მე და ჩემი მეუღლე სამი წელია ერთად ვცხოვრობთ, საერთო შვილი არ გვყავს. ის ჩემზე 12 წლით უფროსია. მისი ყოფილი ცოლი და შვილი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ – და ეს საშინელებაა! მისი შვილი მუდმივად ჩვენთან არის. მე ვუთხარი ჩემს ქმარს, რომ ასე არ შემიძლია. ყველაფერი მესმის, მაგრამ ის ყოველდღე სამსახურშია, ბავშვი კი სკოლის შემდეგ საღამომდე ჩვენთანაა.
დასვენების დღეებში – პარასკევი, შაბათი, კვირა – ბავშვი ისევ ჩვენთანაა დილიდან საღამომდე! ველაპარაკე, არაფერი შეცვლილა. ის ამბობს, რომ ბავშვს ვერ გააგდებს და მეკითხება, რაში მიშლის ბავშვი ხელს. ნუთუ ეს გაუგებარია? მეც მინდა დასვენება, მარტო ყოფნა. აი, კვლავ მოვიდა შაბათ-კვირა, ავად გავხდი, ვთხოვე, რომ ეს დღეები სტუმრების გარეშე გაგვეტარებინა, მან კი მითხრა: „იჯდეს, ხელს ხომ არ გიშლის?“ და ისევ მისი შვილი ჩვენთანაა დილიდან საღამომდე.
და თუ ყველაფერს მივატოვებ და ერთი კვირით სადმე წავალ, დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი ვიქნები. ამ ყველაფერზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, თუმცა ის ამბობდა, რომ მისი შვილი ხშირად არ არის ჩვენთან. რა თქმა უნდა, მასთან ხშირად არ არის, ჩემთან არის ძალიან ხშირად.
პირველ ხანებში, ბავშვი იშვიათად მოდიოდა, მერე კი, როცა დავქორწინდით, დროთა განმავლობაში უფრო მოუხშირა. შაბათ-კვირას დედამისი სახლშია, მაგრამ რატომღაც ის არ ზის მასთან. ბავშვი დილიდან საღამომდე ჩვენთან არის. ახლა უკვე გამოდის, რომ მისი შვილი ჩვენთან არის ყოველდღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით. დასვენების დღე მაქვს, ის ჩემთანაა, ამის გამო ვიძაბები. ჩემი ქმარი სამსახურშია, მე კი ისევ მის შვილთან ვარ. შაბათ-კვირას ერთად მშვიდად ვერ ვატარებთ.
ჩემმა ქმარმა და მისმა ყოფილმა ცოლმა გადაწყვიტეს, რომ მე უნდა ვიყო მათი შვილის ძიძა. ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტია სხვაგან გადასვლა და განქორწინება. იმიტომ, რომ თავად მას სხვაგან გადასვლა არ სურს! მისთვის მოსახერხებელია, რომ ბავშვი ახლოს არის. მე კი მოსვენება არ მაქვს ამ ბავშვისგან. მითუმეტეს, რომ სახლიდან ვმუშაობ.
მე შევთავაზე, რომ აგვერჩია დღეები, როცა ბავშვი ჩვენთან იქნებოდა და როცა სახლში დარჩებოდა, მაგრამ ყველაფერი ისევ უცვლელად დარჩა. ახლა კი სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, გარდა განქორწინებისა, რადგან ასე ცხოვრება აღარ შემიძლია.