ფრთათეთრები თქვენს ბოსტანს გვერდს აუვლიან – ეფექტური საშუალება მცენარეების დასაცავად

305

ყოველ ზაფხულს აგარაკზე დროის გატარების მოყვარულებს უწევთ მცენარეების დაცვა სხვადასხვა მწერებისგან. მათ შორის არის ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ საკმაოდ მავნე მწერი – ფრთათეთრა. „პაპარაცი“ გიამბობთ ამ მავნებლის შესახებ, გიზიარებთ რჩევებს, როგორ მოიშოროთ ფრთათეთრები და გადაარჩინოთ მოსავალი.

როგორ გამოიყურება ფრთათეთრა?

ეს არის პატარა მწერი, რომლის სიგრძე 2 მმ–ს არ აჭარბებს. აქვს ოთხი დიდი თეთრი ფრთა, რომლის წყალობით შეგიძლიათ მისი შემჩნევა მცენარის მწვანე ფოთლებზე. აღსანიშნავია, რომ ხშირად ფრთათეთრა განლაგებულია ფოთლის შიგნით და საფრთხის შემთხვევაში შეუძლია გაფრინდეს. ეს მავნებლის პოვნას ართულებს.

მეორე მხრივ, ფრთათეთრა დიდი კოლონიებით ცხოვრობს. ასე რომ, თუ თქვენს ნაკვეთზე გამოჩნდა, სავარაუდოდ, შეამჩნევთ. იკვებება მცენარის წვენით, რის გამოც ფოთლები იხვევა და ყვითლდება. ფრთათეთრა ფოთლებს თაფლის ცვრით ფარავს. ეს არის წებოვანი სითხე, რომელიც სოკოს გავრცელებას ხელს უწყობს.

ყველაზე ხშირად, ფრთათეთრები გვხვდება ბადრიჯნის, პომიდვრის, კიტრის, ყაბაყის და წიწაკის ფოთლებზე. გარდა ამისა, უყვარს ბაღის მცენარეები, როგორიცაა ხურტკმელი ან მოცხარი, ატამი ან ქლიავი, ვარდი ან იორდასალამი.

მავნებლის გამრავლება

სათბურის პირობები ფრთათეთრებისთვის იდეალურია. დაახლოებით 70–80% ტენიანობა და 21–26 გრადუსი ტემპერატურა. ეს მავნებლები ღია ცის ქვეშაც რეგულარულად ჩნდებიან. ერთ თვეში ზრდასრულ მწერს 300–მდე კვერცხის დადება შეუძლია. ერთ წელიწადში  ფრთათეთრების 15–მდე თაობა ვითარდება.

გამოჩეკილი ლარვები დაახლოებით 2–3 კვირაში იზრდება. მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ ზრდასრული ფრთათეთრა კვდება, თუ ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაეცემა. აი, კვერცხს შეუძლია ზამთრის ყინვის ატანა და განვითარების გაგრძელება სითბოს დადგომამდე.

რით დავამუშაოთ ბოსტანი ფრთათეთრების მოსაშორებლად?

პირველ რიგში, პროფილაქტიკაზე ვისაუბროთ. როგორც ამბობენ, პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე პრობლემის მოგვარება. მაშინაც კი, თუ ეს რჩევები სრულად არ იმუშავებს, ფრთათეთრების გამრავლებას შეანელებს, რაც თავის მხრივ დიდ დახმარებას გაგიწევთ შემდგომში მავნებლებთან ბრძოლის დროს.

პირველ რიგში, სარგავ მასალას ყურადღება მიაქციეთ. თუ უკვე ინფიცირებულია, ბევრ პრობლემას მოგიტანთ. დარგვისას ნარგავებს შორის დისტანცია დაიცავით. როცა მცენარეებს შორის მცირე სივრცეა, ფრთათეთრების გამრავლება მარტივდება. შეეცადეთ გაანადგუროთ სარეველები, ასევე სათბურების დეზინფექცია ჩაატარეთ. ამისთვის მიწა გადაბარეთ, ასევე კონსტრუქცია სპეციალური მეთოდით დაამუშავეთ.

დავუშვათ, პროფილაქტიკა არ გამოგადგათ ან მავნებელი მაინც გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მაღაზიაში სხვადასხვა ინსექტიციდი შეგიძლიათ შეიძინოთ. თუ არ გინდა მსგავსი საშუალებების გამოყენება, რამდენიმე ხალხურ მეთოდს გირჩევთ.

პირველ რიგში, მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენეთ ბაბუაწვერას ნაყენი. აიღეთ ამ მცენარის 20–30 გრამი ფესვი და 40 გრამი ფოთლები. ამ ყველაფერს დაასხით 1 ლიტრი წყალი და გააჩერეთ დაახლოებით 2–3 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული სითხით მცენარეები დაამუშავეთ ორ კვირაში ერთხელ.

ნიორიც უნდა დაგეხმაროთ. 100 გრამ ნიორს 0,5 ლიტრი წყალი დაასხით. 5 დღე გააჩერეთ. 5 მლ მიღებულ ნაყენს 1 ლიტრი წყალი დაასხით და ფრთათეთრით დაზიანებული მცენარეები დაამუშავეთ.

და ბოლო მეთოდი – იოდი. 1 ჩაის კოვზი იოდი, 2 ჩაის კოვზი სოდა და 40 მლ თხევადი საპონი აურიეთ. შემდეგ 1 ლიტრ თბილ წყალში გააზავეთ. ამის შემდეგ ნაყენს დაუმატეთ კიდევ 10 ლიტრი წყალი. მიღებული ხსნარი მცენარეებს შეასხურეთ 2–3 დღეში ერთხელ.

ვიმედოვნებთ, ჩვენი ხალხური მეთოდები დაგეხმარებათ ფრთათეთრების მოშორებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს