ნიგოზი ორგანიზმს უმნიშვნელოვანესი ნივთიერებებით ამდიდრებს.

978
ფოტო: Th G on Pixabay

მარხვის დაწყებისას ბევრი ადამიანი რელიგიური მიზეზის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხორცის, რძის პროდუქტების და კვერცხის მიღებას წყვეტენ. ამით კი ცილების მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება. ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის ამ ნივთიერებების უზარმაზარი როლი შეგიძლიათ შემდეგი ფაქტებით დაადასტუროთ: მეცნიერები ცილებს პროტეინებს უწოდებენ, რაც ნიშნავს პირველს, ყველაზე მნიშვნელოვანს. მეორეც, ორგანიზმი 35% მყარ ნივთიერებებს შეიცავს, 85% კი ცილებია, რომლებიც არა მხოლოდ ახალი უჯრედების საშენი მასალა, არამედ ორგანიზმში ათასობით ქიმიური რეაქციის მაკონტროლებელი საშუალებაა.

სწორედ ამიტომ, ამ მნიშვნელოვანი ნივთიერებების სხვა წყაროს პოვნა საჭიროა, რომ სხვადასხვა ორგანო და სისტემა არ დავაზიანოთ. აქ ყველაზე შესაფერისი პროდუქტი კაკალია, ჩვეულებრივი ნიგოზი, რომელსაც დედაბუნება უხვად გვაძლევს.

ნიგვზის ბირთვი 20%-მდე ცილებს შეიცავს ყველა საჭირო ამინომჟავით. ამასთან, მასში შედის E, F, C, P ვიტამინები, ტოკოფეროლები და მდიდარი მინერალური კომპლექსი, კერძოდ რკინა, კობალტი, ფოსფორი, ფთორი და სპილენძი. ამის გათვალისწინებით, ნიგოზს არა მხოლოდ მდიდარი კვებითი ღირებულება, არამედ სამკურნალო მნიშვნელობაც გააჩნია: ის ორგანიზმის დამცავ თვისებებს აძლიერებს, თავის ტვინის მუშაობას სტიმულირებს, კუნთოვან აპარატს ააქტიურებს, სურდოს, სიმსივნის, თრომბოფლებიტის, ათეროსკლეროზის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სიბერის და სხვა უსიამოვნების პროფილაქტიკას წარმოადგენს.

ცნობილი უკრაინელი ექიმი-ფიტოთერაპევტი, პროფესორი ფედორ მამჩური წერს: „თუ ერთ კილოგრამ ნიგოზს სხვა პროდუქტს შევადარებთ, დაინახავთ, რომ კვებითი ღირებულებით ერთად აღებული 1 კგ ხორცის, თევზის, 1 ლ რძის, 1 კგ პურის, კარტოფილის და მსხლის ექვივალენტია. კაკლის ბირთვი კალორიულობით პურზე 3-ჯერ უფრო მკვებავია, კარტოფილზე – 7-ჯერ, რძეზე – 11-ჯერ, ხოლო სხვადასხვა ბაღის კულტურის ნაყოფზე – დაახლოებით 15-ჯერ.

ლობიო ნიგვზის საწებლით. 2 ჭიქა მოხარშული ლობიო თასში მოათავსეთ და საწებელი მოასხით. მის მოსამზადებლად 5 ნიგოზს მდუღარე წყალი დაასხით, კანი მოაშორეთ, ტაფაზე მოხალეთ და დააქუცმაცეთ. 25 გრ მდოგვი 35 გრ შაქარს აურიეთ, 1 ს/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, შემდეგ კაკალი დაუმატეთ. მზა კერძი სუფრაზე გატანამდე ოხრახუშით მორთეთ.

სტაფილოს სალათი. 2 სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ, 2 ვაშლი ზოლებად დაჭერით, ყველაფერი 1 ს/კ თაფლს, ლიმონის ცედრას და ნახევარი ლიმონის წვენს აურიეთ. სასალათეში მოათავსეთ და 2-3 ს/კ შემწვარი ნიგოზი მოაყარეთ.

ზამთრის სალათი. მსხვილ სახეხზე გახეხილ სტაფილოს 3 ს/კ კომბოსტოს მწნილი, 1 ს/კ კომბოსტოს მარილწყალი, 1 ს/კ გახეხილი ბოლოკი, 2 ს/კ მცენარეული ზეთი და 2 ს/კ შტოშის წვენი, 5 დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ.

ჭარხლის სალათი. 200 გრ ორთქლზე მოხარშული ჭარხალი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, 2 ს/კ დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ, 1 ს/კ მცენარეული ზეთით და 2 კბილი გახეხილი ნივრით მორთეთ.

ჭარხლის და შავქლიავის სალათი. 500 გრ გამომცხვარი ან მოხარშული ჭარხალი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და ძმარი მოასხით. 140 გრ წინასწარ ორთქლით დამუშავებული შავქლიავი და 8 ცალი შემწვარი, დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ. მცენარეული ზეთით, მარილით და შაქრით მორთეთ.

სალათი ქამა სოკოთი. 3 მწვანე სალათის ფურცელი თხელ ზოლებად დაჭერით, 100 გრ მოხარშული ქამა სოკო თხელ ნაჭრებად, 60 გრ კაკალი დააქუცმაცეთ. ყველაფერი აურიეთ, მცენარეული ზეთის, მარილის და წიწაკის ნარევი მოასხით, გააგრილეთ.

გოგრა ნიგვზით. 1 კგ კუბებად დაჭრილი გოგრა 50 მლ მცენარეულ ზეთში შეწვით, თავსახური დაახურეთ და დარბილებამდე მიიყვანეთ, გააგრილეთ. სუფრაზე საწებელთან ერთად გაიტანეთ: 175 გრ ნიგოზი დააქუცმაცეთ, მარილი და 3 ს/კ ძმარი, 2 კბილი დანაყული ნიორი, ასევე სანელებლები აურიეთ.

კაკლის მაიონეზი. კაკალი მცირე რაოდენობით მცენარეულ ზეთთან ერთად დანაყეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. კიდევ ცოტა ზეთი (1 ს/კ მასას 2 ს/კ ზეთი) დაუმატეთ. კარგად ათქვიფეთ, ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. მომზადების შემდეგ იმწამსვე მიირთვით.

კაკლის ნამცხვარი ჯემით. 1 ჭიქა ჯემი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით, ნახევარი ჭიქა მცენარეული ზეთი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჩ/კ სოდა და დარიჩინი, ცოტა დაქუცმაცებული მიხაკი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 1 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი და 2 ჭიქა ფქვილი დაუმატეთ. გამომცხვარი ნამცხვარი გააგრილეთ, ნაჭრებად დაჭერით და შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ახლა რამდენიმე კერძის რეცეპტი ჩვეულებრივი სუფრისთვის

კაკლის რძე. 2 ნიგოზი დანაყეთ, 200 მლ რძე 10 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ და 10 გრ შაქარი დაუმატეთ. ნახევრად თბილი დალიეთ.

სალათის მოსართავი. 1 ჭიქა არაჟანს 1 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი და 3-4 კბილი ნიორი, 1 ს/კ ოხრახუში, კამა, 2 ს/კ მცენარეული ზეთი და მარილი დაუმატეთ. ბოსტნეულის სალათი მორთეთ.

ბუტერბროდები კაკლის პასტით. ბატონის პურს (სასურველის წინა დღის) ქერქი მოაჭერით, მართკუთხედის ფორმა მიეცით, 4 ნაწილად გაჭერით. 2 ნაწილს 100 გრ კარაქი წაუსვით და პასტით დაფარეთ: 2 ჭიქა ნიგოზი, 5 კბილი ნიორი და 2 ს/კ მაიონეზი და მდნარი ყველის ნარევს აურიეთ, ზემოდან პურის ნაჭრები დააფარეთ. პარკში შეახვიეთ და მაცივარში 1-2 საათით გააჩერეთ. გამოყენების წინ ერთნაირ ზომებად დაჭერით, შეგიძლიათ ჩხირები ჩაარჭოთ.

პატარა ორცხობილა. 200 გრ რბილი კარაქი, 1 ჭიქა გაცრილი შაქრის პუდრა და 2 გრ ვანილის შაქარი 5-10 წუთით ათქვიფეთ, თანდათანობით 3 კვერცხი დაუმატეთ, შემდეგ 2 ჭიქა სიმინდის ფქვილი და 10 დაფქული ნიგოზი. მზა ცომი კიდევ 3-5 წუთით ათქვიფეთ. ჩაის კოვზით ცომი მშრალ ტაფაზე გადაიტანეთ, 200-220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 8-10 წუთით აცხვეთ.

ხბოს ხორცი ნიგვზით. 1,5 კგ ხორცი სამი ნაწილად გაჭერით, მარილი მოაყარეთ, ქონში შეწვით და ჭურჭელში მოათავსეთ, წიწაკა მოაყარეთ და 100-100 გრ რგოლებად დაჭრილი სტაფილო და ხახვი მოაყარეთ. 200 მლ თეთრი მშრალი ღვინო დაასხით და მომზადებამდე ხარშეთ. ჯერ კიდევ თბილი ხორცი ნაჭრებად დაჭერით. თითოეულ ხორცის ნაჭერს კაკლის, რამდენიმე სუფრის კოვზი არაჟნის, მარილის და წითელი წიწაკის ნარევი წაუსვით. მოთუშული ბოსტნეული საწურში გახეხეთ, ხორცის მოთუშვის დროს წარმოქნილ სოუსს აურიეთ, 100 მლ არაჟანი დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ, შეათბეთ და მზა ხორცის კერძს დაასხით. სუფრაზე მოხარშულ ბრინჯთან და ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად გაიტანეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს