ყველასათვის საყვარელი ტოლმა არც ისე სწრაფად მზადდება. ეს ნამდვილად არ არის ის კერძი, რომლის მომზადებაც ნაჩქარევად შეიძლება. მაგრამ გემრიელი კერძის მისაღებად ნამდვილად ღირს გარჯა. მითუმეტეს, რომ ტოლმის გაფუჭება მომზადების დასაწყისშიც კი შეიძლება. თუ კომბოსტოს ფურცლებს არასწორად გავაცალკევებთ, მაშინ ისინი შეიძლება დაიხიოს და შიგთავსის მათში მოხვევა შეუძლებელი იქნება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ხრიკს, როგორ მოვამზადოთ კომბოსტო ტოლმის შესახვევად.
ტოლმისთვის კომბოსტოს მომზადების სწრაფი მეთოდი
დღეს გაგიზიარებთ ყველაზე მარტივ და სწრაფ მეთოდს, როგორ გავაცალკეოთ კომბოსტოს ფოთლები ტოლმისთვის. ამ პროცესს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ეს გაგათავისუფლებთ ზედმეტი წვალებისგან და საყვარელი კერძის მომზადების პროცესს დააჩქარებს.
როგორი კომბოსტო ავარჩიოთ ტოლმისთვის
დიასახლისების უმეტესობა სწორედ თეთრ კომბოსტოს ირჩევს ტოლმის მოსამზადებლად. თუმცა ფარშის შეხვევა პეკინურ და სავოიას კომბოსტოშიც შეიძლება. ამ ინგრედიენტის არჩევისას, ყურადღება უნდა გაამახვილოთ რამდენიმე კრიტერიუმზე, რათა კერძი 100%-ით გემრიელი გამოვიდეს.
სირბილე. რა თქმა უნდა, ტოლმის იდეალურად შეხვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ ფოთოლი იდეალურად რბილი იქნება. სხვა შემთხვევაში, ის შიგთავს კარგად ვერ შეაკავებს და ხარშვის პროცესში შეიძლება გარეთ გამოვიდეს.
წვენი. რაც უფრო წვნიანია ფოთლები, მით უფრო გემრიელი გამოდის ტოლმა. ეს ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მივირთმევთ არა მხოლოდ შიგთავსს, არამედ გარეკანსაც.
მტვრევადობა. თუ ფოთლები ტყდება და იმსხვრევა, თქვენ უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ მათ დასარბილებლად. ზოგჯერ კომბოსტოს ხარშვაც კი არ შველის სიტუაციას.
კომბოსტოს ზომა. თუ კომბოსტოს თავი ძალიან დიდია, ამ შემთხვევაში იზრდება ფოთლების მტვრევის ალბათობა. ამასთან, მათი მოხვევა მოუხერხებელია და ტოლმა შეიძლება ან ძალიან დიდი ზომის გამოვიდეს, ან კომბოსტოს ძალიან სქელი ფენით. რა თქმა უნდა, ფოთლების დაჭრა შესაძლებელია, მაგრამ ამას დამატებითი დრო დასჭირდება. კომბოსტოს თავის იდეალური ზომაა – 1 კგ-დან 1,5 კგ-მდე.
ხრიკი, როგორ მოვამზადოთ კომბოსტო ტოლმისთვის
კომბოსტოს მომზადების პროცესი უნდა დავიწყოთ მისი გასუფთავებით. კომბოსტო კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ და მოაშორეთ რამდენიმე ზედა ფოთოლი (ისინი ჩვეულებრივ დამჭკნარი და დაზიანებულია). ამის შემდეგ ამოჭერით უხეში ღერო, რათა ფურცლები მარტივად მოშორდეს ძირს.
საკმაო სიღრმის ქვაბი შეავსეთ წყლით და აადუღეთ. ადუღებულ წყალში მოათავსეთ კომბოსტოს თავი, ქვაბს დააფარეთ თავსახური და ხარშეთ 1,5 – 2 წუთის განმავლობაში. თუ წყალი კომბოსტოს მთლიანად არ ფარავს, ხარშვის დროს ამოატრიალეთ.
ამის შემდეგ კომბოსტო ამოიღეთ და ცოტა გააგრილეთ, რათა თითები არ დაგეწვათ. ფრთხილად მოხსენით ფურცლები, ეცადეთ არ დააზიანოთ. შემდეგ სათითაო ფოთოლს მოაჭერით უხეში ნაწილები. მზადაა!
როგორც ხედავთ, კომბოსტოს მომზადების ეს მეთოდი ძალიან ცოტა დროს მოითხოვს. უკვე რამდენიმე წუთში შეძლებთ მომზადების მომდევნო ეტაპზე გადასვლას. ეს ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია დაკავებული დიასახლისებისთვის.