საბჭოთა ხელფასი – რამდენი იყო და შეიძლებოდა თუ არა ამ თანხით ცხოვრება

663

ვინ ცხოვრობდა კარგად საბჭოთა პერიოდში? კითხვა, რომელიც დღემდე ბევრს აწუხებს. ზოგი იხსენებს სსრკ-ს პერიოდს, როგორც საუკეთესო დროს მის ცხოვრებაში, ზოგი, პირიქით, ბედნიერია, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. იმდროინდელი სლოგანები ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია. მაშ, რატომ განსხვავდება იმ ეპოქის ადამიანების მოგონებები? „პაპარაციმ“ გადაწყვიტა გაიგოს, რამდენი იყო საბჭოთა ხელფასი და რისი შეძენა შეეძლო ამ თანხით საბჭოთა მოქალაქეს.

დიახ, რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული მოთხოვნები აქვს ცხოვრების ხარისხზე. ზოგისთვის საკმარისია ერთოთახიან ბინაში ცხოვრება, ავტობუსით მისვლა სამსახურში და უბრალო საკვების ჭამა. ზოგს კი უნდა სამყაროს ნახვა და ყოველი შვებულების სხვა ქვეყანაში გატარებას ცდილობს. ზოგი ერთ კვირას ვერ ძლებს, რომ ახალი ნივთი არ იყიდოს და მთელი გამომუშავებული ფული საყიდლებზე არ დახარჯოს. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც – ადამიანები არ იცვლებიან. მოდით, სიმართლე ვთქვათ, ნებისმიერ დროში მთავრობის ელიტა ყოველთვის უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე რიგითი მოქალაქეები.

ფარავდა თუ არა საბჭოთა ხელფასი ადამიანის ყველა მოთხოვნილებას

საშუალო სტატისტიკური მოქალაქე რომ ავიღოთ, მაინც არაერთგვაროვან სურათს მივიღებთ. ზოგი მაღაზიაში ნაყიდი ტანსაცმლით კმაყოფილი იყო, ზოგს უცხოური ჯინსის ყიდვა უნდოდა. ბევრი რამ მოქალაქის საცხოვრებელ ადგილზე იყო დამოკიდებული. დიდი და პატარა ქალაქების უზრუნველყოფა ძალიან განსხვავდებოდა. გამოდის, რომ ყველას მოგონებები მაღაზიაში თაროების სიმრავლის და სისრულის შესახებ განსხვავებულია.

დავუბრუნდეთ მოქალაქეების ფულად ანაზღაურებას ამა თუ იმ გაწეული შრომისთვის, ზოგჯერ არაადამიანური შრომისთვის. სსრკ-ს აყვავების პერიოდი დადგა ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში – ქარხნები და ფაბრიკები სოკოებივით მრავლდებოდა. ყველასთვის საკმარისი სამუშაო იყო, ხოლო უმუშევრობა სირცხვილიც იყო. 70-იანი წლების დასაწყისში მუშის ან თანამშრომლის საშუალო ხელფასი 122 მანეთი იყო. ამასთან, ქარხნების სასადილოებში იყო უფასო სადილი, სკოლებსა და ბაღებში ბავშვებს უფასოდ კვებავდნენ. სსრკ-ში საგადასახადო სისტემა დღევანდლისგან ძალიან განსხვავდებოდა. საერთო ჯამში, ყველა გადასახადი არ აღემატებოდა 13%-ს – ეს მოიცავდა საპენსიო ფონდს, საშემოსავლოს, საგზაო გადასახადებს და ბევრ სხვას. ერთადერთი ნიუანსი იყო უშვილობის გადასახადი, რომელიც 6%-ს შეადგენდა.

ყველა გადასახადის გამოქვითვის შემდეგ რიგით მოქალაქეს დაახლოებით 100 მანეთი რჩებოდა. აქ მოდის მოგონებები პურზე 16 კაპიკად და ძეხვზე 1,2 მანეთად. ხელფასთან მიმართებაში, საკვების ასეთი ფასები საკმაოდ მისაღები იყო. შიმშილით ნამდვილად არ მოკვდებოდი სსრკ-ში. რაც შეეხება ბინას, ავეჯს, ავტომობილს, ფეხსაცმელს და ტანსაცმელს? სახლთან მეტ-ნაკლებად ნათელი იყო. ახალგაზრდა სპეციალისტებს საერთო საცხოვრებელში ფართს სთავაზობდნენ, შემდეგ ბინაზე რიგში ჩადგომა შეიძლებოდა. სახლი სწრაფად და ბევრი შენდებოდა, ამიტომ ბინებს სწრაფად იღებდნენ.

მართალია, რომ საბჭოთა ხელფასით ტელევიზორს ვერ იყიდდი?

ბინის ქირის ღირებულება ცივილიზაციის ყველა კეთილმოწყობით, როგორიცაა ცხელი და ცივი წყალი, გათბობა, გაზი დაახლოებით 6 მანეთს შეადგენდა ერთ კაცზე, მაგრამ ბინას სჭირდებოდა ავეჯი და აქ ხშირად პრობლემები წარმოიქმნებოდა. პირველ რიგში, მაშინ შეუძლებელი იყო მაღაზიაში წასვლა და სასურველი ავეჯის არჩევა შენი სურვილისამებრ. მეორეც, ზოგჯერ საძინებლის ავეჯი ან დივანი საშუალო ხელფასს რამდენჯერმე აღემატებოდა. ჩნდება კითხვა, სად არის სიუხვე და ხუთწლიანი გეგმის შესრულება სამ წელიწადში? გამოდის, სსრკ-ში არ იყო არც მრავალფეროვნება და არც შესაძლებლობა.

ისეთი ფუფუნება, როგორიცაა ტელევიზორი ან მტვერსასრუტი, ზოგჯერ აუტანელი ტვირთი იყო მოქალაქეებისთვის. როგორც მინიმუმ, ექვსი თვე წყალზე და პურზე უნდა გეცხოვრა, რომ ასეთი სასურველი ტელევიზორი გეყიდა. რაც შეეხება ავტომობილის შეძენას, აქ მშრალ რაციონზე კვება 10 წელი მოგიწევდა. კარგი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი სამი კაპიკი არ ღირდა და მათ შესაძენად დიდხანს მოგიწევდა რიგში დგომა ან მაღაზიაში კავშირების ქონა. ზღვაზე საგზური ან  ბავშვთა ბანაკში მოხვედრა უფასო იყო, მაგრამ ყველას და ყოველთვის არ ხვდებოდა. ასე რომ, სანუკვარი ზღვა ბევრმა მხოლოდ სსრკ-ს დაშლის და რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ შეძლო.

ვერ განვსჯით, კარგად ცხოვრობდნენ თუ ცუდად საბჭოთა პერიოდში. მხოლოდ შეგვიძლია იმ დროიდან გაკვეთილი და გამოცდილება მივიღოთ. როგორც ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ მთავრობაში, იყო კარგიც და იყო პრობლემები. ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ საბჭოთა ხელფასი ყველა შესაძლებლობას იძლეოდა, რთულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს