ქორწილის დღეს დედა პირველად ატირდა ხმამაღლა. მთხოვა, შეცდომა არ დამეშვა

1907

რისთვის გვჭირდება ოჯახი თანამედროვე სამყაროში, სადაც არსებობს სწრაფი პაემნები, ხოლო გარყვნილება გახდა წარმატებული მამაკაცის სიმბოლო? სტატისტიკის მიხედვით, წყვილების ნახევარი ქორწინებიდან ერთ წელში ერთმანეთს შორდება. დღევანდელი ამბის გმირი ცდილობს მოაგვაროს რთული პრობლემა: რატომ არ დაინდო ბედმა მისი ოჯახი და ვინ არის დამნაშავე.

რისთვის გვჭირდება ოჯახი?

როცა ვთხოვდებოდი, დედამ ჩემს მეხსიერებაში პირველად იტირა ხმამაღლა. ქორწილის დღეს თავის თავს არ ჰგავდა, უკან დამდევდა და მთხოვდა, ვანოს ცოლად არ გავყოლოდი. „ნათელა, შვილო, ეს კაცი ბოლოს მოგიღებს. ამას ვხედავ! გთხოვ, ძვირფასო, დაფიქრდი!“ – მხოლოდ ამას იმეორებდა.

და მე? ჩემი გადარწმუნება შეუძლებელი იყო. ახალგაზრდა აღარ ვიყავი, მალე 30 წელი შემისრულდებოდა და პირველად ვქმნიდი ოჯახს. ძალიან მინდოდა დიდი ოჯახი, შვილები. ეს ჩემი შანსი იყო.

დედას არ მოსწონდა ვანო მისი წარსულის გამო. ადრე ორჯერ დაქორწინებული იყო. დედა მუდმივად მიმეორებდა, რომ სანდო მამაკაცი ერთი ქალიდან მეორე ქალთან არ ირბენს. არასანდოა და წერტილი. მაგრამ გადავარწმუნე. განქორწინება ყოველთვის კაცის ბრალი არ არის. ხშირად სწორედ ქალს მიჰყავს ქორწინება დასასრულამდე.

საოცნებო მამაკაცი

ვანო ძალიან მიყვარდა. ლამაზი ჟესტებით თავბრუ დამახვია. ისე არავინ მასხამდა ხოტბას, როგორც ის, ამიტომ მისი ყოველი სიტყვის მჯეროდა. ლამაზად ლაპარაკი შეეძლო. პოეტურად, მუსიკალურად! პირობა მომცა, რომ მასთან უდარდელად ვიცხოვრებდი. ვოცნებობდი მისთვის ორი ვაჟი მეჩუქებინა.

ვანომ პირველი ცოლი უნივერსიტეტში გაიცნო. შეუყვარდა, დაქორწინდა, მაგრამ ხასიათებით ვერ შეეწყვნენ და დაშორდნენ. მეორედ გააზრებულად შექმნა ოჯახი. ყოფილ ცოლთან დღემდე იცხოვრებდა, მაგრამ სიდედრი მუდმივად მის წინააღმდეგ შეთქმულებებს აწყობდა და ოჯახის საქმეში ერეოდა. მათი ქორწინება სიდედრმა დაანგრია.

პირისპირ სიმართლესთან

სამწუხაროდ, დედა მართალი აღმოჩნდა. ჩემი ვარდისფერი სათვალე დაიმსხვრა. ქორწინების შემდეგ ქმარი ჩემს ბინაში გადმოვიდა. დაახლოებით 6 თვის შემდეგ საშინელი მეტამორფოზები დაიწყო.

გულუხვი მხიარული კაციდან გადაიქცა ბუზღუნა ძუნწად. ადრე რესტორნებში დავყავდი, ძვირადღირებულ საჩუქრებს მჩუქნიდა. ყოველ მეორე დღეს თაიგულებს ვცვლიდი. ახლა კოსმეტიკაზე ზედმეტ თეთრს ვერ მოსთხოვ, თუმცა განყოფილების უფროსს ფული არ აკლდა!

ჩვენს ოჯახს ჩემი ჯიბიდან ვარჩენდი. ქმარი ფულს აგროვებდა. მისი თქმით, სახლისთვის აგროვებდა. სწორი არ არის, რომ კაცი ცოლის ბინაში ცხოვრობს! მჯეროდა. მესმოდა, რომ ეს სწორი არ იყო. ოჯახი კაცმა უნდა არჩინოს ან თანაბრად გაინაწილონ მოვალეობები. ვანოსთან ამის განხილვას ვერ ვბედავდი. ვშიშობდი, რომ გაბრაზდებოდა და მიმატოვებდა.

ბნელი დღეები

ქალიშვილის დაბადების შემდეგ ბნელი დღეები დაიწყო. დეკრეტული შვებულება ავიღე. ჩემი ფული აღარ მქონდა და ქმარი გაყოფას არ ჩქარობდა. დედამაც ზურგი მაქცია, დახმარებაზე უარი მითხრა. ის ხომ მაფრთხილებდა!

ამით პრობლემები არ დასრულებულა. 1 წლის შემდეგ ქმარმა ფაქტის წინაშე დამაყენა: ოჯახიდან მიდის სხვა ქალთან. მივხვდი, რომ თავს ვიტყუებდი და ვანოს ერთი დღეც არ ვყვარებივარ.

მაშინ სასწაულებრივად არ დავკარგე ძალა. ყველანაირად ვცდილობდი ვანოს შენარჩუნებას, შვილის გულისთვის ოჯახის გადარჩენას, მაგრამ წავიდა. ბავშვის გაზრდა გამიჭირდა. სამსახურში გავედი, როცა დედა შემირიგდა და შვილიშვილის მოვლაზე დამთანხმდა. მთელი ეს დრო საკუთარ თავს ვჭამდი და დედის სიტყვებს ვიხსენებდი. მან მაშინვე დაინახა ვანოს ნამდვილი სახე.

რისთვის გვჭირდება ოჯახი: უძღები ქმრის დაბრუნება

2 წლის შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა: ვანო დაბრუნდა! თითქმის ზღურბლიდან მუხლებში ჩამივარდა და მთხოვა, უკან მიმეღო. ოჯახი და ბავშვის აღზრდა უნდა. დაიფიცა, რომ იდეალური მამა და ქმარი იქნებოდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში სხვა კაცისთვის ერთხელაც არ გამიხედავს. ამის დრო არ მქონდა, ყველაფერს შვილისთვის ვაკეთებდი. ახლა ძალიან გულნატკენი ვარ. თითქოს ვანო აღარ მიყვარს, მაგრამ ვერც ვპატიობ და ვერც ვივიწყებ. არ მესმის, რისთვის სჭირდება ადამიანს ოჯახი, თუ წინა ორმა ქორწინებამ ვერაფერი ასწავლა?

„თუ უკან მიიღებ, დაგწყევლი!“ – დამპირდა დედა და მირჩია, ქმარი გავაგდო. ასეთი ადამიანები არ იცვლებიან და კიდევ შანსი მაქვს, ვიპოვო ღირსეული მამაკაცი.

მაგრამ ვიპოვი? 32 წლის ვარ და პატარა შვილი მყავს. ვანო კი აცრემლებული მპირდება. რომ აღარასდროს მიღალატებს. უკან მივიღო თუ დედას დავუჯერო?