ბუგრი მაშინვე დატოვებს ვარდს, თუ ყვავილს ამ ხსნარით დაამუშავებთ

5653

ლამაზი და მოვლილი ბაღი ნებისმიერი მეაგარაკის ან კერძო სახლში მცხოვრები ადამიანის ოცნებაა. წარმოიდგინეთ, ტერასაზე ზიხარ და ტკბები გარშემო აყვავებული ლამაზი ვარდებით. შემდეგ საკუთარი ხელით მოყვანილ მოცხარს ან ჟოლოს აგროვებ. ოღონდ ასეთ ოცნებას სხვადასხვა მწერმა ხელი შეიძლება შეუშალოს. პაპარაცი გიამბობთ, რით დაამუშაოთ ვარდი მავნებლის წინააღმდეგ, რომ დიდხანს იყვავილოს და თვალი გაახაროს.

რით დავამუშაოთ ვარდი მავნებლის წინააღმდეგ?

გავარკვიოთ, რა მავნებლები გვხვდება ამ ლამაზ მცენარეზე. პირველ რიგში, ეს არის ბუგრი, მუხლუხი და ხოჭო. სწორედ ისინი აყენებენ ყველაზე მეტ ზიანს ყვავილს და თუ დროულად არ მიიღებთ ზომებს, შედეგი საფრთხის შემცველი იქნება.

ხშირად ყველაზე საშინელი მტერია ბუგრი. ეს არის პატარა მწერი, რომელიც ნახევრადხეშეშფრთიანთა რიგს მიეკუთვნება. ბუგრი მცენარეს ხვრეტს და მისი წვენით იკვებება, ასევე სხვადასხვა მცენარეული ვირუსის მატარებელი შეიძლება იყოს.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბუგრის წინააღმდეგ ბრძოლა ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს, რადგან ზაფხულის ერთ სეზონზე 50–ჯერ შეუძლია გამრავლება, ანუ დიდ საზრუნავს თავს ვერ აარიდებთ. რა თქმა უნდა, დღეს მაღაზიაში შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი საშუალება სხვადასხვა მავნებლის წინააღმდეგ. ჩვენ გთავაზობთ ბიუჯეტურ ხალხურ მეთოდებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ?

სანამ ბუგრებთან ბრძოლას დაიწყებთ, მტრის ჩვევები უნდა შეისწავლოთ. ეს მწერი უპირატესობას ანიჭებს ახალ ყლორტებს, უხეში ფოთლები არ მოსწონს. სწორედ ასეთ ადგილებში უნდა მოძებნოთ ბუგრი. ხშირად მავნებელი შობს ლარვებს, რომლებიც იზამთრებენ და თბილი დღეების დადგომისას გამოსვლას იწყებენ.

ბუგრი ერთგვარი პირუტყვია ჭიანჭველებისთვის. ბუგრების ნარჩენები შეიცავს ბევრ შაქარს, რომელიც აუცილებელია ჭიანჭველებისთვის. ისინი ავრცელებენ ამ მავნებლებს ფოთლებზე და იცავენ მათ სხვადასხვა მტრისგან. მოემზადეთ იმისთვის, რომ ჭიანჭველებთან ბრძოლაც მოგიწევთ.

ბუგრების ბუნებრივი მტერია ჭიამაია, ასევე ფრინველის რამდენიმე სახეობა. მაგალითად, ამ მწერებით გამოკვება უყვარს წივწივას და ბეღურას. თუმცა, ადრე თუ გვიან, მავნებლებთან ბრძოლაში ჩართვა მოგიწევთ. აი, რით უნდა შეიარაღდეთ.

ბუგრებთან ბრძოლის მეთოდები

ჩამორეცხვა უმარტივესი მეთოდია. შლანგის გამოყენებით ბუგრები მცენარეებს შეგიძლიათ მოაშოროთ. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში დაბრუნდებიან, მაგრამ უკვე მზად ვიქნებით. მწერმა თქვენი საყვარელი ვარდის ბუჩქი რომ არ აირჩიოს, საპნიანი ხსნარით დაამუშავეთ. 10 ლიტრ წყალში 125 მლ თხევადი საპონი ან 100 გ კუპრის საპონი გახსენით. საპნიანი ხსნარი ბიუჯეტური და უსაფრთხო მეთოდია ბუგრების წინააღმდეგ.

არსებობს რამდენიმე სახის მცენარეული ნაყენი. მნიშვნელოვანია დაიცვათ პროპორციები, რომ მცენარე არ დააზიანოთ. ხეხილი დაამუშავეთ ყვავილობის შემდეგ მალევე, ხოლო ბოსტნეული მოსავლის აღებამდე 1 თვით ადრე.

ნივრის ნაყენი მზადდება 200 გ ნივრის თავისგან, რომელიც 5 დღე 1 ლიტრ წყალში თავდახურულ ჭურჭელში უნდა გააჩეროთ. შემდეგ 25 მლ ნაყენი 10 ლიტრ წყალში გააზავეთ და მცენარეებს შეასხურეთ. თამბაქოც გამოგადგებათ. 5 ლიტრ წყალზე აიღეთ 200 გრამი თამბაქო და 2 დღე გააჩერეთ. შემდეგ კიდევ 5 ლიტრი წყალი დაუმატეთ და მცენარეები დაამუშავეთ.

და ბოლო, მაგრამ არანაკლებ ეფექტური ხალხური მეთოდი ნიშადურის სპირტით. 2 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი და 1 სუფრის კოვზი თხევადი საპონი 10 ლიტრ თბილ წყალში გახსენით და კარგად აურიეთ. შესხურებისას იმოძრავეთ ქვემოდან ზევით.