მშრალი ქუსლები: მიზეზები და პრობლემის მოგვარების მეთოდები სახლის პირობებში

97

მშრალი კანი ქუსლებზე არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ჯანმრთელობის საკითხია. სპეციალისტები გვირჩევენ, ვაკონტროლოთ ქუსლების მდგომარეობა არა მხოლოდ ზაფხულში, როცა გვიწევს სანდლების, ფლოსტების და სხვა ღია ფეხსაცმლის ჩაცმა, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ასე თავიდან ავიცილებთ უფრო სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა ნახეთქები და კოჟრები. დერმატოლოგი საუბრობს, რა არის ქუსლების სიმშრალის მიზეზები.

მშრალი ქუსლები – პრობლემის მიზეზები

რა თქმა უნდა, მშრალი კანი ქუსლებზე ბუნებრივი მოვლენაა. ტერფებზე მოდის მაქსიმალური დატვირთვა სიარულის დროს, რაც კანის მდგომარეობაზე აისახება. არსებობს მთელი რიგი გარეგანი და შინაგანი მიზეზები, რომელთაც მდგომარეობის გაუარესება შეუძლიათ. მათი ცოდნა მნიშვნელოვანია, რომ კანის ჯანსაღი მდგომარეობა შევინარჩუნოთ.

არასწორი კვება

სიმშრალის მთავარი მიზეზი არასწორი კვებაა. ტერფის კანი მუდმივ ზეწოლას განიცდის, ამიტომ სჭირდება საკმარისად დატენიანება და კვება, რომ კანზე რქოვანა ფენა არ გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახეთქები და კოჟრები გაჩნდება.

არასწორი ფეხსაცმელი

უხარისხო ფეხსაცმელი ტერფებზე დატვირთვას ზრდის. ასეთი ფეხსაცმელი სისხლის მიმოქცევას არღვევს და ტერფების სწორ საყრდენ წერტილებს ცვლის. კანი დაცვის მიზნით გაუხეშებას იწყებს, რაც ტერფების ჯანმრთელობაზე აისახება.

ღია ფეხსაცმელი

თუ ფიქრობთ, რომ სანდალი, ფლოსტი და სხვა მსგავსი ფეხსაცმელი საუკეთესო არჩევანია ზაფხულისთვის, იმედი უნდა გაგიცრუოთ. მთელი წელი თქვენი ფეხი დახურულ ფეხსაცმელში იყო, რაც მკვეთრად იცვლება სითბოს დადგომისას. გარეგანი ცვლილებისგან დასაცავად კანი ინტენსიურად გაუხეშებას იწყებს.

არასაკმარისი მოვლა

ფეხის კანი პერიოდულად უნდა გაიწმინდოს მკვდარი კანის ნაწილაკებისგან. ამისთვის შესაფერისია პემზის ქვა, სპეციალური სახეხი და მჟავა პილინგები. ამის გარეშე კანი თანდათან გასქელდება და ნახეთქები გაჩნდება.

გადაჭარბებული მოვლა

გასაკვირია, მაგრამ კანის მოვლაში შეიძლება გადააჭარბოთ. თუ პედიკიურის დროს კანს ძალიან ინტენსიურად დაამუშავებთ, კანი ძალიან თხელი გახდება. ეს, თავის მხრივ, აიძულებს უჯრედებს სწრაფად დაყოფას კანის დამცავი თვისებების აღსადგენად.

სოკო

შესაძლოა ყველა რეკომენდაციას იცავთ, მაგრამ ფეხის კანი მაინც უხეში და მშრალი რჩება. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ დერმატოლოგს, რადგან სოკოს სიმპტომი შეიძლება იყოს.

ვიტამინების ნაკლებობა

ქუსლების სიმშრალე ავიტამინოზით და ცხიმოვანი მჟავების დეფიციტით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ შემთხვევაში სიმშრალე გამოჩნდება არა მხოლოდ ქუსლებზე, არამედ მთელ კანზე, ასევე თმაზე.

ჯანმრთელობის პრობლემები

ძალიან მშრალი, გარქოვანებული კანი ტერფებზე შეიძლება იყოს ორგანიზმში სერიოზული პრობლემების სიმპტომი, როგორიცაა სიმსივნე, ფსორიაზი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. თუ კანის რეგულარული მოვლის პირობებში მკვეთრად შეიცვალა მდგომარეობა, ექიმთან ვიზიტის დროა.

მდგომარე სამსახური

მშრალი ქუსლების კიდევ ერთი მიზეზი. ფეხებზე მოდის ძირითადი დატვირთვა, ამიტომ მოითხოვს მუდმივ დასვენებას აღსადგენად. თუ დღის განმავლობაში მუდმივად დგახართ ფეხზე, კანი შექმნის დამატებით დამცავ ფენას, რომ დატვირთვას გაუძლოს. გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია ფეხის სრულფასოვანი დასვენება და სწორი სამუშაო ფეხსაცმლის შერჩევა.

როგორ მოვიშოროთ ქუსლების სიმშრალე სახლის პირობებში

ქუსლების სიმშრალე სახლის პირობებში შეგიძლიათ მოიშოროთ რამდენიმე მეთოდით:

1. ფეხის აბაზანა

მარილის აბაზანა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. 2 ლიტრი წყალი გააცხელეთ იმ ტემპერატურამდე, რომლის ატანას შეძლებთ. 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ამ ხსნარში ფეხები 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ პემზით ან ჯაგრისით. გაუხეშებული ნაწილაკები ადვილად მოშორდება.

შემდეგ ფეხები გამდინარე წყალში დაიბანეთ და ნებისმიერი ზეთი ან ცხიმიანი კრემი წაისვით. თუ კანი ზომიერად მშრალია, ასეთი პროცედურა კვირაში 2-ჯერ გააკეთეთ. ძალიან მშრალი კანისთვის პროცედურა ყოველდღე ან დღეგამოშვებით ჩაიტარეთ. შედეგს 2 კვირაში იხილავთ.

გარდა ამისა, მარილი პერიოდულად სოდით ჩაანაცვლეთ. ცხელ წყალს 1-2 სუფრის კოვზი სოდა და ცოტა თხევადი საპონი დაუმატეთ. ამ ხსნარში ფეხები 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ პემზით გაიხეხეთ. შედეგი გაგახარებთ.

2. პილინგები

გაუხეშებული მშრალი კანის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პილინგები, რომელთაც ბევრი კოსმეტიკური ბრენდი გვთავაზობს. ასეთი პროდუქტები რამდენიმე ფორმით იყიდება.

ხილის მჟავის პილინგი ორთქლით დარბილებულ ფეხებზე წაისვით, შემდეგ დარბილებული კანი პემზით ან ჯაგრისით ადვილად მოშორდება. პილინგის უპირატესობა არის ის, რომ ამ მეთოდით ზედმეტი კანის მოცილება თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ხილის მჟავა მხოლოდ მკვდარ კანზე მოქმედებს.

პილინგის წინდებით მკვდარ კანს მაქსიმალურად მოიშორებთ. ეს არის პოლიეთილენისგან დამზადებული პატარა პარკები, რომელთა შიგნით არის აქტიური ნივთიერება. წინდები უნდა ჩაიცვათ წინასწარ დაორთქლილ და კარგად გამშრალ ფეხებზე. ინსტრუქციაში მითითებული ვადით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. უკვე 2-3 დღეში გარქოვანებული კანი მოგშორდებათ და გზას დაუთმობს ნაზ, რბილ ქუსლებს.

3. ზეთის კომპრესები

სიმშრალესთან საბრძოლველად შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის დამატებითი კვება. ამ მიზნით შესაფერისია სპეციალური ცხიმოვანი ფეხის კრემები ან ნატურალური ზეთი, როგორიცაა ქოქოსი, ზეითუნი, შია და ნუში. პროცედურის ჩასატარებლად კრემის ან ზეთის სქელი ფენა წაისვით, პარკი შემოიხვიეთ და რბილი წინდები ჩაიცვით. კომპრესი რამდენიმე საათით გაიჩერეთ. უკეთესია, თუ მთელი ღამით გაიჩერებთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ქუსლებს ვერ იცნობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს