მართალია თუ არა, რომ თანამედროვე ქალს დაქალი არ უნდა ჰყავდეს

508

ცოტა ხნის წინ ინტერნეტის ტალღამ ერთ საინტერესო, მაგრამ აღმაშფოთებელ სტატიამდე მიმიყვანა. ქალი, რომელსაც 200 000 გამომწერი ჰყავს, გვიზიარებს მოსაზრებას, ვინ არის ნამდვილი მეგობარი. უფრო სწორად, რომ ასეთი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. უფრო მეტიც, ირწმუნება, რომ ზრდასრულ ქალს მეგობარი, განსაკუთრებით დაქალი, არ სჭირდება.

ეს დამოკიდებულება ისე არ გამიკვირდა, როგორც კომენტარები ამ სტატიის ქვეშ. რა თქმა უნდა, ინტერნეტის კანონების მიხედვით, მკითხველი ორ ბანაკად იყოფა. გამაოცა, თუ რამდენი ადამიანი ეთანხმება ავტორის აზრს. უდავოდ, დაქალებთან ურთიერთობის მომხრეების და მოწინააღმდეგეების არგუმენტები უნდა იყოს და მათ ქვემოთ წარმოგიდგენთ. გავარკვიოთ, ვინ არიან მეგობრები და გვჭირდებიან თუ არა.

ვინ არის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი ეყრდნობა ჟურნალისტ დარია ასლამოვას ნაშრომს „ცუდი გოგოს თავგადასავალი“. სიტყვაზე, თავად ნამუშევარი საკმაოდ საეჭვოა და ვერ უძლებს მკაცრ მხატვრულ კრიტიკას. გამოცნობა შეიძლება, რომ წიგნი ეხება ძალიან, ძალიან დამოუკიდებელი ქალის ცხოვრებას, რომლის მთავარი ღირსება გამბედაობა და ჯანსაღი ეგოიზმია.

წიგნში მეგობრობის და ურთიერთობის საკითხებიც განიხილება, თავად მწერალი ამ თემაზე წერს:

„თუ არ გინდა გახდე ვინმეს დანამატი, მკაცრი და მტკივნეული მეთოდი უნდა გამოიყენო. ჩემი დაქალები ისე მოვიშორე, როგორც გაცვეთილი ფეხსაცმელი, როგორც კი ვიგრძენი, რომ მათი ინტერესების გავლენის ქვეშ საკუთარ ნებას ვკარგავდი“.

დარია ასლამოვას დაახლოებით იგივე მოსაზრება აქვს მამაკაცებზე: „მანამ უნდა წახვიდეთ, სანამ ურთიერთობა გაუგებრობის და კინკლაობის გორგლად გადაიქცევა“. მწერალი მიჩვეულია, როგორც თავად ამბობს, ადამიანისგან საუკეთესოს აღებას და დროულად წასვლას. ამაში არის გარკვეული ფილოსოფია, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ მეგობრების შემთხვევაში? ნუთუ ნამდვილად არ არის საჭირო მეგობრის ყოლა ან საჭიროა მხოლოდ მოკლე დროში?

არსებობს ქალების მეგობრობა?

ქალებს შორის ურთიერთობა კაცების მეგობრობას არ ჰგავს, განსაკუთრებით ზრდასრულ ასაკში და ღირსეული კომპანიის პოვნა ადვილი არ არის. თუმცა ეს ყველა სქესს და ასაკს ეხება – კარგი მეგობარი ქუჩაში არ ყრია. თუ უღირსს აირჩევთ, შემდეგი ისტორიებიდან ერთ-ერთი გმირი შეიძლება გახდეთ.

ხელცარიელი დამტოვა. ამბავი იმის შესახებ, როგორ შეუძლია ზოგიერთ დაქალს დაიკავოს სხვისი ადგილი, როცა ამის შესაძლებლობა ჩნდება. ხშირია სიტუაციები, როდესაც დაქალი დაქალს ქმარს ან შეყვარებულს ართმევს. ქალების ეჭვიანობა აიხსნება მაღალი კონკურენციით – მეტოქეობის სულისკვეთება ქალებს შორის ურთიერთობაში არ გაუქმებულა.

აბელი და კაენი: ქალების ადაპტაცია. შური ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადამიანური მანკია. მეგობრობაში ასე გამოიხატება: ყველაფერი კარგადაა, სანამ მეგობრები ერთ დონეზე არიან. როგორც კი ვინმე გახდება უფრო წარმატებული, სპორტული ან საყვარელი, მეგობარი მაშინვე გახდება საშიში მტერი და ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნებას ისურვებს. თან დაიწყებს დარწმუნებას, რომ ამას ყველას სასიკეთოდ აკეთებს. ცუდ რჩევებს მოგცემთ და ფარულად შეგიძულებთ მხოლოდ იმისთვის, რომ აწეული ზღვარი ჩამოწიოს. როგორც საბავშვო ბაღში.

საოფისე სამეფო კარის თამაშები. სამუშაო გუნდში ჭორები და ვნებები რომანებზე უფრო ამაღელვებელი იქნება, ვინმემ რომ დაწეროს. ხანდახან ქალების მეგობრობა ნამდვილ პარაზიტიზმად იქცევა. მოსახერხებელია მარტივი დაქალის პოვნა და დამატებითი საქმით მისი დატვირთვა. რაც უფრო გულუბრყვილოა ადამიანი, მით მეტად ცდილობს დახმარებას. სამწუხაროდ, ასეთი ურთიერთობები იშვიათად მთავრდება რაიმე კარგით. გაგიმართლებთ, თუ მადლობას იტყვიან. ხშირად დამხმარე მეგობარი მადლობის ნაცვლად ზურგს უკან გაჭორვას იღებს.

ყველა ეს სიტუაცია ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. საკმარისია, არასწორი ადამიანი აირჩიოთ. ვფიქრობ, მწერალი დარია ასლამოვა, როგორც ბევრი მისი მოსაზრების მომხრე, ადამიანური უმადურობის მსხვერპლი გახდა, ამიტომაც მეგობრობის ძალის და ნათელი მოტივების რწმენა დაკარგა. თუ განვიხილავთ ქალების მეგობრობას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, აღმოჩნდება, რომ უბრალოდ შეუცვლელი რამ არის.

რას ფიქრობენ ფსიქოლოგები ქალების მეგობრობაზე?

ადამიანი სოციალური არსებაა და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ სრულიად ინტროვერტული ცხოვრებით ცხოვრება. ქალებისთვის სოციალური კავშირების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტატისტიკის და მრავალსაუკუნოვანი ევოლუციური შერჩევის მიხედვით, ყველაზე მეტად სწორედ ქალები ინარჩუნებენ სოციალურ კავშირებს ჯგუფებს შორის.

მოზარდობის პერიოდში მეგობრობა უბრალოდ შეუცვლელია. ეს არის სამყაროს ერთობლივი შეცნობა, მსუბუქი მეტოქეობა და მხარი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ. ზრდასრულ ასაკში ქალების მეგობრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი კომპონენტი ხდება.

საკუთარი ოჯახის შექმნისას ხშირად ვიწყებთ პარტნიორის ღრმად შესწავლას და გვეჩვენება, რომ სხვა არავინ გვჭირდება. აქ ხდება დისბალანსი.

საყვარელი მეუღლე ყოველთვის არ დააკმაყოფილებს ქალის კომუნიკაციის საჭიროებას. ამას ბავშვებიც ვერ გააკეთებენ. ქალმა თავი თვითკმარად რომ იგრძნოს და შინაგანი ენერგია შეინარჩუნოს, სხვა ქალებთან ურთიერთობა სჭირდება. შეიძლება არ იყოს საუკეთესო დაქალი, მაგრამ ნაცნობი ან კოლეგა. ფინჯანი ყავა შაბათ-კვირას, პარკში სეირნობა ან დაქალთან ვიზიტი ხანგრძლივი საუბრით საოცარი თერაპიულ ეფექტს ახდენს. თანაც ვინ გაუგებს ქალს სხვა ქალზე უკეთ?

ყურადღება მიაქციეთ, რომ ქალები, რომლებიც ჩაკეტილნი ხდებიან, მთელ დროს ოჯახს, სახლს და სამსახურს უთმობენ, როგორც წესი, ძალიან დაღლილები გამოიყურებიან. დეპრესიის განვითარების ალბათობა იზრდება, ლიბიდო და გარე სამყაროსადმი ინტერესი მცირდება, ქრონიკული დაავადებები მწვავდება. ჯანსაღი კომუნიკაცია ბედნიერი ცხოვრების წესის გასაღებია.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაქალის გულისთვის ყველაფერი უნდა მიატოვოთ და პირველ ადგილზე დააყენოთ. თუმცა ახლობლების და ერთგული მეგობრების ყოლა, რომელთანაც გამოცდილების და ემოციების გაზიარებას შეძლებთ, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის და არა მხოლოდ ქალებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს