როგორ გავზარდოთ დაფნის ხე ბინის პირობებში

1274

ჩვენ ყველა ვოცნებობთ იღბალსა და დიდებაზე, თუმცა, ყველა ვერ ხვდება, რომ მათი გაზრდა (პირდაპირი გაგებით) საკუთარი ბინის ფანჯრის რაფაზე შეიძლება. საკმარისია დაფნის ხე დარგოთ, დადგათ სწორ სექტორში, ფენშუის მიხედვით, და ამ ყველაფერს მიიღებთ!

მათ, ვისაც არ სჯერა მისტიკური სწავლებების ნამდვილობისა, მოეწონებათ ამ მეთოდის პრაქტიკული მხარე: შინ მუდმივად გექნებათ ახალი, არომატული დაფნის ფოთოლი, რომელსაც პირდაპირ ურთავთ კერძებს ან ჩაის.

დაფნის ხე

მარადმწვანე დაფნის ხე, იგივე კეთილშობილი დაფნა (Laurus nobilis), ხმელთაშუაზღვის მთელ სანაპიროზე იზრდება. ძველი დროიდან, დაფნა სინათლის ღვთისა და ხელოვნების მფარველის, აპოლონის წმინდა ხედ ითვლებოდა. ამბობდნენ, რომ მცენარე მხატვრებისა და პოეტების შთაგონების წყაროა.

ბერძნები დაფნის გვირგვინებით ამკობდნენ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს. რომის იმპერიაში მსგავს პატივს გენერლებსა და იმპერატორებს აგებდნენ. ფენშუის მიხედვით, დაფნა ამტანობის, სიცოცხლის ძალის, თავდაჯერებულობისა და შთაგონების წყაროა.

როგორც საშინაო მცენარე, დაფნის ხე ნებისმიერ სახლს გამოადგება. ბრწყინვალე, მყარი, არომატული ფოთლები არამხოლოდ ალამაზებს სახლს, არამედ გამოყოფს ფიტონციდებს, რომლებიც ბაქტერიებსა და ვირუსებს ანადგურებს. დაფნის ფოთლების ნახარში აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აღაგზნებს მადას.

დაფნის ხე ბინაში

1. თესლის მომზადება

ამონაცენებმა თბილ და ხანგრძლივ დღეებს რომ მიუსწროს, ჩარგეთ თესლი გვიან შემოდგომაზე ან არეულ ზამთარში. დარგვამდე თესლს სკარიფიკაცია (მყარი, წყალგაუმტარი ზედაპირის ნაწილობრივი დარღვევა) სჭირდება. ამისთვის, უბრალოდ გააშალაშინეთ ან დაკაწრეთ დანით.

ამის შემდეგ, ჩაალბეთ ისინი რამდენიმე დღით თბილ წყალში. როცა თესლები დასივდება, მოათავსეთ ნოტიო ქვიშით სავსე ჭიქაში, 1 სმ სიღრმეში.

დაახურეთ ცელოფანი და გააჩერეთ თბილ და ნათელ ოთახში. დროდადრო მორწყეთ ქვიშა. პირველი მორჩების გაჩენისთანავე მოხსენით ცელოფანი. როცა მცენარეს 3-4 ფოთოლი გაუჩნდება, გადარგეთ ქოთანში.

2. კალმით გამრავლება

რთული არაა დაფნის გაზრდა კალმით. მოჭერით ბუჩქს მწვანე, 20-25-სანტიმეტრიანი ტოტი.

დაყავით ტოტები 2-3-ფოთლიან კალმებად, ქვედა ფოთლები მოაშორეთ. კალმის ბოლო დიაგონალურად მოჭერით და დაამუშავეთ სპეციალური დაფესვიანების სტიმულატორით (“კორნევინით”).

დარგეთ კალამი ნოტიო ქვიშით სავსე ჭიქაში, ან გადაჭრილ ბოთლში, და დაახურეთ ქილა. რათა მასში ჰაერის მაღალი ტენიანობა შენარჩუნდეს.

სასურველია, კვირაში ორ-სამჯერ შეაშხეფოთ წყალი კალამს. დაფესვიანება შეიძლება 3-4 თვის შემდეგ მოხდეს, ამის შემდეგ კი მცენარე ქოთანში უნდა გადარგოთ.

3. ნერგების გადარგვა

გაავსეთ ქოთანი სადრენაჟო ფენითა და ტორფიანი ხავსის, პერლიტისა და ორი წილი კომპოსის მასით. მაღაზიაში მზა სუბსტრატის შეძენა შეგიძლიათ, სპეციალურად სუკულენტებისთვის. რაც უფრო დიდი იქნება ქოთანი, მით უფრო მაღალი ბუჩქი გაიზრდება.

ფრთხილად გაასწორეთ ფესვთა სისტემის ახალგაზრდა მორჩები ნიადაგში და მიაყარეთ მიწა. გადარგვის შემდეგ, დადგით დაფნის ქოთანი ისეთ ადგილას, სადაც გაფანტული განათება ან ნახევარჩრდილი იქნება. არ დადგათ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.

4. მოვლა და მოკრეფა

დაფნის გასაზრდელად ოპტიმალური ტემპერატურაა 15-20 გრადუსი ზაფხულში, ხოლო 10-12 – ზამთარში. დაფნას უყვარს ტენიანი ჰაერი, ამიტომ შეაშხეფეთ მას წყალი ხშირად, თვეში ერთხელ “აბანავეთ” ფოთლები ან დადგით წყლით სავსე ჯამი ქოთნის გვერდით.

დარგვიდან 2 წლის შემდეგ, გადარგეთ ხე სხვა ქოთანში, რადგან მისი ფესვები პატარა ქოთანში ვეღარ დაეტევა. სწორი მოვლის შემთხვევაში, დაფნის ხე 2 მეტრზე მეტი სიმაღლის შეიძლება გაიზარდოს.

აიღეთ მოსავალი ნოემბერ-დეკემბერში. ამ პერიოდში, დაფნა ეთერზეთების მაქსიმალურ რაოდენობას შეიცავს. შეინახეთ ასეთი სანელებელი 1 წლის განმავლობაში. მერე იგი მწარდება.

ნუ შეგეპარებათ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში. მაშინაც კი, თუ ნაკლებად გამოცდილი მებაღე ხართ, გამოავლინეთ მოთმინება და არომატული ხე დაგაჯილდოვებთ შთაგონებით, გაალამაზებს თქვენს სახლს და დაიცავს ავი თვალისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს