დიდი ხანია მიყვარს ერთი ბიჭი. ის 33 წლისაა, მე მასზე რამდენიმე წლით ვარ უმცროსი. სამ წელზე მეტია ვიცნობთ ერთმანეთს, წელიწადნახევრის წინ ყველაფერი მშვენივრად იყო. გაირკვა, რომ უბრალოდ ნაცნობები არ ვიყავით. ურთიერთობაში ყველაფერი ახალი ეტაპისკენ მიდიოდა. შემდეგ მან მითხრა, რომ მას არასდროს ჰქონია სერიოზული ურთიერთობა, რომ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევითი კავშირი ჰქონდა (როგორც მივხვდი). ამ სიტყვების შემდეგ გამიჩნდა განცდა, რომ მას ძალიან ეშინოდა და შედეგად, ყველანაირი ურთიერთობა გაფუჭდა.
ძალიან ბევრს მუშაობს და უყვარს თავისი საქმე. ჩვენი ურთიერთობის დროს ვიგრძენი, თუ რამდენად სურდა სრულფასოვანი ოჯახის შექმნა. მეჩვენებოდა, რომ ის შეშინებული იყო, რომ არ იცოდა როგორ წარემართა ურთიერთობა სხვა დონეზე, წყვილის დონეზე. მას არ შეუძლია, ან არ სურს გაუმკლავდეს ამ შიშს, რადგან მთლიანად სამსახურით არის დაკავებული. მას სჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს უბრალოდ მივატოვებ მას, ასეთ უცნაურ ადამიანს. მან არაერთხელ მაგრძნობინა, რომ მისი თვითშეფასება ძალიან დაქვეითებული იყო.
მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში პირველად ჰქონდა მსგავსი გრძნობა, რომ მე ლამაზი და ჭკვიანი ვიყავი და ის კი – სრულიად ჩვეულებრივი იყო და არ იცოდა რეალურად როგორ მოქცეულიყო ასეთ გოგონასთან. ამბობდა, რომ მას არ ესმოდა, როგორ გავიხედე მისკენ, მაგრამ წარმოუდგენლად უხაროდა, რომ ყველაფერი სწორედ ასე წარიმართა. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს. ის ძალიან აქტიური იყო, თვალები უბრწყინავდა, მეხუტებოდა, ჩემი ხელი ეჭირა. ერთ დღეს თითქმის ვაკოცეთ ერთმანეთს, შემდეგ კი ის მკვეთრად შეიცვალა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ მთლიანად შევწყვიტეთ ურთიერთობა, მაგრამ დაახლოებით ექვსი თვის წინ ისევ მომწერა და განვაახლეთ საუბარი. ახლა მაქვს განცდა, რომ მეორედ ვეღარ გაბედავს რაიმე სერიოზულის დაწყებას. ვიცი რომ ამის გაკეთება უნდა, თორემ ხელახლა რატომ მომწერდა? მე ის სიგიჟემდე მიყვარს. მან მომხიბლა თავისი ინტელექტით, იუმორის გრძნობით და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით. ძალიან ნაკითხი ადამიანია და ერკვევა მრავალ სამეცნიერო დარგში. განათლებით ფიზიკოსია, მაგრამ ახლა სხვა, მსგავს სფეროში მუშაობს, მაგრამ უფრო გამოყენებითში.
მეც ფიზიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, თავიდან საერთო ინტერესებიდან გამომდინარე შევხვდით და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდით, რომ ამის გარდა, ბევრი რამ გვქონდა საერთო ცხოვრებისეულ შეხედულებებში. ყოფილ მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტიდან 4 წელი გავიდა და ეს ადამიანი ერთადერთი გახდა, ვინც ჩემში ასეთ გრძნობებს იწვევს. სხვა მამაკაცებსაც უცდიათ დაახლოება, მაგრამ არავინ ყოფილა ჩემთვის ისეთი საინტერესო, როგორც ის. ამ ხნის განმავლობაში ვისწავლე სიმპათიის გარჩევა რეალური გრძნობებისგან.
არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ინიციატივის გამოჩენა არ მინდა, თუმცა მინდა რამენაირად გამოვხატო ჩემი ზრუნვა და მხარდაჭერა. ერთხელ სახლის საქმეებში დავეხმარე და მან ეს დააფასა. ამის შემდეგ კიდევ უფრო დავახლოვდით. მინდა მასთან ახლოს ვიყო, დავეხმარო, მასზე ვიზრუნო, საერთო საქმეები გვქონდეს, ერთად წავიდეთ სადმე, ნამდვილი ოჯახი შევქმნა მასთან ერთად. მისი ფინანსური მდგომარეობა დიდად არ მაღელვებს, თუმცა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და ვფიქრობ, მისი ყველა კომპლექსიც გაქრება დროთა განმავლობაში.
ალბათ, მხოლოდ ეჭვიანობა თუ დარჩება. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ის საკმაოდ ცუდად რეაგირებდა ზოგიერთ ნაცნობ მამაკაცთან უბრალო მეგობრულ ურთიერთობაზეც კი. ალბათ ფიქრობდა, რომ მასთან ურთიერთობა არც თუ ისე სერიოზული იყო ჩემთვის. როცა ჩემთან შვილების გაჩენაზე დაიწყო საუბარი, გამეცინა, არ ველოდი, რომ უცებ ასეთი რამეს მოვისმენდი და უბრალოდ, იმ მომენტში სხვანაირად აღვიქვი. სხვათა შორის, დიდად არ გამომიჩენია, რომ მისით დაინტერესებული ვიყავი, რასაც ახლა ძალიან ვნანობ…