ორქიდეა საკმაოდ პრეტენზიული ყვავილია, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუმცა, იგი ამისთვის მადლობას განსაკუთრებულად გადაგიხდით: ყვავილობას 6 თვემდე არ შეწყვეტს და თავისი სილამაზით გაგახარებთ.
მცენარის განვითარებისთვის რამდენიმე პირობის კომბინაციაა საჭირო. მათ შორისაა კარგი ნიადაგი, საკმარისი რაოდენობის წყალი, ჰაერის მისაღები ტენიანობა, შესაფერისი განათება და სასუქი.
ქოთნის ორქიდეას მოვლა
1. მორწყვა
ამ ყვავილს არ უყვარს წყალში ყოფნა. მისთვის საკმარისია წელიწადის თბილ დროებში კვირაში, ხოლო ცივში – ორ კვირაში ერთელ მორწყვა. იმის შესახებ, ჰყოფნის თუ არა მცენარეს წყალი, მოგიყვებათ მისი ფოთლები.
თუ მცენარეს წყალი არ ჰყოფნის, ფოთლები დაიჭმუჭნება და გაუწყლოვდება, ხოლო ზედმეტი წყლის შემთხვევაში – გაღიავდება. თუ ორქიდეა გაყვითლდა, ესე იგი, წყალი საკმარისზე მეტია. სარწყავი წყალი უნდა იყოს გაფილტრული ან გადადუღებული და აუცილებლად თბილი – დაახლოებით 25 °C.
2. განათება
ყვავილს უყვარს ნათელი, გაფანტული შუქი. მას მოეწონება იმ ფანჯრის რაფაზე შემოსკუპება, რომელიც სამხრეთით იყურება. არავითარ შემთხვევაში არ დადგათ ორქიდეა ფანჯრიდან შორს, რაღაც ბნელ ადგილას. თუ განათება არ იქნება საკმარისი, ორქიდეას ფოთლები გამუქდება, ყვავილის კვირტები კი ჩამოცვივდება.
3. ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა
ორქიდეას ბუნებრივი საარსებო არეალი ტროპიკებია, რომლებშიც ჰაერის ტენიანობა 50-80%-ს აღწევს. იმისათვის, რომ მსგავსი პირობები ბინაში შექმნათ, უნდა გამოიყენოთ ჰაერის დამატენიანებელი, ბადიანი ქვესადგამის სახით. ზაფხულში კი მცენარეს ყოველდღე წყალი უნდა შეაშხეფოთ. სასურველია დილით, რათა წყალი მზის ჩასვლამდე აორთქლდეს.
4. სასუქი
ეს მცენარე ჩვენთვის ჩვეულ შავ ნიადაგში კი არა, ფიჭვის ქერქში ხარობს. იგი ყვავილების მაღაზიაში იყიდება და, უმეტესწილად, ახლავს ყვავილის კვებისთვის აუცილებელი კომპონენტები: ხავსი, ხის ნახშირი, ტორფი, გვიმრის ფესვი. ასეთ სუბსტრატში მცენარე 6 თვეში ერთხელ უნდა გადარგოთ. გადარგვის შემდეგ, ახალი მკვებავი ნივთიერებების წყალობით, ორქიდეა უფრო სწრაფად ხარობს.
ასევე, გთავაზობთ ალექსეი გორობეის გამოცდილებასაც. იგი სახლში შესანიშნავ ორქიდეებს ზრდის. ამისთვის მხოლოდ გამჭვირვალე ქოთანს იყენებს, რათა ფესვებმა საკმარისი სინათლე მიიღონ, ხოლო თავად ასე მათ მდგომარეობას აკონტროლებს. ფესვები ცუდ პირობებზე ყველაზე პირველები რეაგირებენ. თუ დროულად მიხვდებით, რომ მათ რაღაც სჭირთ, მცენარის გადარჩენა შესაძლებელი იქნება.