ორგანიზმის გაწმენდა „ვაშლით“

1483
ფოტო: publicdomainpictures

ყველა ხილს შორის ვაშლი ყველაზე გავრცელებული საკვები პროდუქტია. მისგან ამზადებენ ჯემს, კომპოტს, მურაბას, პოვიდლოს, ყველა სახის სასმელს ან უბრალოდ წურავენ და ა.შ. ვაშლი უძველესი დროიდან ცნობილი და ნამდვილად ღირებული ხილია. მას ორგანიზმიდან წიდები და ტოქსინები გამოაქვს, მავნე ქოლესტერინს შლის, რადიაციის მიმართ ორგანიზმის გამძლეობას ზრდის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ფარისებრი ჯირკვლებისთვის და სხვა ორგანოებისთვის სასარგებლოა. ვაშლი ბევრ გასახდომ დიეტაში მთავარი კომპონენტია.

აღსანიშნავია, რომ ვაშლის ჭამის შემდეგ ცოტა ხნით არაფრის ჭამა ან დალევა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში არა „ვაშლით“ მკურნალობას, არამედ „ვაშლით“ ტანჯვას მიიღებთ, რადგან კუჭში ჭარბი რაოდენობით გაზები წარმოიქმნება, რომელთაც ზიანის მოყენება შეუძლიათ.

მწვავე კოლიტის დროს ყოველდღე 1,5-2,5 კგ ტკბილი სახეობის გახეხილი ვაშლი 5-6 მიღებაზე მიირთვით. ამასთან დღის განმავლობაში სხვა მეტი არაფერი შეჭამოთ. მკურნალობის კურსი 1-3 დღე.

5-6 ვაშლის მარცვალი იოდის ყოველდღიური მოხმარების ნორმას დააკმაყოფილებს.

გასუქების, ჰიპერტონიის და შეშუპების დროს ვაშლის განტვირთვის დღე უნდა მოაწყოთ. კვირაში ერთხელ დღის რაციონი მხოლოდ 1-1,5 კგ ვაშლისგან უნდა შედგებოდეს.

ვაშლის თერაპია მარტივი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მეთოდია ბავშვებში მწვავე ფაღარათის დროს. ბავშვის ასაკის მიხედვით (2-დან 10 წლამდე) დღეში 600-დან 1500 გრ ვაშლის უშაქრო პიურე მიეცით, ამასთან მხოლოდ ჩაი უნდა დაალევინოთ. 3 დღიანი ასეთი დიეტის შემდეგ, ბრინჯის ნახარში, ორცხობილა, კვერცხის ცილა და ცოტა ხილის წვენი ან ვაშლის პიურე ინიშნება, რომელიც თანდათანობით ნორმალურ კვებაზე უნდა გადავიდეს.

როგორც მსუბუქი საფაღარათო საშუალება რძეში მოხარშული ვაშლი კარგად მოქმედებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში: 2 ვაშლი 1 ჭიქა რძესა და 0,5 ჭიქა წყალში 5 წუთით ხარშეთ. საუზმეზე მიიღეთ.

ყაბზობის დროს გამომცხვარი ვაშლი შესანიშნავად დაგეხმარებათ. საკმარისია 1 ვაშლი ძილის წინ და დილით შეჭამოთ და ნაწლავების სწორი მუშაობა გარანტირებული გექნებათ.

ქრონიკული ყაბზობის დროს საუზმეზე ვაშლის და უმი კომბოსტოს ჭამა სასარგებლოა. კომბოსტო და ვაშლის სახეხზე გახეხეთ ან ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. გაუმჯობესებას 1-2 კვირის შემდეგ შეამჩნევთ. საფაღარათო ეფექტის გასაძლიერებლად უმი გახეხილი ჭარხლის პატარა ნაჭერი დაუმატეთ.

ანემიის შემთხვევაში რეკომენდებულია დღის განმავლობაში 400-600 გრ ნაყოფი მიირთვათ. გაითვალისწინეთ, რომ ვაშლის რამდენიმე ნაჭრად უნდა გაჭრათ და მუქი ნადებით დაფარვას დაელოდოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზედაპირზე ვაშლისმჟავა რკინა წარმოიქმნა, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს.

ვაშლის (მაგალითად, ანტონოვკა) ხმელი ქერქისგან შეგიძლიათ შარდმდენი საშუალება მოამზადოთ: 1 ს/კ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 5-10 წუთით დააყენეთ. შაქრის დამატებით ან მის გარეშე 0,5 ჭიქა ნაყენი დღეში 5-6-ჯერ ჭამამდე დალიეთ.

შარდკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმის, გასტრიტის, ენტეროკოლიტის, ათეროსკლეროზის, ხველის დროს: 3 გაუთლელი ვაშლი დაჭერით, 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, გემოვნებით შაქარი დაუმატეთ. დღის განმავლობაში ჩაის სახით დალიეთ.

თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭის და ქვიშის მოშორებას ვაშლის დიეტის დახმარებით შეძლებთ: დილის 8 საათზე 240 მლ და 10, 12, 14, 16, 18 და 20 საათზე 480 მლ ვაშლის წვენი დალიეთ. 2 დღიანი ასეთი დიეტის დროს სხვა არაფერი შეჭამოთ. დღის ბოლოს საფაღარათო ბალახების ნახარში დალიეთ. გამონაკლის შემთხვევაში თბილი წყლით ოყნა გაიკეთეთ. შემდეგ თბილი აბაზანა (უსაპნოდ) მიიღეთ. მე-3 დღე დილის 8 საათზე 480 მლ ვაშლის წვენი დალიეთ, 30 წუთის შემდეგ 120 მლ სუფთა ზეითუნის ზეთი და 1 ჭიქა გაზავებული ვაშლის წვენი. თუ სისუსტეს იგრძნობთ, დაწექით და დაისვენეთ – ჩვეულებრივ 1-2 საათში ორგანიზმიდან კენჭების გამოსვლა დაიწყება (ასეთი მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით ექიმს უნდა მიმართოთ).

ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, სიმსუქნის, ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს რეკომენდებულია 0,5 ჭიქა ვაშლის წვენი ჭამამდე 15-30 წუთით ადრე დალიოთ.

ვაშლის წვენი რბილობთან ერთად და ვაშლის ნახარში ( 1 ნაწილი ნაყოფი 5 ნაწილ წყალზე) ორგანიზმიდან რადიონუკლიდებს გამოდევნის.

გახეხილი ვაშლის კომპრესები კანის ანთების, დამწვრობის, გაყინვის და მიშვებული წყლულების დროს მშვენივრად დაგეხმარებათ.

ტკბილი სახეობის ვაშლი კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს სასარგებლოა. შესაბამისად, მჟავე სახეობის ვაშლი დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს დაგეხმარებათ. ვაშლი სჯობს გახეხოთ და დილით შეჭამოთ. ამის შემდეგ დაახლოებით 11 საათზე ისაუზმეთ. ღამით ვაშლის ჭამა არ შეიძლება. გაზების ზრდა მდგომარეობას მხოლოდ გაამწვავებს. პირველი თვის განმავლობაში ვაშლი ყოველდღე ასე მიიღეთ. მე-2 თვეს – კვირაში 2-3-ჯერ, მე-3 თვეს – კვირაში ერთხელ.

ამ წვნიანი ხილით შეგიძლიათ კბილის ჩხირები ჩაანაცვლოთ. რაც მთავარია, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს – საკმარისია, უზმოზე 1 ვაშლი შეჭამოთ და კბილის ემალი კარიესის გამომწვევი ნადებისა და მიკრობებისგან ბუნებრივი გზით გაიწმინდება. გარდა ამისა, ღრძილების მასაჟი ხდება, რომელიც სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს.

ვარიკოზული ვენების დროს რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღე თანაბარი პორციებით 2 ჭიქა თბილი კომპოტი დალიეთ, რომელიც ამ რეცეპტით მზადდება: 4 გაუთლელ, დაჭრილ ვაშლის ნაჭრებს 1-1,5 ლ წყალი დაასხით, 15 წუთით ადუღეთ და გემოვნებით შაქარი დაუმატეთ. ეს რეცეპტი ეფექტურია სპასტიკური კოლიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის, რევმატიზმის და პოდაგრის დროს.

ნერვული სისტემის გასაძლიერებლად დღის განმავლობაში ვაშლის ნაყენის დალევა სასარგებლოა: ვაშლი თხელ ფირფიტებად დაჭერით, მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ.

შარდკენჭოვანი დაავადების, პოლიართრიტის, ეგზემას დროს მწვანე სახეობის ვაშლის ქერქი გაახმეთ და ფხვნილის სახით დაფქვით. 1 ს/კ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით დააყენეთ. 0,5 ჭიქა დღეში 2-ჯერ დალიეთ: დილით – უზმოზე, საღამოს – ძილის წინ.

ქრონიკული ნეფრიტის დროს ხალხური მედიცინა ვაშლის ნახარშის (ველური ვაშლი) მიღებას 1-2 წლის განმავლობაში გირჩევთ: პირველი სამი თვე 1 ჭიქა ნახარში დღეში 2-3-ჯერ, შემდეგ კი 1 ჭიქა ნახარში დღეში 1-2-ჯერ.

გულძმარვის დროს ჩვეულებრივი საკვები სოდის ნაცვლად შეგიძლიათ 1 გასუფთავებული ვაშლი შეჭამოთ.

თუ ხველა გაწუხებთ გახეხილი ხახვის, ვაშლის და თაფლის ნარევი მოამზადეთ – თითოეული თანაბარი პროპორციით აიღეთ. 1 ს/კ საშუალება დილით, შუადღეს და საღამოს დალიეთ.

ახალი ვაშლი შესანიშნავი ნაღვლმდენი საშუალებაა. 2-3 ნაყოფი დღეში ერთხელ შეჭამეთ: პექტინის, მაგნიუმის და ასკორბინის მჟავის დაბალანსებული თანაფარდობა ნაღვლის გადინებაზე კარგ გავლენას ახდენს, ხოლო ნაღვლის სადინარები იწმინდება.

ყურადღება! მჟავე სახეობის ვაშლი უკუჩვენებულია ჰიპერაციდული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სანაღვლე გზების დისკინეზიის შემთხვევაში. ხოლო თუ ჰიპოაციდური გასტრიტი, სპასტიური კოლიტი და სანაღვლე გზების ჰიპოკინეტიკური დისკინეზია გაწუხებთ, ტკბილი ვაშლის სახეობის მიღებას თავი უნდა აარიდოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს