რეალურად, რამდენად სასარგებლოა ყავა?

254
photo by piqsels

“ბევრი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ყავა ავლენს მრავალ სასარგებლო თვისებას ტვინთან, ნივთიერებათა ცვლასთან, გულთან და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით. თუმცა, ამავდროულად, ყავის დალევა ყველასათვის არ შეიძლება.” – წერს პორტალი Focus.de

დღეისათვის არსებული სამეცნიერო მონაცემები მოწმობენ: უკოფეინო ყავასაც კი შეუძლია დადებითი, თუმცა უფრო სუსტი ეფექტის მოცემა, ვიდრე კოფეინისშემცველ სასმელს. ეს დაკავშირებულია ანტიოქსიდანტებთან, რომლებსაც ყავა შეიცავს, – განსაკუთრებით, ქლოროგენულ მჟავებთან. აღნიშნული ნივთიერებები არამხოლოდ ხელს აუმჯობესებს ყავის ღრმა გემოს, არამედ ძალიან ეფექტურია თავისუფალი რადიკალების (მოლეკულები, რომლებიც ანადგურებს უჯრედულ მთლიანობას და იწვევს ანთებას, რომელიც ასოცირდება კიბოს განვითარებასთან) წინააღმდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს გამოკვლევი საერთაშორისო სააგენტოს (IARC) დასკვნის თანახმად, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ყავა უზრუნველყოფს ღვიძლისა და საშვილოსნოს კიბოსგან დამცავ მოქმედებას. თავის მხრივ, აშშ-ელმა და ებრაელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ყავის მოხმარება ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს.

გარდა ამისა, ყავა გვიცავს პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებებისგან.

რა რაოდენობით დავლიოთ ყავა? საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ევროპულმა სამმართველომ განაცხადა, რომ დღესი 400 მგ კოფეინი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, კოფეინისა და ყავაში არსებული ქლოროგენული მჟავის მოხმარება ყველასთვის არ შეიძლება. მეცნიერების თქმით, ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმს გენეტიკურად არ აქვს ყავის ნორმალურად ათვისების უნარი – გვერდითი მოვლენების სახით, მათ უჩნდებათ გახშირებული გულისცემა და მუცლის ტკივილი.

ყავა ყოველთვის ვერ ავლენს მისგან მოსალოდნელ მასტიმულირებელ ეფექტს. ნეირობიოლოგი სტივენ მილერი ხსნის, რომ ყავას მასტიმულირებელი ეფექტი მხოლოდ იმ პირობით აქვს, თუ მას შესაფერის დროს სვამენ. მაგალითად დილით, 8-9 საათებს შორის, ყავას არ შეუძლია ჩვენი გამოფხიზლება, რამდენადაც ამ დროს ორგანიზმში ბუნებრივადაა დაცული კორტიზოლის მაღალი დონე, კოფეინი კი ბევრს ვერაფერს გააკეთებს. ამავე მიზეზით, ექიმი მილერის თქმით, არ უნდა დავლიოთ ყავა 12-13 საათებსა და 17:30-18:30 საათებს შორის. იდეალური დრო ყავის დასალევად გახლავთ დილის 9:30-11:30.

ორგანიზმისთვის ყავას ყველაზე არსებითი სარგებელი მოაქვს იმ შემთხვევაში, თუ დღეში არაუმეტეს 3-4 ფინჯანს დალევთ – დიდი რაოდენობით სასმელს არავითარი სარგებელი არ მოაქვს.

-“მეტა-კვლევამ, რომელიც ჰარვარდში თითქმის 1.3 მილიონ ადამიანზე ჩატარდა, დაადგინა: ადამიანებს, რომლებიც დღეში 3-4 ფინჯან ყავას სვამდნენ, გულ-სისხლძარღვთა დაადებების განვითარების ყველაზე დაბალი რისკი ჰქონდათ. ნებისმიერში, ვინც დღეში 5 ან მეტ ფინჯან ყავას მიირთმევდა, პირიქით, იზრდებოდა ამ დაავადებების რისკი. თუმცა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ყველაზე დიდი რისკი დაფიქსირდა იმ ადამიანებში, რომლებიც ყავას საერთოდ არ მიირთმევდნენ.” – წერენ მეცნიერები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს