ჯანმრთელობის და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად ორგანიზმზე უნდა ვიზრუნოთ. ამისთვის საჭიროა სრულფასოვანი კვება, კარგი ძილი, ბევრი მოძრაობა, ასევე წყლის ბალანსის დაცვა ორგანიზმში. მართალია, ხშირად საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა რთული ამოცანაა. უნდა იცოდეთ, როგორ დალიოთ წყალი სწორად, რომ თავი ჯანმრთელად იგრძნოთ და ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ.
ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დიდხანს ჩიოდა, რომ წონაში ვერ იკლებდა. კვება მოაწესრიგა, ვარჯიში დაიწყო, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. მწვრთნელს რჩევა ჰკითხა და და ისიც დაინტერესდა, რამდენ წყალს სვამდა ჩემი მეგობარი. თურმე, მის რაციონში ძალიან ცოტა წყალი იყო, მას ანაცვლებდა ხილის წვენით, ყავით და სხვა სასმლით. მეგობარმა წყლის რეჟიმის დარეგულირების შემდეგ გახდომა შეძლო. თქვენ სწორად სვამთ წყალს?
როგორ დავლიოთ წყალი სწორად ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად?
ყველა ექიმი ამბობს, რომ ჩვენს ორგანიზმს წყალი სჭირდება. ორგანიზმის გაუწყლოება არის შემდეგი დაავადებების ერთ-ერთი მიზეზი:
- წონის მატება
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
- დიაბეტი
- მხედველობის გაუარესება, კატარაქტი
- ალერგია
- ჰორმონალური დარღვევები
- ართრიტი, რევმატიზმი
- გონებრივი აქტივობის შემცირება
- სისხლის გასქელება, თრომბოზი
- დეპრესია
ორგანიზმისთვის საზიანო შეიძლება იყოს რაციონში არა მხოლოდ წყლის ნაკლებობა, არამედ მისი ჭარბი რაოდენობაც. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ დალიოთ წყალი სწორად, რათა სარგებელი მოუტანოთ ჯანმრთელობას და არ დააზიანოთ.
წყლის დალევის წესები
საჭირო რაოდენობა
ზრდასრულმა ადამიანმა დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. გახსოვდეთ, ჩაი, ყავა, წვენი, წვნიანი და რძე სითხეა, მაგრამ არა წყალი. წყალი სხვა სასმლით არ ჩაანაცვლოთ. მართალია, ეს რაოდენობა ძალიან სქემატურია. წყლის რეკომენდებული რაოდენობა უნდა გამოთვალოთ ასაკის, წონის და ფიზიკური აქტივობის მიხედვით.
წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის – 30 მლ 1 კგ წონაზე. თუ სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშობთ, საბოლოო რიცხვს დაუმატეთ 500-600 მლ წყალი ყოველ ვარჯიშზე.
დღის სწორად დაწყება
კუჭის გასაღვიძებლად აუცილებლად უნდა დალიოთ ერთი ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე. ძილის დროს ჩვენი ორგანიზმი იწმინდება ტოქსინებისგან, დილით ჭიქა წყალი დაგეხმარებათ ამ პროცესის დასრულებაში. ასევე წყალი კუჭს საკვების მიღებისთვის განაწყობს.
დალიეთ სუფთა სასმელი წყალი, მაგრამ არა ადუღებული. ოთახის ტემპერატურის წყალს ჩვენი კუჭი საუკეთესოდ აღიქვამს, მაგრამ არასოდეს ცივს. ეს ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, რაც წონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.
წყალი ჭამამდე
ჭიქა წყალი ყოველი ჭამის წინ 30 წუთით ადრე დალიეთ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულად მუშაობას ხელი შეუწყოთ. გარდა ამისა, წყალი კუჭს გაავსებს და სადილობის დროს ზედმეტის შეჭმას თავიდან აიცილებთ.
წყალი ჭამის შემდეგ
წყალი ჭამის დასრულებიდან 40 წუთის შემდეგ დალიეთ. ასე კუჭი საჭმელს კომფორტულად მოინელებს. დროის გასვლის შემდეგ ორგანიზმს დასჭირდება წყლის რესურსი კუჭის წვენის შესავსებად.
ორგანიზმის სიგნალების მოსმენის უნარი
ძალიან ხშირად წყურვილის გრძნობა შიმშილად აღიქმება. და აი, ადამიანი ჭიქა წყლის დალევის ნაცვლად ღეჭავს სენდვიჩს, რომელიც ორგანიზმს დიდად არ სჭირდება. თუ შიმშილის გრძნობა გაქვთ, ერთი ჭიქა წყალი დალიეთ.
არ დაელოდოთ, სანამ ორგანიზმი წყალს მოგთხოვს. გახსოვდეთ, თუ გრძნობთ წყურვილს და პირის ღრუს სიმშრალეს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი უკვე კარგად გაუწყლოებულია. საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ.
მუდმივი წვდომა
წყალი უნდა დალიოთ მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში. ის ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუ სასეირნოდ მიდიხართ, პატარა ბოთლი წყალი აუცილებლად წაიღეთ. განსაკუთრებით ცხელ სეზონზე. ორგანიზმს წყალი ყოველ 2 საათში მიაწოდეთ. ასე გაუწყლოებას თავიდან აიცილებთ.
წყალი ვარჯიშის დროს
ვარჯიშის დროს წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. გახსოვდეთ, ფიზიკური დატვირთვისას ოფლთან ერთად ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. თუ წყლის ბალანსს არ აღადგენთ, სისხლი გასქელდება, რაც ნეგატიურად იმოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე.
კომპენსაცია
ყავას და ალკოჰოლს ძლიერი შარდმდენი ეფექტი აქვს. ამის გამო ორგანიზმი უფრო სწრაფად კარგავს წყალს. დანაკარგის ასანაზღაურებლად წყლის რაოდენობა გაზარდეთ. ერთი ულუფა ყავის ან ალკოჰოლის კომპენსაციისთვის 1 ჭიქა სუფთა წყალი დალიეთ.
სხვათა შორის, რაც შეეხება ალკოჰოლს, წყალი სწრაფად დათრობას ხელს უშლის. კუჭში ალკოჰოლს აზავებს და მის კონცენტრაციას ამცირებს. წვეულების დროს, სადაც ალკოჰოლის მიღება მოსალოდნელია, სუფთა წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. მეორე დღეს ამისთვის მადლიერებას გამოხატავთ.
როგორ დავლიოთ წყალი სწორად დასვენებამდე
ძილის დროს ორგანიზმი მუშაობას აგრძელებს – სუნთქავს, ოფლიანობს, შინაგან ორგანოებს მუშაობას აიძულებს. კომფორტული მუშაობისთვის ძილის წინ 30 წუთით ადრე ჭიქა თბილი წყალი დალიეთ.
ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით დაიცავთ წყლის ბალანსს, რომლის გარეშეც ჯანმრთელობა შეუძლებელია.