დღეს უცხო ენების ცოდნის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. მოგზაურობა, კომუნიკაცია, სწავლა და სამეცნიერო საქმიანობა – ამ ყველაფრის უკეთ შესრულება შეიძლება, თუ იცი საერთაშორისო ენები. თუ ახლა მიღებულია პირველ რიგში ინგლისური ენის შესწავლა, საბჭოთა კავშირის დროს ასე არ იყო. საბჭოთა სკოლებში მთავარი უცხო ენა გერმანული იყო და ამის დადასტურება შეუძლიათ ჩვენს დედებს და ბებიებს, რომლებიც იმ პერიოდში სწავლობდნენ.
ერთხელ მოხუცი მეზობელი მესტუმრა და დახმარება მთხოვა. ახალი მიქსერი აჩუქეს, მაგრამ გამოყენების ინსტრუქციაში ვერ გაერკვია. ინსტრუქცია მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყო, რაც მთავარი პრობლემა გახდა. „ჩვენ სკოლაში გერმანულს ვსწავლობდით, ახლა ყველგან ინგლისურია“ – დაიწუწუნა მეზობელმა. ამ პროცესის მიზეზები ყველასთვის ცნობილი არ არის. პასუხს „პაპარაცის“ დღევანდელ სტატიაში იპოვით.
რატომ არ ისწავლებოდა ინგლისური ენა საბჭოთა სკოლებში?
თანამედროვე ადამიანს გაუკვირდება იმის გაგება, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისური ენა არც ისე პოპულარული იყო მსოფლიოში. ევროპის და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძირითადი ენები ფრანგული და გერმანული იყო. ფრანგულად საუბრობდნენ ხელოვანები და არისტოკრატები. ამ ენას სწავლობდნენ ისინი, ვინც თავს ერუდირებულ ადამიანად თვლიდა. თავად-აზნაურების შვილებს ადრეული ასაკიდან ფრანგულს ასწავლიდნენ.
იმ დროს სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდებოდა მხოლოდ გერმანულ ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები ითარგმნებოდა, ამიტომ მათ, ვინც გეგმავდა ცხოვრების მეცნიერებასთან დაკავშირებას, გერმანული ენა ძალიან სჭირდებოდა. ევროპაში, მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ყველა ოფიციალური ღონისძიება გერმანულ ან ფრანგულ ენაზე იმართებოდა, ამიტომ ინგლისური ენის სწავლას აზრი არ ჰქონდა.
სიტუაცია შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ხალხს არ სურდა ნაცისტების ენის სწავლა, რათა მათთან ასოცირებული არ ყოფილიყვნენ. ამავდროულად, ასპარეზზე შემოვიდა ინგლისური ენა, რომელმაც სწრაფად მოიპოვა საერთაშორისო კომუნიკაციის მთავარი ენის ტიტული.
რატომ ასწავლიდნენ საბჭოთა ბავშვებს გერმანულს?
საბჭოთა კავშირში, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, გერმანული მთავარი უცხო ენა იყო. საბჭოთა მოქალაქეს განათლება უნდა მიეღო და ამისთვის უნდა ჰქონოდა წვდომა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომებზე. ამიტომაც, 70-იან წლებამდე სკოლებში ბავშვებს გერმანულს ასწავლიდნენ.
ინგლისური ენის მიმართ დიდხანს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ. საბჭოთა ხელისუფლება აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს მტრად მიიჩნევდა, ამიტომ მათი ენის სწავლა მიუღებელი იყო. ამას შეეძლო გამოეწვია ანგლო-საქსური კულტურის გავრცელება მოქალაქეებში, რასაც საბჭოთა ხელისუფლება ვერ დაუშვებდა.
მეორე მსოფლიო ომმა ყველაფერი შეცვალა. მეცნიერების და კულტურის სამყარომ მასიურად უარი თქვა გერმანულ ენაზე და აირჩია ინგლისური. მსოფლიო სწრაფად გახდა ინგლისურენოვანი. მსოფლიოს რომ არ ჩამორჩენოდა, სსრკ-შიც გერმანულის ნაცვლად ინგლისურის შესწავლა დაიწყეს.
მართალია, ეს მაშინვე არ მომხდარა. საბჭოთა სკოლების ინგლისურის მასწავლებლებით მომარაგებას გარკვეული დრო დასჭირდა. პირველი მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენას ასწავლიდნენ, 50-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ. ინგლისურის ყველგან შესწავლა დაიწყეს მხოლოდ 70-იან წლებში. გარდაქმნის პერიოდში, როცა საზღვარგარეთის კულტურის მიმართ ინტერესი წარმოუდგენლად გაიზარდა, ინგლისური ენა უფრო პოპულარული გახდა. ბევრ სკოლაში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო უცხო ენის არჩევა, მაგრამ პირველ ადგილს ინგლისური იკავებდა.
სხვათა შორის, იყო კიდევ ერთი ფარული მიზეზი, რატომ დაიწყეს საბჭოთა მოქალაქეებმა ინგლისური ენის მასობრივად შესწავლა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სწორედ აშშ იყო სსრკ-ს მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგე. ამრიგად, მტრის ენის ცოდნა ეხმარებოდა საბჭოთა მოქალაქეს ყოფილიყო ერთი ნაბიჯით წინ ამერიკელებთან შედარებით. ენა იყო ინგლისურად შექმნილი ინფორმაციის მოპოვების ინსტრუმენტი.