ჯანმრთელი, ენერგიული და გამხდარი რომ იყოთ, საჭიროა სწორი კვება. მის შესახებ უამრავჯერ დაიწერა. სპეციალისტები გვირჩევენ მრავალფეროვანი, ნატურალური საკვების მიღებას.
იდეალური ვარიანტია ფერადი ბოსტნეულისა და ხილის მოხმარება. მაინც, როგორ მოქმედებს ხილ-ბოსტნეულის ფერი ჩვენს ორგანიზმზე?
ნარინჯისფერი – ამ ფერის პროდუქტი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომლისგანაც A ვიტამინი წარმოიქმნება. ბეტა-კაროტინი იცავს ორგანიზმს კიბოს უჯრედების გაჩენისა და ზრდისგან, ასევე, ხელს უშლის გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს. რამდენადაც ბეტა-კაროტინი ცხიმხსნადია, ყველა ნარინჯისფერ ბოსტნეულს უნდა დაუმატოთ მცენარეული ზეთი, მიირთვათ მოხარშული ან მოთუშული.
წითელი – შეიცავს ლიკოპენს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების ეფექტური პროფილაქტიშკური საშუალებაა, განსაკუთრებით, პროსტატისა და საშვილოსნოს კიბოს დროს. ლიკოპენი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აღკვეთს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
იისფერი – შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს – ფლავონოიდებს, რომლებიც უჯრედებში E ვიტამინის დაგროვებას უწყობს ხელს. იისფერი ნაყოფის მიღება – ესაა კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა. განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარხალი – იგი ბოსტნეულთაგან ერთადერთია, რომელიც წმენდს ორგანიზმს რადიონუკლიდებისა და მძიმე მეტალებისგან. იისფერი ნაყოფი მიიღეთ უმად ან ღუმელში გამომცხვარი.
ყვითელი – ეს ნაყოფებიც მდიდარია ბიოფლავონოიდებით, თუმცა, ცოტათი განსხვავებულად მოქმედებს. მათი მიღება სასარგებლოა უმად ან გამომცხვარი სახით. თუ უმ კარტოფილს დახეხავთ და მიირთმევთ, იგი დაგეხმარებათ წყლულოვანი დაავადებების დროს, ხოლო გამომცხვარი ბოსტნეული სასარგებლოა როგორც საჭმლის მონელებისთვის, ისე მთელი ორგანიზმისთვისაც.
მწვანე ხილი და ბოსტნეული შეიცავს ქლოროფილს, რომელიც შეუცვლელია სისხლის, ღვიძლის, შუბლ-ცხვირის უბის გაწმენდის პროცესში. ქლოროფილი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მწვანე ნაყოფი მიირთვით უმად ან უმნიშვნელოდ დამუშავებული სახით.