სხვაზე გინდა გათხოვება?
-არა. ეს იმიტომ, რომ შენ ახლა არაფერი გაგაჩნია. აი, დაფარე იპოთეკა, გაყიდეთ ბინა, მიიღე შენი წილი და მერე ვილაპარაკოთ.
-რა? ბინა გავყიდო? გაგიჟდი? ეს ჩემი ქალიშვილის ბინაა. კიდევ როდის შევძლებ მისთვის სახლის ყიდვას?
-მაშინ ახალ პირობებს შემოგთავაზებ: შენ უნდა გამოიმუშაო ფული ჩვენი ბინის პირველადი შენატანისთვის.
-რატომ? ლიკა, შენც რომ დაზოგო ცოტა?
-ირაკლი, ყველაფერი ძალიან მარტივია. რადგან ჩვენ ვქორწინდებით, გამოდის, რომ შენ ჩვენი ბიუჯეტიდან გადაიხდი იმ ბინის ფულს, სადაც შენი ყოფილი ცოლი და შენი ქალიშვილი ცხოვრობენ. თუ იმ ბინის გაყიდვა არ გინდა, მაშინ ოჯახის ბიუჯეტის შევსება მოგიწევს.
-მოიცადე, მაგრამ ჩემი ბინის გადახდები ძნელად შეედრება პირველადი შენატანის თანხას. ახლა, 5 წლიანი იპოთეკის შემდეგ, თანხები ძალიან მცირეა.
-არაუშავს. ეს განსხვავება იქნება ჩემი მორალური ტანჯვის საფასური, როცა შენ ჩვენს ფულს ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის უცხო ადამიანებს მისცემ.
ირაკლიმ თვალები მოჭუტა და კბილებში გამოსცრა.
-ლიკა, არ ფიქრობ, რომ ეს მეტისმეტია? შენც ჩემს ქალიშვილსაც აყენებ შეურაცხყოფას. ის ჩემთვის ძვირფასი ადამიანია!
-თუ ის შენთვის ასე ძვირფასია, რატომ მიატოვე?
ირაკლიმ მუშტები ისე შეკრა, რომ ძვლები გაუთეთრდა. ლიკას წამით შეეშინდა.
მაგრამ შემდეგ მამაკაცი სწრაფად გავიდა საძინებლიდან. და რამდენიმე წამის შემდეგ ლიკამ გაიგონა:
-დახურე კარი! თორემ რამე დაიკარგება და მე დამაბრალებ.
ლიკა დაელოდა, სანამ მან შესასვლელი კარი გაიჯახუნა. და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა საძინებლიდან და კარი ყველა საკეტზე ჩაკეტა.
სამზარეულოში ერთი ჭიქა წყალი დაისხა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიღიმა ძლივს შესამჩნევად.
დიახ, თავად გავუჩინე პრობლემები საკუთარ თავს. საერთოდ მისკენ როგორ გავიხედე? ის ხომ უბედურია! შეხედე, როგორი ბინის გაყიდვა უნდოდა?
ჯერ იშოვე ასეთი ბინის ფული და გაყიდვაზე მერე იფიქრე.
ლიკამ უსიამოვნო გრძნობა მოიშორა.
განქორწინებული კაცები უნდა გამოვრიცხოთ. თანაც გადაუხდელი იპოთეკით!