ზამთარში ყველას გვიყვარს თბილი, მყუდრო ნაქსოვი ზედების ტარება. ისინი არა მხოლოდ გვათბობენ სიცივეში, არამედ ელეგანტურადაც გამოიყურებიან. თუმცა ასეთი ტანსაცმელი ადვილად ცვდება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ნივთების კარადაში არასწორად შენახვა. ნაქსოვი ზედები საკიდებზე უნდა ჩამოკიდოთ, მაგრამ არა ისე, როგორც შეჩვეული ხართ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ გააკეთოთ ეს ისე, რომ ნივთი არ დაიჭიმოს.
ნივთების მარტივი შენახვა კარადაში საკიდებზე
მოდის ექსპერტები გვირჩევენ, რომ ნაქსოვი და შალის ზედები კარადის თაროებზე არ შევინახოთ, რადგან ამ შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაიჭმუჭნება. ვინაიდან ქსოვილი საკმაოდ დელიკატურია, ასეთი ნივთები ძალიან ადვილად ზიანდება დაუთოებისას. გარდა ამისა, ამას დრო სჭირდება, რომელიც არასოდეს გვყოფნის.
თუმცა, ნაქსოვი ზედის უბრალოდ საკიდზე დაკიდება არ შეიძლება. დიახ, ასე ის არ დაიჭმუჭნება, მაგრამ ქსოვილი აუცილებლად დაიჭიმება. ნივთი ფორმას დაკარგავს და მხრებზე არამიმზიდველად ამოიბურცება. ალბათ აღარ მოგინდებათ ასეთი ზედის ჩაცმა. ალბათ, მხოლოდ სახლში თუ ჩაიცვამთ. თუმცა, ამ შედეგს ადვილად აირიდებთ თავიდან, თუ ტანსაცმელს საკიდზე სწორად ჩამოკიდებთ. დღევანდელ სტატიაში, რამდენიმე უმარტივეს მეთოდზე ვისაუბრებთ.
ნაქსოვი ზედის საკიდზე ჩამოკიდების მეთოდები
ვარიანტი 1
1. იმისათვის, რომ ზედა სწორად ჩამოკიდოთ საკიდზე, ჯერ გადაკეცეთ იგი შუაზე, მკლავი უნდა მოექცეს მკლავზე. ამის შემდეგ მოათავსეთ საკიდი ნივთზე მკლავსა და სხეულის ნაწილს შორის კუთხით. ამ შემთხვევაში საკიდის კაუჭი უნდა სცდებოდეს ზედის იღლიას.
2. ამის შემდეგ, დაკეცეთ სახელო და საკიდში გაატარეთ. იგივე გააკეთეთ ზედის ძირითადი ნაწილის შემთხვევაშიც. ამ მდგომარეობაში უკვე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ კარადაში. ნაქსოვი ზედა არ დაიჭიმება და არც დაიჭმუჭნება.
ვარიანტი 2
1. ფრთხილად და თანაბრად გაშალეთ ზედა რაიმე ზედაპირზე. შემდეგ ზედის სხეულის ნაწილი გადაკიდეთ საკიდზე, მკლავებამდე.
2. ასწიეთ საკიდი ნივთთან ერთად ისე, რომ ის შუაზე გადაიკეცოს. ნაქსოვი ზედის სახელოები თანაბრად გადაკიდეთ საკიდზე. მზადაა!
ვარიანტი 3
1. მოათავსეთ ზედა ბრტყელ ზედაპირზე და გაშალეთ. საკიდი მოათავსეთ სხეულის ნაწილის შუაში ისე, რომ საკიდის კაუჭი კისრის ნაწილისკენ იყოს მიმართული.
2. ამის შემდეგ, უბრალოდ გადაიტანეთ სახელოები საკიდის შუაში და მაქსიმალურად ჩამოწიეთ ქვემოთ, რომ ზედა არ ჩამოცურდეს. ახლა შეგიძლიათ ნაქსოვი ზედა კარადაში ჩამოკიდოთ.
როგორც ხედავთ, ყველა ამ მეთოდს სულ რამდენიმე წამი სჭირდება. უბრალოდ დაფიქრდით, რამდენ დროს დაზოგავთ დილით ნივთის დაუთოებაზე. გარდა ამისა, კარადაში ნივთების სათანადო შენახვით, უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ ტანსაცმელს შესანიშნავ მდგომარეობაში. გამოიყენეთ ეს ხრიკები თქვენი საყვარელი ზედების კარგ ფორმაში შესანახად.