ახალგაზრდა თაობას მუშაობა საერთოდ არ სურს, მით უმეტეს მშობლების მსგავსად. დამსაქმებლები განგაშს ტეხენ

0
103

თაობები იცვლება. ნებისმიერ სამუშაო გუნდში შეხვდებით სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს. სულ ახლახან გვიკვირდა, რამდენად განსხვავდებოდა „მილენიანელებისა“ და „ბეიბი ბუმერების“ ცხოვრებისეული პრიორიტეტები. ახლა ისინი ჩაანაცვლეს ახალმა თაობებმა Z და „ალფა“. ვინ არიან მშრომელი ახალგაზრდები და როგორ განვითარდება მსოფლიო მათ ხელში? ამის შესახებ პაპარაცი გიამბობთ.

ჯერ გავარკვიოთ, საიდან გაჩნდა თაობები. 90–იანი წლების დასაწყისში ორმა მეცნიერმა, ნილ გოუვმა და უილიამ შტრაუსმა, აშშ–ში შეიმუშავეს თაობების ციკლების კონცეფცია, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მეორდება. მათ წიგნს საოცარი წარმატება ხვდა და დღესაც ბევრი ხელმძღვანელი, მასწავლებელი და მშობელი ამ წიგნს მიმართავს. მეცნიერებმა სცადეს მაქსიმალურად ზუსტად აღეწერათ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის ქცევის ბუნება, სამსახურის, სწავლის და სიყვარულის მიმართ დამოკიდებულება. სამუშაო გუნდში ადვილად შესამჩნევია ის, რომ სხვადასხვა ასაკის ხალხი ცხოვრებას განსხვავებულად უყურებს.

მომუშავე ახალგაზრდებს ერთ ადგილზე ჯდომა აღარ სურთ

ყველაზე ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც დღეს ნებისმიერ საწარმოში ან სახელმწიფო დაწესებულებაში შეგიძლიათ ნახოთ, „ბეიბი ბუმერები“ არიან. ისინი არიან პასუხისმგებლები, მიზანდასახულები, ყველაფრის სწორად კეთებას მიჩვეულნი. ხშირად შრომისმოყვარეები არიან და თითქმის მთელი ცხოვრება ერთ ორგანიზაციაში მუშაობენ. მათთვის მთავარია სტაბილურობა. ბეიბი ბუმერებისთვის რთულია სამსახურის შეცვლა ან სხვა თანამდებობაზე გადასვლა. მათ ცხოვრებაში ყველაფერი თანმიმდევრულია: განათლების მიღება, ოჯახი, სამსახური, საოჯახო ყოფა. ყველაფერი ზუსტია და რაციონალური. მათთვის კვირაში 5 დღე 8–დან 17 საათამდე მუშაობა მსოფლიოში საუკეთესო გრაფიკია. დასვენების დღეები, დღესასწაულები, დაგეგმილი შვებულება – თითქოს, მათი სამყარო ურღვევი და მუდმივია.

მეორე წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად გვხვდება ოფისებში და კომპანიებში – „თაობა X“. ისინიც ხშირად ირჩევენ სტაბილურობას და საშუალო შემოსავალს. ჩვეულებრივ დადიან სამსახურში და ყველა გადაწყვეტილებას ცხოვრებაში დამოუკიდებლად იღებენ. ერთადერთი, რაშიც იმედგაცრუებულნი არიან, ოჯახური ღირებულებებია. ამ თაობის ადამიანები ხშირად არიან განქორწინებულები ან მარტოხელები. ასეთი მსოფლმხედველობა მათი მშობლების ცხოვრების წესის გამო ჩამოუყალიბდათ. მათი მშობლები, „ბეიბი ბუმერები“, იძულებულნი იყვნენ, ბევრი ემუშავათ და ქვეყნის განვითარებაზე ეზრუნათ. სწორედ ამიტომ, „იქსები“ თვლიან, რომ დამოუკიდებლობა ცხოვრებაში მთავარი თვისებებია. სამუშაო ნორმალური ცხოვრების ინსტრუმენტად აღიქმება.

ახალგაზრდებს ურჩევნიათ მოგზაურობა და ახალი უნარების ათვისება

აი, ვისაც ნამდვილად არ უყვარს მუშაობა შრომისთვის, არის “თაობა Y”. მათ „მილენიანელებსაც“ უწოდებენ. მათთვის მთავარია თავისუფლება და სამსახურისა და ჰობის კომბინაცია. მუდმივად საკუთარი თავის და ამ სამყაროში თავიანთი ადგილის ძიებაში არიან. საქმიანობის სფეროს და სამსახურში მიმართულებას ხშირად იცვლიან. მათთვის მნიშვნელოვანია, იგრძნონ თავიანთი მნიშვნელობა გლობალური გაგებით. საერთო სისტემაში უბრალო ჭანჭიკის როლს არ თანხმდებიან, უნიკალურები არიან. მილენიანელები არა მხოლოდ ტექნოლოგიური სამყაროს განვითარების მოწმეები არიან, არამედ მონაწილეებიც. მათ დაიწყეს სოციალური ქსელების და ინტერნეტის გამოყენება. უფრო სწრაფად შეეგუვნენ დისტანციურ მუშაობას პანდემიის პერიოდში. მათთვის 8–დან 17 საათამდე სამუშაო გრაფიკი და ორი დასვენების დღე მიუღებელია. ითხოვენ სამსახურისადმი შემოქმედებით მიდგომას და მეტ შესაძლებლობას ოჯახთან და მეგობრებთან დროის გასატარებლად.

თაობები, რომლებიც ცვლიან სამყაროს და მათ გარემოცვას

მილენიანელები ჩაანაცვლა ახალმა თაობამ „თაობა Z”. 2010 წლის შემდეგ დაბადებული ყველა ბავშვი ამ თაობას მიეკუთვნება. თაობა, რომელიც ინტერნეტზე და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულია. მათთვის ადვილია ქსელში ურთიერთობა, უყვართ მოგზაურობა და გრაფიკისგან თავისუფლება. გეგმავენ ნათელ ცხოვრებას და არ აპირებენ დახუთულ ოფისში თუ ქარხანაში დროის გატარებას. მათი ცხოვრება ინფორმაციების და კრეატიული იდეების მუდმივი ნაკადია. დღეს ეს 20 წლის გოგო–ბიჭები სტარტაპებს და ახალ პროგრამებს უშვებენ. ეს არის მომუშავე ახალგაზრდობა. ისინი ცხოვრების გამარტივებას ცდილობენ. მათთვის მთელი სამყარო ხელმისაწვდომია სმარტფონის ეკრანზე და ინფორმაციას გონივრულად იყენებენ. მათთვის სამსახურს უნდა მოჰქონდეს სიამოვნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ დღეზე მეტხანს არ დარჩებიან.

ბევრი სკეპტიკოსი და ძველი ყალიბის ადამიანი ამტკიცებს, რომ თაობების თეორიას პრაქტიკული ღირებულება არ აქვს. თუმცა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ხალხზე დაკვირვება, ის, თუ როგორ უდგებიან ცხოვრებას და პრობლემის მოგვარებას, აჩვენებს თეორიის მნიშვნელობას.