ბორის მჟავა – სასუქი, რომელიც კიტრის მოსავალს აორმაგებს

144

კიტრი რომ გაზარდოთ, ამ პრეტენზიულ ბოსტნეულზე სწორად უნდა იზრუნოთ. ამასთან ყველა მებოსტნეს სურს, მიიღოს არა მხოლოდ რამდენიმე ნაყოფი, არამედ უხვი მოსავალი. ამ შემთხვევაში, სასუქს გვერდს ვერ აუვლით. ამ ტიპის მცენარეებისთვის ბორის მჟავა იდეალურია. „პაპარაცი“ გიამბობთ, რა არის მისი სარგებელი და როგორ გამოიყენოთ სწორად.

როგორ გამოვიყენოთ ბორის მჟავა მცენარეებისთვის?

ბორის მჟავის სარგებელი კიტრისთვის

ისეთი სააფთიაქო საშუალება, როგორიცაა ბორის მჟავა, შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ადამიანის დაავადებების სამკურნალოდ, არამედ ბოსტნეულის მოსავლიანობის გასაუმჯობესებლად. თუ ბორის მჟავას კიტრის სასუქად გამოიყენებთ, რამდენიმე ძირითად ეფექტს შეამჩნევთ.

ფოტოსინთეზის გაუმჯობესება. მზის ენერგიის შთანთქმა მცენარის ზრდის და ნაყოფიერების მთავარ ფაქტორად ითვლება. ბორის მჟავა ამ პროცესზე დადებითად მოქმედებს. შედეგად, მცენარეს მეტი ძალა აქვს ყვავილობისა და ნაყოფის ფორმირებისთვის.

ახალი ნასკვების წარმოქმნის სტიმულირება. საშუალება ააქტიურებს ახალი კიტრების გამოჩენას ყვავილობის ადგილზე. გარდა ამისა, გამოცდილმა მებოსტნეებმა შეამჩნიეს, რომ ბორის მჟავის გამოყენების შემდეგ გაცილებით ნაკლებია ფუჭყვავილი, რომელსაც დამტვერვა არ შეუძლია.

დაავადებებისგან დაცვა. ასეთი სასუქი მცენარის იმუნიტეტს აძლიერებს და გავრცელებული დაავადებებისგან იცავს.

ფესვების სისტემის გაძლიერება. კიტრს აქვს საკმაოდ დაუცველი ფესვები, რომელიც ზედაპირთან ახლოს მდებარეობს და ამის გამო ადვილად ზიანდება. ბორის მჟავა ფესვების სისტემას იცავს. შესაბამისად, კიტრი მიიღებს მეტ სასარგებლო მიკროელემენტს ნიადაგიდან.

ბორის მჟავა მცენარისთვის: გამოყენების წესი

მათ, ვინც დიდი ხანია ბოსტნეულის გაზრდით დაკავებულია, მოიგონეს რამდენიმე მეთოდი, როგორ შეიძლება ბორის მჟავის გამოყენება მცენარეებისთვის. სასურველი ვარიანტი დამოკიდებულია კიტრის ზრდის პერიოდზე.

1. კვლების მომზადება დარგვისთვის. საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ მიწის სადეზინფექციოდ კიტრის დათესვამდე. ასე სოკოთი დაინფიცირებაზე აღარ იდარდებთ. 10 გრამი ბორის მჟავა, 5 გრამი კალიუმის პერმანგანატი და 10 ლიტრი ცხელი წყალი აურიეთ. მიღებული ხსნარით კვლები მორწყეთ.

2. თესლის მომზადება. გამოცდილმა მებოსტნეებმა იციან, რომ უკეთესი აღმოცენებისთვის და თესლის დასაცავად საჭიროა მათი წინასწარი ჩალბობა. ამისთვის ბორის მჟავა შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 ჩ/კ ბორის მჟავა 1 ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით (მჟავა ცივ წყალში არ იხსნება). შემდეგ 1 ლიტრი ცივი წყალი დაუმატეთ. ამ სითხეში კიტრის თესლი 12 საათი გააჩერეთ.

3. ნერგის გადარგვის შემდეგ ან ყვავილობამდე. თუ კიტრის ნერგებს ზრდით, ბოსტანში გადარგვის შემდეგ მცენარეს გაძლიერებაში დაეხმარეთ. ამისთვის 1 გრამი ბორის მჟავა 1 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით და გააცივეთ. გადარგული კიტრი ჯერ სუფთა წყლით მორწყეთ, შემდეგ 100 მლ სასუქი დაუმატეთ თითოეულ ბუჩქს. მნიშვნელოვანია, გრამობა ზუსტად დაიცვათ, რომ მცენარე არ დაიწვას. თუ კიტრი პირდაპირ ბოსტანში მოგყავთ, ამ სასუქით ყვავილობამდე გამოკვებეთ.

4. ბორის მჟავა ყვავილობის დროს. მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ამ მომენტში დგინდება, რამდენად კარგი მოსავალი იქნება. კვირტების სტადიაზე კიტრს შეასხურეთ 0,1%-იანი ხსნარი (მზადდება ისე, როგორც წინა პუნქტში). თუ ყვავილები უკვე გაშლილია, ხსნარი ყვავილებს არ მოახვედროთ, რადგან ასე მტვერს ჩამორეცხავთ. უფრო მეტიც, ზოგი ხსნარს უმატებს ცოტა ტკბილ სიროფს (500 გრამი შაქარი 5 ლიტრ წყალზე), რომ კიტრში ფუტკრები მიიზიდოს.

როგორც ხედავთ, მცენარეებისთვის ბორის მჟავის გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს. უდავოდ, ხარისხიანი კვება დაგეხმარებათ მიიღოთ ბევრი კიტრი პატარა კვლებიდანაც. ამასთან, ბორის მჟავა იდეალურად იცავს ბოსტნეულს მავნებლებისგან და დაავადებებისგან. ერთი სიტყვით, ამ ხალხური საშუალების გამოყენება ღირს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს