მყავს უმცროსი და, ის 20 წლის არის. მე ვარ 24 წლის. ჩემს დას დაუგეგმავი ორსულობა აქვს. ის ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლობს და საკუთარი შემოსავალი არ აქვს. ვცხოვრობთ დედაჩემის ბინაში: დედაჩემი, ჩემი და, მე და ჩემი ქმარი. მე და ჩემი მეუღლე ცოტა ხნის წინ დავქორწინდით. ველოდებით სახლის აშენებას, სადაც ბინა ვიყიდეთ. ფული ჩემს ქმარს მისმა მშობლებმა მისცეს, გარკვეული თანხა მასაც ჰქონდა, მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და მოგვიწია იპოთეკის აღება. ბინის გასაღებები მალე უნდა მივიღოთ, მაგრამ მანამდე მათთან ერთად ვცხოვრობთ.
ერთ დღეს ჩემი და სახლში მოვიდა და თქვა, რომ უკვე 4 თვის ორსული იყო. ამ ამბამდე მან რამდენჯერმე სცადა თავისი შეყვარებულის საცხოვრებლად ჩვენთან წამოყვანა, მაგრამ გაირკვა, რომ მან უკვე რამდენჯერმე უღალატა. ძალიან მაგრად იჩხუბეს. ჩემი და ძალიან განებივრებულია. 18 წლის ასაკში მას მანქანა უყიდეს. იმ მომენტისთვის მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, მაგრამ მაინც მომთხოვეს თანხის მესამედი. სწავლის ფულსაც მე და დედაჩემი ვუხდით. მისგან არავითარი მადლიერება არ ყოფილა არც სწავლის საფასურის გადახდისას და არც მანქანის ყიდვისას.
მასთან შედარებით მე საერთოდ არ ვარ საყვარელი ქალიშვილი. მანქანა არც მე მყავს და არც ჩემს ქმარს. უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წლებში დავიწყე მუშაობა და მაშინვე მომიწია მანქანის საფასურის ნაწილის გადახდა. ორსულობის შესახებ ამბის გაგების შემდეგ, ერთად დავსხედით და ყველაფერი განვიხილეთ. ჩემმა დამ ძალიან მშვიდად თქვა, რომ ბავშვის მამა უვარგისი ადამიანია და ჩვენ უკეთ გავზრდით მის შვილს. გამოდის, რომ „ჩვენ“ – ვართ მე და დედაჩემი, რადგან ჩემს დას ერთი დღეც არ უმუშავია. და კიდევ 3 წელი მაინც იქნება უმუშევარი.
ამ დროს ავფეთქდი, რადგან ახლა მისთვის დრო ნამდვილად არ მაქვს. მე უკვე საკუთარი ცხოვრება მაქვს და საკუთარი ოჯახი. ჩვენ თვითონაც არ გვაქვს საკმარისი ფული, ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად დავფაროთ იპოთეკა. ამის შემდეგ ატყდა ჩხუბი და დედაჩემმა და ჩემმა დამ უგულო ადამიანი მიწოდეს. მე მათ შევახსენე ჩემს მიერ გაწეული დახმარება მთელი ამ წლების განმავლობაში, რის გამოც მერკანტილური ადამიანი მიწოდეს. მწყინს, ცრემლებამდე.
მთელი ცხოვრება ვსწავლობდი, კლუბებში არ მივლია. უნივერსიტეტში სწავლის პირველ წლებში სახელმძღვანელოებიდან „თავი არ ამწევია“, შემდეგ ჩემს დას ვეხმარებოდი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე მეფიქრა. ახლა კი ფულით ვეხმარები, კომუნალური გადასახადების ნაწილს ვიხდი, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ მერკანტილური ვარ. ჩემი და კი – საყვარელი ქალიშვილია.
ამის შესახებ ჩემს ქმარს ვუთხარი. უხეშად მითხრა, რომ თავად არც ერთ გროშს არ მისცემდა და არც მე უნდა მივცე მას რაიმე ჩემი ფულიდან. ჩვენც გვინდა შვილები მომავალში და თვლის, რომ ჩვენ უნდა დავზოგოთ საკუთარი შვილებისთვის, არა თუ გავზარდოთ სხვისი შვილები. მეც ვეთანხმები მას, რადგან ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მისგან უკვე მივიღე წილის ნახევარი ახალ ბინაში, ხოლო ჩემი ოჯახისგან – მხოლოდ საყვედურები. გაორებული ვარ. თითქოს დედაჩემი და ჩემი და მიყვარს, ისინი ჩემი უახლოესი ადამიანები არიან, მაგრამ მხოლოდ ჩემი ქმარი მექცევა კარგად ამ ბინაში.
როგორ ვიცხოვროთ ახლა ერთად? სხვაგან ვერ გადავალთ, რადგან ქმარს დავპირდი, რომ სანამ ბინა აშენდებოდა, ჩემთან ვიცხოვრებდით. როგორმე უნდა გამოვასწორო სიტუაცია. მეშინია, რომ ისევ ჩხუბი იქნება. კარგია, რომ ჩემი ქმარი პირველი ჩხუბის დროს სამსახურში იყი. არ მინდა, რომ მან მოისმინოს ეს ყველაფერი.
არ მინდა, რომ ჩემს დას ფული ისევ მივცე, როგორც ადრე. ჩვენ რემონტისთვის უნდა დავზოგოთ. მაგრამ თუ ახლა ჯიბრში ჩავუდგები, სახლში მუდმივი დაძაბულობა და ჩხუბი იქნება. ბინის მშენებლობის დასრულებამდე ჩემი ქმრის მშობლებთან რომ გადავიდეთ საცხოვრებლად, სირცხვილით დავწვები…